საზოგადოება

ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროპიდან დაბრუნებულ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, სტუ-ის ფაკულტეტების დეკანები და აკადემიური პერსონალი უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებიც ახალი კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებისას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში „Erasmus+”-ისა და სტუ-ის საფაკულტეტო გაცვლითი პროგრამების ფარგლებში სასწავლებლად იმყოფებოდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უცხოეთიდან დაბრუნებულ სტუდენტებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მიმართა და სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება მიულოცა.

„სიხარულს ვერ ვფარავთ, ახალგაზრდებო, რომ გხედავთ ყველას ერთად, აქ, ტექნიკურ უნივერსიტეტში. ბედნიერები ვართ, რომ ყველანი უსაფრთხოდ და მშვიდობით დაბრუნდით, რომ ხართ ჯანმრთელად! ჩვენ ყველა სირთულე ერთად დავძლიეთ. ის, რაც მოცემულ მომენტში შეუძლებლად გვეჩვენებოდა, თქვენი თანადგომით, შესაძლებელი გახდა. ორმაგად სასიხარულოა, რომ რთული ვითარების მიუხედავად, არც ერთ თქვენგანს არ შეშინებია. თითოეულმა ჩვენმა სტუდენტმა ხასიათის არნახული სიმტკიცე გამოავლინა, რაც მშვიდობიანი დასასრულის რწმენას ჩვენც გვმატებდა. მსოფლიო პანდემიის გამოცხადების პირველივე დღიდან ტექნიკურ უნივერსიტეტს, სოციალური ქსელების დახმარებით, მუდმივი კავშირი ჰქონდა თავის უკლებლივ ყველა სტუდენტთან, რომელიც მიმდინარე წელს, „ერაზმუს პლუსის“ თუ საფაკულტეტო გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში იმყოფებოდა, მუდმივი ურთიერთობა გვქონდა თქვენს მშობლებთან. თქვენი დასაბრუნებლად, კოორდინირებულად  ვმუშაობდით საქართველოს საგარეო სამინისტროსთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროსთან, ევროპის ქვეყნებში საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებთან, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებთან, ასევე, „ერაზმუს პლუსის“ საქართველოს ეროვნულ ოფისთან. დღეს, თქვენს სამშობლოში, თქვენს ოჯახებში ხართ და საშუალება გაქვთ, დისტანციურად განაგრძოთ სწავლა, როგორც „ერაზმუს პლუსის“ ფარგლებში, ევროპულ უნივერსიტეტებში, ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

შეხვედრაზე სტუდენტები ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ პერსონალს ევროპის სხვადასხვა საუნივერსიტეტო ქალაქში კორონავირუსის პანდემიის დროს შექმნილ ვითარებასა და გაცვლითი პროგრამების ფარგლებში მიღებული გამოცდილების შესახებ ესაუბრნენ. სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ ურთულეს პირობებში მუდმივად გრძნობდნენ მხარდაჭერასა და ზრუნვას როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მხრიდან.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მაგისტრანტმა ანა ტაკაშვილმა აღნიშნა, პანდემიამ მას ესპანეთში სწორედ იმ დროს მოუსწრო, როცა „ერაზმუს პლუსის“ გაცვლითი პროგრამით კორდობას უნივერსიტეტში, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე აგრძელებდა სწავლას. მისი თქმით, მიუხედავად პანდემიით შექმნილი რთული მდგომარეობისა, ის ცდილობდა მაქსიმალურად ჩართულიყო იმ სტუდენტურ პროექტებში, რასაც კორდობას უნივერსიტეტი ონლაინ რეჟიმში ახორციელებდა.

„კორდობაში ჩასვლიდან ორი თვის შემდეგ, პანდემიის გამო, ქალაქი ჩაიკეტა. გვქონდა ინფორმაცია, რომ ესპანეთში COVID-19-ის შემთხვევები უკვე ფიქსირდებოდა. როდესაც დაავადების რამდენიმე შემთხვევა კორდობაშიც დაფიქსირდა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. სწავლების ფორმატის შეცვლა მარტივად მოხდა – ჩვენ ისედაც ვიყენებდით ონლაინ მოდულის პროგრამას. მოგვიანებით კი, როდესაც მსოფლიო მივიდა დასკვნამდე, რომ პანდემია დიდხანს გაგრძელდებოდა, კორდობას უნივერსიტეტისგან მივიღეთ შეტყობინება სასწავლო  პროცესის მთლიანად ონლაინ რეჟიმში გადასვლის შესახებ. პანდემიის მიუხედავად,, ვცდილობდი მონაწილეობა მიმეღო იმ სტუდენტურ პროექტებში, რომელსაც კორდობას უნივერსიტეტი გვთავაზობდა. კონკურსშიც მივიღე მონაწილეობა და გავხდი საქართველოს ელჩი კორდობას უნივერსიტეტში. კონკურსში მონაწილეობა ჩემთვის დამატებითი მოტივაცია იყო – შექმნილი რთული სიტუაციის მიუხედავად, წინსვლა ყოველთვის შესაძლებელია და ამისთვის დიდი მადლობა კორდობას უნივერსიტეტს. მიუხედავად ამისა, უკვე ვფიქრობდი, როგორ დავბრუნებულიყავი საქართველოში – ავიარეისები აღარ ხორციელდებოდა, ჩაკეტილი იყო ქალაქები და ქვეყნების საზღვრები, ქალაქშიც კი უკიდურესად შეზღუდული იყო გადაადგილება. მარტო აღმოვჩნდი უცხო ქვეყანაში, უცხო გარემოში. ერთი თვის მანძილზე სახლიდან გაუსვლელად მომიწია ცხოვრება სრულიად განსხვავებული კულტურის ადამიანებთან –  იტალიელ და რუს გოგონასთან ერთად. ეს არცთუ მარტივი აღმოჩნდა. თუმცა კორდობას უნივერსიტეტისა და ჩემი ტექნიკური უნივერსიტეტისაგან ისეთი მხარდაჭერა მივიღე, შევძელი ყველა სირთულის გადატანა. ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, განათლების სამინისტროსა და ესპანეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით, შეძლო უზრუნველეყო ბილეთის შეძენა სპეცრეისზე და სამშობლოში ჩემი მშვიდობით დაბრუნება“, – განაცხადა ანა ტაკაშვილმა.

ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის სტუდენტი ზურაბ ქიტიაშვილი პანდემიის გამოცხადებისას იტალიაში, ბარის უნივერსიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის 19 სტუდენტტან ერთად იმყოფებოდა, სადაც „Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამით, ერთი სემესტრი უნდა ესწავლა.

„ჩასვლიდან ცოტა ხანში გამოცხადდა პანდემია და ცხოვრება შეგვეცვალა. უნივერსიტეტი დაიკეტა და სასწავლო პროცესი მთლიანად დისტანციური გახდა. ორი თვის მანძილზე მოგვიწია სახლებში გამოკეტვა. ყველაფრის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ჩვენთან 24-საათიანი კავშირი ჰქონდა  ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ დავით გურგენიძეს, საქართველოს საელჩოს იტალიაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. როგორც კი მეტად გართულდა ვითარება, სამშობლოში დაბრუნების სურვილი გამოვთქვით. ჩვენმა უნივერსიტეტმა, საქართველოს საელჩომ და განათლების სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყეს ამაზე ზრუნვა. საქართველოში გასამგზავრებლად, ბარიდან რომში უნდა წავსულიყავით, საიდანაც ავიარეისი რომი-თბილისი ხორციელდებოდა. ბარიდან რომში გადაადგილება დიდი პრობლემა იყო – იტალიელებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, ინგლისურ ენას არ ფლობდნენ, ვერ ავუხსნიდით, რატომ ვიყავით ქუჩაში გამოსული. ამის გამო თითოეულ ჩვენგანს 3000-ევროიანი ჯარიმა გვემუქრებოდა. ისევ ჩვენმა საელჩომ გვიხსნა – ავტომობილი იქირავა და თითოეულ ჩვენგანს შინ მოგვაკითხა. ასე შეგვკრიბეს, ბარიდან რომში გაგვამგზავრეს და თვითმფრინავის ტრაპამდეც მიგვაცილეს. საელჩოს ყველაფერი ზედმიწევნით კარგად ჰქონდა ორგანიზებული. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ საქართველოში დაბრუნებულებმა 2-კვირიანი საკარანტინო პერიოდიც კარგ პირობებში გავიარეთ“, – აღნიშნა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, „Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2019-2020 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრში ევროპის უნივერსიტეტებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 56 სტუდენტი იმყოფებოდა, მათ შორის: სამშენებლო – 3, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის – 10, სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის – 5, ქიმიური და მეტალურგიის – 1, არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის – 14, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების – 1, ბიზნესტექნოლოგიების – 7, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა – 1, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების – 18, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის – 6 სტუდენტი. ამას გარდა, საფაკულტეტო გაცვლითი პროგრამებით ევროპის უნივერსიტეტბში სტუ-ის 10 სტუდენტი სწავლობდა.

ევროპის ქვეყნებში, COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით კარანტინის გამოცხადებამდე, საქართველოში დაბრუნდა ტექნიკური უნივერსიტეტის 2 სტუდენტი (1 – პოლონეთიდან, 1 – გერმანიიდან), დარჩენილი 60 სტუდენტიდან 22-მა სასწავლო სემესტრის ევროპაში დასრულება გადაწყვიტა. ტექნიკური უნივერსიტეტის 38 სტუდენტი, რომელმაც ევროპიდან შინ  დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოში სპეციალური რეისებით გამოემგზავრა, აქედან: იტალიიდან – 19, ესპანეთიდან – 6, პორტუგალიიდან – 3, საბერძნეთიდან – 3, ინგლისიდან 1, საფრანგეთიდან – 4, ლიეტუვადან  კი – 2 სტუდენტი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close