Sliderმსოფლიო

შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს შესაბამისი ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების შესახებ – პუტინის განცხადება

ამბოხის მცდელობაში ყველა დამნაშავე აუცილებლად აგებს პასუხს ხალხისა და კანონის წინაშე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების ბრძანება გასცა.

„გადაჭარბებულმა ამბიციებმა და პირადმა ინტერესებმა ღალატი გამოიწვია. ეს სწორედაც რომ ღალატია – საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და იმ საქმის ღალატი, რომლისთვისაც ჩვენს ნაწილებთან და ქვედანაყოფებთან მხარდამხარ იბრძოდნენ და იღუპებოდნენ „ვაგნერის“ წევრები და მეთაურები. შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს შესაბამისი ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების შესახებ. გვერდით უნდა გადავდოთ ყველაფერი, რაც რუსეთს ასუსტებს. მიღებული იქნება ქმედითი ზომები როსტოვში შექმნილი სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. ვითარება ამ დრომდე რთული რჩება – სამოქალაქო და სამხედრო მართვის ორგანოების მუშაობა პრაქტიკულად ბლოკირებულია. ამბოხის მცდელობაში ყველა დამნაშავე აუცილებლად აგებს პასუხს ხალხისა და კანონის წინაშე“, – აცხადებს პუტინი.

მანამდე შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოატყუა „ვაგნერის“ დაჯგუფება და პირობა დადო, რომ უპასუხებს ამ სისასტიკეს. ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის გადაყენებას ითხოვს.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში უარყვეს პრიგოჟინის განცხადება და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამბოხისკენ მოწოდების მუხლით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close