პოლიტიკა

„უმძიმესი სანახავია, კომპეტენციისგან და შინაარსისგან დაცლილი, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია“

პრემიერ-მინისტრის დასკვნითი სიტყვა პარლამენტს და ოპოზიციას

უმძიმესი სანახავია, კომპეტენციისგან და შინაარსისგან დაცლილი, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია – ეს იყო გიორგი გახარიას შემაჯამებელი სიტყვები პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლის დროს.
„მიუხედავად იმისა, რომ სულ სხვა რამის თქმას ვაპირებდი, დღეს ცოტა სხვანაირად მინდა გამოსვლის ფორმულირება მოვახდინო.
უმძიმესი სანახავია, კომპეტენციისგან და შინაარსისგან დაცლილი, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია. დღეს აქ იყო მცდელობა, რომ გასაღებულიყო როგორც სტრუქტურირებული, ჩამოყალიბებული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალის პოზიცია, შოკურ კრიზისზე ადამიანები გვთავაზობენ გრძელვადიანი ინსტრუმენტების და სახელმწიფო რესურსების დღეს ამოღებას და დახარჯვას.
აღარ მინდა ამ საპენსიო ფონდზე და რეფორმაზე საუბარი, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საპენსიო ფონდი არის ჩვენი მოქალაქეების მოხუცებულობაში სოციალური გარანტია, რომელიც თურმე დღეს უნდა დავხარჯოთ.
გარდა ამისა, ადამიანები, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა იძლევა დაპირებებს, რომლის ფასიც არის 16 მილიარდიან ბიუჯეტში 6.2 მილიარდი ლარი, რომელიც ქვეყნის ბიუჯეტს აყენებს ფაქტის წინაშე 14 პროცენტიანი დეფიციტის, რაც ნიშნავს იმას, რომ არც ერთი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია არანაირ საფინანსო მხარდაჭერას არ გაუწევს და მარტივად ეს ნიშნავს იმას, რომ მაისის თვიდან ვერ გაიცემა პენსიები, ხელფასები, პოლიციისთვის, მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის, შეწყდება მიმდინარე ოპერაციები, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა დგება კოლაფსის წინაშე და ეს ყველაფერი ხდება ისე, თითქოს არის ქვეყანაზე ზრუნვის, გადასახედებზე ზრუნვის, მეწარმეებზე ზრუნვის, ბავშვებზე ზრუნვის, სოციალურად დაუცველებზე ზრუნვის და ა.შ.“, – განაცხადა გახარიამ.
პრემიერის თქმით, დარწმუნებულია, მოქალაქეების მხარდაჭერით პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი და უფრო კომპეტენტური.
„ის, რაც დღეს აქ ხდებოდა, როდესაც ადამიანები, რომლებიც ცდილობენ იმის მაგივრად, რომ ობიექტური, შინარსობრივი ოპონირება გაგიწიონ, უბრალოდ იქცევიან, როგორც ინსტიქტებით მართული, ემოციებით, გაბრაზებული, ხელების ქნევით, ყვირილით და ა.შ. ამას ყველაფერს შემდეგ ეძახიან ევროპულ, შინაარსობრივ ოპონირებას, სამწუხაროდ, ეს ის პირობებია, რომელ პირობებშიც ჩვენ მოგვიწევს უახლოესი ექვსი თვე მუშაობა.
იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქის სიბრძნეში, დარწმუნებული ვარ მათ თანადგომაში და დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერით და მათი გადაწყვეტილებით, შემდგომი პარლამენტი იქნება ბევრად უფრო ხარისხიანი, ბევრად უფრო შინაარსობრივი და ბევრად უფრო კომპეტენტური“, – განაცხადა გახარიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close