Sliderპოლიტიკა

“შეხვედრა ათონელის ქუჩაზე, ანუ ბრეხტის ”კავკასიური ცარცის წრე”!

პრეზიდენტის რეზიდენციაში ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს

“შეხვედრა ათონელის ქუჩაზე,ანუ ბრეხტის ”კავკასიური ცარცის წრე”!
პოზიცია-ოპოზიცია, ვის დაგრჩებათ, ”ბავშვი”- ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო” – ასე აფასებს ჟურნალისტი იამზე კიკნაძე ათონელის ქუჩაზე გამართულ შეხვედრას.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც ესწრებიან.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდნენ ირმა ინაშვილი, გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, სალომე სამადაშვილი, ალეკო ელისაშვილი, მამუკა ხაზარაძე, შალვა ნათელაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, სანდრო რაქვიაშვილი, ხათუნა სამნიძე და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები.
დავით ბაქრაძის განცხადებით, ეცდებიან, მოძებნონ ისეთი გამოსავალი, რომელიც ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. ბაქრაძე ამბობს, რომ „უნდა გათავისუფლდნენ ნიკა მელია, გიორგი რურუა და შეწყდეს პოლიტიკური დევნა“.
„დავთანხმდით შეხვედრას მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებით, პრაქტიკულად ხელისუფლებამ დიალოგის კარი დახურა. აქ ვართ და ვეცდებით, მოვძებნოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში უნდა გამოსწორდეს ის, რაც გაფუჭდა წინა კვირაში. მოხდეს ნიკა მელიას გამოშვება, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და გიორგი რურუას გათავისუფლება. ამ ფონზე გავაგრძელოთ საუბარი პოლიტიკურ საკითხებზე. პირველ რიგში, უნდა აღდგეს ის სტატუს-კვო, რომელიც გვქონდა და რომლის პირობებში საუბარი შესაძლებელი იყო. ეს სტატუს-კვო დაარღვია ნიკა მელიას დაკავებამ“, – განაცხადა ბაქრაძემ.
ამასთან, „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ორ კვირაში უნდა ჩამოყალიბდეს ორივე მხარე, რომ მოხდეს შეთანხმება იმ პირობებთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიცია აყენებს.
„ვფიქრობ, ყველა ძალისხმევა უნდა გამოვიყენოთ, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები, დამთავრდეს ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება და დავიწყოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
გარდა ამისა, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის შეფასებით, უნდა მიაღწიონ შეთანხმებას ახალი არჩევნების დანიშვნასთან, საარჩევნო სისტემისა და გარემოს ცვლილებასთან დაკავშირებით.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის პლებისციტი მიუღებლია, ის ისევე გაყალბდება, როგორც არჩევნები გაყალბდა, გამოსავალია ახალი არჩევნების დანიშვნა, მთლიანად საარჩევნო სისტემის, გარემოს შეცვლა“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საღამოს ყველა მხარეს იწვევდა შეხვედრაზე, რადგან ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადასვლის და პოლიტიკური დიალოგის დროა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვედრის ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მზად იყო, დღეს ოპოზიციასთან შეხვედრას დასწრებოდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close