Sliderსაზოგადოება

“უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და მხოლოდ ის ხელისუფლებაა მისი ხელისუფლება, რომელიც ხალხს კი არ ეუფროსება, არამედ თავს მის მსახურად მიიჩნევს” – ქართველი ემიგრანტები ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავენ

სოცქსელში ქვეყნდება ემიგრანტების ღია წერილი, რომლითაც ისინი საქართველოს პრემიერ  მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ. “პროგრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ განცხადებას:
საქართველოს პრემიერ-მინისტრს,
ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
ბატონო პრემიერ-მინისტრო,
ჩვენ ვეკუთვნით ემიგრანტთა იმ შემადგენლობას, რომელთაც მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ცხოვრებაში დადგა ისტორიული მომენტი, როდესაც ქართველთა და საქართველოს შვილთა ერთობას, მიუხედავად იმისა, სადაც არ უნდა ვიყოთ, სასწაულის მოხდენა შეუძლია მომავლის საქართველოსთვის. ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ დღეს საქართველო ეწირება პოლიტიკურ დაპირისპირებას, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, 30-წლიან პოლიტიკურ დაპირისპირებაში, ქუჩის პოლიტიკაში, ხელისუფლებისთვის ბრძოლაში – ვკარგავთ საქართველოს.
ვიცით, გული გატკინათ ამ შეფასებამ, მაგრამ ეს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი პერიოდის საქართველოს რეალობაა და ჩვენ ასეთი მწარე შეფასების უფლება მოვიპოვეთ უცხოეთში ჩვენი არაადამიანური შრომით. ემიგრანტთა აბსოლუტურ უმრავლესობას ერთი დღეც არ გვიცხოვრია საქართველოს გარეშე. ჩვენ უცხოეთმა გადაგვარჩინა… ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი ოჯახები. საქართველოში დარჩენილებთან ერთად მოვიტანეთ დღევანდელი საქართველო, რომელიც დღეს უფრო მეტად არის გადასარჩენი, ვიდრე ოდესმე.
მთელ მსოფლიოში მიმობნეული ქართველები ვხედავთ, როგორ იზრდება ჩვენი რიგები უცხოეთში ყოველდღიურად და როგორ ივსება საქართველო უცხოელთა მიერ.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაპირებთ შევიკრიბოთ საქართველოში ემიგრანტთა პირველ ყრილობაზე… შევიკრიბოთ არა პოლიტიკური ნიშნით, არა ვინმეს წინააღმდეგ, ან ვინმეს მხარადასაჭერად, არამედ ჩვენს თანამემამულეებთან ერთად დედასამშობლოს, ჩვენი ერთიანი ოჯახის – საქართველოს გადასარჩენად.
ჩვენი მიზანია, თანამემამულეებთან, მეცნიერებთან, ინტელიგენციის და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან ერთად, გავაკეთოთ დიდი შემოძახილი საქართველოსთვის, ხელისუფლებისა და პოლიტიკურ პარტიათა გასაგონად: ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა დასრულდეს და უნდა დაიწყოს სოლიდარული მოძრაობა ქვეყნის გადასარჩენად. ჩვენ ყველამ, დიდმაც და პატარამაც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და მხოლოდ ის ხელისუფლებაა მისი ხელისუფლება, რომელიც ხალხს კი არ ეუფროსება, არამედ თავს მის მსახურად მიიჩნევს.
დიდმა მამულიშვილებმა „მოქმედების მანიფესტში – ერთი სამშობლო, ერთიანი ერი, გაერთიანებული სახელმწიფო“ დიდი ქართული ჩანაწერი გააკეთეს: „ჩვენ გვინდა ისეთი ქვეყანა, სადაც ქვეყანას მართავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება – ხელისუფლებას მართავს საზოგადოება – საზოგადოებას მართავს ინტელექტი და ზნეობა.“ სწორედ ეს არის მეცნიერული და ეროვნულ სახელმწიფოებრივი აზროვნების შერწყმა, რომლის საფუძვლები ჯერ კიდევ საუკუნეების წინ შექმნა დავით აღმაშენებელმა გელათის აკადემიის დაარსებით.
ჩვენ ვთვლით, რომ წლევანდელმა შემოდგომამ უნდა გააკეთოს არჩევანი, როგორი ქვეყანა გვინდა – ფულისუფლებისა და პრიმიტიული აზროვნების, თუ ნიჭის ძალაუფლების და მეცნიერების. ჩვენ მეორეს ვირჩევთ. დარწმუნებული ვართ, თქვენც იგივე პოზიცია გაქვთ. ამის დასტური იქნება თქვენი მონაწილეობა ემიგრანტთა და საზოგადოების წარმომადგენელთა ყრილობის მუშაობაში, რომელიც შედგება 21 სექტემბერს, ღვთისმშობლობას. სასურველია, ის შედგეს თქვენი პატრონაჟით და მეცნიერების მხარდაჭერით, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ან სპორტის სასახლეში. დარწმუნებული ვართ, ხელისუფლება გამოძებნის სახსრებს დარბაზის არენდისათვის, სხვას ჩვენ არაფერს ვითხოვთ.
. თუ თქვენი პასუხი პოზიტიური არ იქნება, ჩვენ ამ შეხვედრას ჩავატარებთ მცხეთაში, ღია არენაზე. თუ ამაზეც უარს მივიღებთ, სადმე მინდორში შევიკრიბებით, და ყველას გასაგონად ვიმსჯელებთ საქვეყნო პრობლემებზე. განვიხილავთ როგორც მეცნიერთა მიერ მომზადებულ ეროვნულ დოქტრინას, ქვეყანაში სისტემური ცვლილებების 21-პუნქტიან პროგრამას, ასევე ბანკების მარწუხებიდან ხალხის დახსნის რაციონალურ წინადადებებს , ქვეყანაში ემიგრანტთა დაბრუნების კონკრეტულ პროგრამას. შევქმნით „საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების და უცხოეთში ემიგრანტთა დაცვის საერთაშორისო ლიგას“.
ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ხალხის, ხელისუფლებისა და ეკლესიის თანამშრომლობის ჰარმონიზაციის გარეშე, ქვეყანას მომავალი არ აქვს. რომ ქვეყნის გადარჩენა ქვეყნის გარეთ კი არა ქვეყნის შიგნითაა, ჩვენს ერთობაშია… იმის გაცნობიერებაშია, როგორც ბრძნულად გვითხრა დიდმა ილიამ: “ქვეყანა ერის ბუნებიდან გამომდინარე უნდა იმართებოდეს“.
ჩვენი ეს შეკრებაც სწორედ ამ მიზანს და ამ პრინციპებს ემსახურება. სწორედ ამიტომ, ვეყრდნობით ბიბლიურ მცნებას: „მთავარში ერთობა – სადავოში თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში – სიყვარული“. მთავარი – სამშობლოა, ყველა თავისუფალი ვართ ჩვენს პოლიტიკური შეხედულებების არჩევანში, მაგრამ სიძულვილით საუბრის ენა უნდა დამთავრდეს ქვეყანაში და სიყვარულმა უნდა აგვამაღლოს!
გთავაზობთ თანამშრომლობას, ბატონო პრემიერ-მინისტრო! ჩვენ მზად ვართ, ინიციატორთა გარკვეული ჯგუფი გეწვიოთ თქვენთვის მისაღებ დროს, რომ განვიხილოთ ყველა დეტალი, რომელიც ამ ყრილობას დიდი ერთობის საწყისად აქცევს.
საინიციატგივო ჯგუფის წევრები:
1.ლუარა ნიჟარაძე-იტალია
2.დარეჯან ღამბაშიძე-საბერძნეთი
3.ქეთევან ქებულაძე-იტალია
5.სალომე გოგოლაძე-იტალია
6.მარინე ნოზაძე-იტალია
7.ჯულიეტა ბობოხიძე-საბერძნეთი
8.ნაირა შალამბერიძე-საბერძნეთი
9.ნინო ჩეგიანი-აშშ
10.მაია რუსაძე-საბერძნეთი
11.მანანა სოფრომაძე-იტალია
12.ნათელა კიკვაძე-გვეტაძე -იტალია
13.ნატალია ტრაპაიძე-იტალია
თამილა ბერდიაშვილი-ბელგია
14.იკა სულამანიძე-საფრანგეთი
15. .ნუნუ ჩადუნელი -ისრაელი
16.მაყვალა თვალაბეიშვილი -გერმანია
17. მაია მესხორაძე- იტალია
18.ნანა ჯიმშელეიშვილი-იტალია
19.რუსიკო შერვაშიძე-საბერძნეთი
20.სალომე ნატრიაშვილი-საბერძნეთი
21.ეთერი სულაქველიძე-იტალია
22.ნათელა გოლეთიანი-იტალია,
23.შორენა თეთრაული-აშშ
24.დარეჯან კაკუშაძე-იტალია
25.ლეილა ბივის-ინგლისი
26.ნინა ასპანიძე-საბერძნეთი
27.ნინა სიბოშვილი-აშშ
28.ლუიზა შეყილაძე-თურქეთი
29.ლელა გულედანი-აშშ
30.ნანა ქარქაშაძე-საბერძნეთი
31.ლარისა დონდაძე -ისრაელი
32.ლალი ბერიკელაშვილი- ,საბერძნეთი
33.გურული დოდო-თურქეთი
34.მარიამი ფცქიალაძე -საბერძნეთი
35.დავით ტალახაძე – მოსკოვი
36.თვალაბეიშვილი ცისანა -საბერძნეთი
37.არენა სახელაშვილი-თურქეთი
38.ნანა ნიქაბაძე-იტალია
ვინც პოზიციას იზიარებთ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ,სამი დღის განმავლობაში მოგვაწოდეთ თქვენი წინადადებები და შენიშვნები,რის შემდგომაც წერილი ჩაბარდება პრემიერ -მინისტრის მისაღებში,ვისაც ხელგეწიფებათ ანუ მოგიხერხდებათ შეგიძლიათ წერილი გაავრცელოთ საინფორმაციო სააგენტო ებში,და მიაწოდოთ ტელევიზიებს[თუმცა ვეჭვობ დაინტერესდნენ,მაგრამ მაინც ვცადოთ]
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close