საზოგადოება

სახალხო დამცველი და ჩემი აპარატი მზად ვართ, შევასრულოთ ხელისუფლებასა და დევნილებს შორის მედიატორის როლი – ლომჯარია

ჩვენ წლებია ამ საკითხებზე ვმუშაობთ და ვიცით სპეციფიკა და დეტალები მსგავსი პრობლემების. მზად ვარ იმისათვის, რომ ჩავერთო მოლაპარაკებებში სამინისტროსთანაც, მოვისმინო მათი პოზიციები, გადავცეთ დევნილების მოსაზრებები და პრობლემები

გავესაუბრე თვითმხილველებს, ვინც გარდაცვლილს იცნობდა, ჰქონდა ურთიერთობა წინა დღეებში და მათი მონათხრობიდან, ნამდვილად არ უნდა დარჩენილიყო შთაბეჭდილება გამოძიებას, რომ ეს შემთხვევითი იყო, – ასე შეაფასა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბარში თბილისის ზღვაზე მდებარე სანატორიუმ „ქართლში” მომხდარი შემთხვევა.

მისი თქმით, გამოძიების მიმდინარეობისას, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არასწორია განცხადებების კეთდება, რომ ეს იყო შემთხვევითობა.

„ძალიან არასწორია, როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებული იყო და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან წინასწარ გაკეთებული განცხადებები ისმოდა – კვალიფიკაციის გამოცხადება გამოძიების პროცესში. მითუმეტეს, რომ მე გავესაუბრე თვითმხილველებს, ვინც იცნობდა გარდაცვლილს, ჰქონდა ურთიერთობა წინა დღეებში და ამ შემთხვევის თვითმხილველები არიან. მათი მონათხრობიდან, ნამდვილად არ უნდა დარჩენილიყო შთაბეჭდილება გამოძიებას, რომ ეს იყო შემთხვევითობა, ან უბედური შემთხვევა. დაველოდები გამოძიებას, თუმცა, ამ განცხადების გაკეთება მიმაჩნია ცალსახად არასწორად, მითუმეტეს, გარემოებები ამაზე არ მიუთითებს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ომბუდსმენის განცხადებითვე, არსებობს კომუნიკაციის დეფიციტი და სახალხო დამცველის აპარატი მზად არის იყოს შუამავალი დევნილებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის.

„ჩემი სურვილია, აქ მცხოვრებ პირებს დავეხმარო პრობლემის მოგვარებაში. დევნილებს და სამინისტროს შორის კომუნიკაციის დეფიციტიც არსებობს. სახალხო დამცველი და ჩემი აპარატი მზად ვართ, შევასრულოთ მათ შორის მედიატორის როლი. ვუკეთებ შეთავაზებას ჯანდაცვის მინისტრს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით შევხვდეთ და გავისაუბროთ. ჩვენ წლებია ამ საკითხებზე ვმუშაობთ და ვიცით სპეციფიკა და დეტალები მსგავსი პრობლემების. მზად ვარ იმისათვის, რომ ჩავერთო მოლაპარაკებებში სამინისტროსთანაც, მოვისმინო მათი პოზიციები, გადავცეთ დევნილების მოსაზრებები და პრობლემები“, – აღნიშნა ომბუდსმენმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close