პოლიტიკა

ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არცერთ ასპექტში არ არის იმაზე უხეში, ვიდრე მისი ამერიკული ანალოგი – “ხალხის ძალა”

მოძრაობა “ხალხის ძალა” მორიგ განცხადებას ავრცელებს.

“თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტი არცერთ ასპექტში არ არის იმაზე უხეში, ვიდრე მისი ამერიკული ანალოგი. მეტიც, როგორც უკვე აღინიშნა, ამერიკული კანონისგან განსხვავებით, ჩვენი კანონპროექტი სრულად თავსებადია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. შემაშფოთებელია, რომ ამასთან დაკავშირებით სიცრუე რამდენიმე დღის წინ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს გააჟღერებინეს.

რაც შეეხება რუსულ კანონს და მასთან ჩვენი კანონპროექტის შედარებას – გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები სრულიად შეგნებულად ეწევიან.

რუსული კანონი ითვალისწინებს არა მხოლოდ უცხოელი აგენტებად რეგისტრირებული სუბიექტების საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, არამედ მათთვის აწესებს მკაცრ შეზღუდვებსაც. კერძოდ, დგინდება დამატებითი ბარიერები შესაბამისი გაერთიანების რეგისტრაციისთვის, უცხოელებს ეკრძალებათ ამ გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობა, ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში 6 თვით შეაჩეროს გაერთიანების საქმიანობა, გაერთიანებას ეკისრება დამატებითი საგადასახადო ტვირთი და ა.შ. გარდა ამისა, რუსული კანონის თანახმად, უცხოელ აგენტად რეგისტრაციისთანავე, ხორციელდება სუბიექტის სავალდებულო წესით მარკირება როგორც თავად ამ სუბიექტის, ისე სხვა ორგანიზაციების, მათ შორის მედიასაშუალებების მიერ.

ამ ფონზე, ჩვენი კანონპროექტის შედარება რუსულ კანონთან არის სამარცხვინო და ბინძური სპეკულაცია, რომელსაც პასუხგაუცემელს ვერ დავტოვებდით”, – აცხადებს “ხალხის ძალა”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close