საზოგადოება

ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საზოგადოებისა და აბიტურიენტების ინფორმირების მიზნით, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, საზოგადოებაში მუსირებს მცდარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბიტურიენტების გარკვეული ნაწილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 სასწავლო კორპუსში ჩააბარებს. აღნიშნულის გამო, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სოციალური ქსელებით მრავალი აბიტურიენტი და მშობელი უკავშირდება.
„ინფორმაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში ჩატარების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. მეტიც, უკვე მესამე წელია ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდები არ ტარდება. შესაბამისად, ტექნიკური უნივერსიტეტის სივრცეში საგამოცდო ცენტრის მოწყობა არც მიმდინარე წელს დაგეგმილა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარება მიმდინარე წელს შეუძლებელია  თუნდაც იმ ვითარების გათვალიწინებით, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ტარდება ის ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები, რისი ჩატარებაც პანდემიის პირობებში დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში შეუძლებელია. ასევე, ამავე პერიოდში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინდივიდუალური საგანმანათლებლო გრაფიკის ფარგლებში, დაგეგმილია სასწავლო კურსებისა და შუალედური გამოცდების აღდგენის პროცესი იმ სტუდენტებისთვის, რომელებმაც ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლეს დისტანციურ სწავლებაში ჩართვა. გარდა ამისა, ტექნიკურ უნივერსიტეტში, მიმდინარე წლის 20 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით, სწავლების ყველა საფეხურის სტუდენტებისთვის დაგეგმილია დასკვნითი  და დამატებითი გამოცდების ჩატარება.

პანდემიის პირობებში, ტექნიკური უნივერსიტეტი მოქმედებს საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად და სასწავლო თუ საგამოცდო პროცესის ჩატარებას ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებითა და პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების სრული დაცვით უზრუნველყოფს. აღნიშნული კი, თავისთავად გულისხმობს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო სივრცეებსა და სველ წერტილებში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის სტუდენტების დაშვებას“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close