საზოგადოება

საქართველოში მოქმედი 1678 სტომატოლოგიური კლინიკიდან საქმიანობის უფლება 856-მა მიიღო

11 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული სტანდარტების შესრულებაზე თბილისის მასშტაბით 505 სტომატოლოგიური კლინიკა შემოწმდა, მათგან 17-ს გამოვლენილი ხარვეზების გამო, უარი ეთქვა გეგმური სტომატოლოგიური სერვისის განახლებაზე, 488-ს კი თანხმობა მიეცა.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ფარმაცევტული და სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან მიაწოდეს.

რაც შეეხება სტომატოლოგიურ დაწესებულებებს რეგიონებში, მათივე ცნობით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ, 2020 წლის 11 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით, სულ შემოწმდა 394 სტომატოლოგიური დაწესებულება, აქედან, 368 ობიექტმა სრულად დააკმაყოფილა მოთხოვნები.

მონაცემების თანახმად, ჯამში, საქართველოს მასშტაბით მოქმედი 1678 დაწესებულებიდან შემოწმდა 899, რომელთაგან 43-ში ხარვეზები გამოვლინდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების მზადყოფნასთან დაკავშირებით, მონიტორინგი 11 მაისიდან დაიწყო.

გეგმური სერვისების განახლების უფლებას მხოლოდ ის დაწესებულებები იღებენ, რომლებიც შესაბამის სტანდარტებს დააკმაყოფილებენ.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, რომელთა დაცვაც სტომატოლოგიური კლინიკების ოპერირებისთვისაუცილებელი პირობაა, ისინი შემდეგ ვალდებულებებს გულისხმობს:

დაწესებულება აღჭურვილი უნდა იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაციის სისტემით, დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის ოთხმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, რეგისტრატურასთან განთავსდეს მინის ან ორგანული მინის დამცავი ბარიერი. კლინიკაში უნდა იყოს ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირი, პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი პერსონალური დაცვის საშუალებებით, მათ შორის N95 ან უფრო მაღალი დაცვის დონის რესპირატორით. პაციენტებმა კი, უნდა გაიკეთონ ნიღბები, დამცავი სათვალე და ბახილები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close