საზოგადოება

საქართველოს კულტურის სამინისტრომ დამატებით 400 ათასი ლარი გამოჰყო მშენებლობისათვის, უახლოეს დღეეებში გაგრძელდება ლესიას მუზეუმის მშენებლობა – ტარიელ გოგოლაძე

"განა ბევრი გვყავს ქართველი, რომელიც უკრაინის საპატიო მოქალაქე, მრავალი მედლისა და ორდენის მფლობელია. ქართველ და უკრაინელ ხალხთა შორის მეგობრობაში შეტანილი პირადი წვლილი დააფასა უკრაინელმა ხალხმა. მინიჭებული აქვს უკრაინის სახელმწიფოს წინაშე დამსახურებისათვის II და III ხარისხის ორდენები (2007, 2012 წლები); დაჯილდოებულია ნოვოგრად-ვოლინსკის ორდენით -„ზვიაგელ“ (2006 წელი); ლესია უკრაინკას სამშობლოს - უკრაინის საპატიო მოქალაქე (2009) ; აირჩიეს როვნოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად (2013); 2021 წელს, ლესია უკრაინკას 150 წლისთავთან დაკავშირებით, დააჯილდოვეს ლესია უკრაინკას საიუბილეო მედლით. კიდევ ორი სახელმწიფო ორდენი აკლია ამ ჩამონათვალს, რომელზეც ბატონი ტარიელი 2016 და 2020 წლებში იყო წარდგენილი და გარკვეული მიზეზებისა გამო ვერ მიიღო" - ჟურნალისტი ირინა გოგიტაური

ჟურნალისტი ირინა გოგიტაური წერს:
“ხაშურის „საპატიო ელჩი“ უკრაინაში
„შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ – შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ შენი ოჯახის სახეა და გარეთ – შენი ერის!”- უნებლიე პარალელს ვავლებ ჭაბუა ამირეჯიბის ცნობილი რომანის გმირის ამ სიტყვებსა და ადამიანს შორის, რომელსაც არა მარტო საქართველოში, ქვეყნის გარეთაც კარგად ცნობენ.
განა ბევრი გვყავს ქართველი, რომელიც უკრაინის საპატიო მოქალაქე, მრავალი მედლისა და ორდენის მფლობელია. ქართველ და უკრაინელ ხალხთა შორის მეგობრობაში შეტანილი პირადი წვლილი დააფასა უკრაინელმა ხალხმა. მინიჭებული აქვს უკრაინის სახელმწიფოს წინაშე დამსახურებისათვის II და III ხარისხის ორდენები (2007, 2012 წლები); დაჯილდოებულია ნოვოგრად-ვოლინსკის ორდენით -„ზვიაგელ“ (2006 წელი); ლესია უკრაინკას სამშობლოს – უკრაინის საპატიო მოქალაქე (2009) ; აირჩიეს როვნოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორად (2013); 2021 წელს, ლესია უკრაინკას 150 წლისთავთან დაკავშირებით, დააჯილდოვეს ლესია უკრაინკას საიუბილეო მედლით. კიდევ ორი სახელმწიფო ორდენი აკლია ამ ჩამონათვალს, რომელზეც ბატონი ტარიელი 2016 და 2020 წლებში იყო წარდგენილი და გარკვეული მიზეზებისა გამო ვერ მიიღო.
ტარიელ გოგოლაძე დაიბადა სურამში, 2002-2003 წლებში იყო ხაშურის რაიონის ასოცირებული საკრებულოს თავმჯდომარე, უფრო ადრე, 1996 -2007 წლებში არჩეული იყო სურამის გამგებლად და საკრებულოს თავმჯდომარედ. 2007 წლიდან ლესია უკრაინკას საზოგადოების თავმჯდომარეა საქართველოში. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო ფიქრი ლესიაობის დღესასწაულის აღდგენაზე, რომელიც სურამში ყოველწლიურად, შემოდგომაზე აღინიშნება. უკრაინელმა პოეტმა ქალმა ლესია უკრაინკამ (ლარისა კოსაჩმა), სიცოცხლის უკანასკნელი დღეები დაბა სურამში გაატარა. მას ეკუთვნის სიტყვები, რომლებიც დღესაც მოწოდებასავით გაისმის: „მე რომ უკრაინელი არ ვიყო, ვისურვებდი ქართველი ვყოფილიყავი“. ლესიაობის დღესასწაულის აღნიშვნა 1952 წლის 3 აგვისტოდან იღებს სათავეს, გიორგი ლეონიძის ინიციატივით, როდესაც საზეიმოდ გაიხსნა თამარ აბაკელიას მიერ შესრულებული ლესიას ძეგლი, მისი სახელობის მუზეუმი, ბიბლიოთეკა და ქუჩა. ამავე დღეს უკრაინის მთავრობის დადგენილებით, მირგოროდის სასაფლაოზე საფუძველი ჩაეყარა დიდი პოეტის დავით გურამიშვილის ძეგლს.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 1994 წელს, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შემდეგ, პირველი ელჩი, რომელმაც სახლ-მუზეუმი მოინახულა, ანატოლი კასიანენკო გახლდათ. უფრო მჭიდრო ურთიერთობა დელეგაციების ურთიერთგაცვლის აღდგენაზე დაიწყო 2003 წლიდან, სტეპან ვოლკოვეცკის ელჩობის პერიოდში. ამ წელს უშუალოდ ლესიას სამშობლოდან ჩამოვიდა წარმომადგენლობა, ხოლო 2004 წელს ხაშურიდან უკრაინაში გაემგზავრა პირველი დელეგაცია, 1988 წლის შემდეგ. იყო არაჩვეულებრივი დახვედრა და მასპინძლობა, რომლითაც უკრაინელებმა ლამის ქართველებსაც კი აჯობეს, – იხსენებს ბატონი ტარიელი.
როგორც ლესია უკრაინკას საზოგადოების თავმჯდომარე, უკრაინის საელჩოსთან ერთად ორგანიზებას უწევს ნებისმიერ ღონისძიებას, რომელიც უკრაინასა და მოძმე ხალხთან ურთიერთობას ეხება. მისი აქტიური ჩართულობით ტარდება „ლესიაობის“ დღესასწაული, თუ დელეგაციის მიღება – გაგზავნა, დამოუკიდებლობის დღეების აღნიშვნა, პოპულარიზაციას უწევს ლესია უკრაინკას შემოქმედებას, ისევე როგორც უკრაინაში უყვართ და აფასებენ დავით გურამიშვილს. ბატონი ტარიელი განსაკუთრებით ამაყობს, მისი რეკომენდაციით და უშუალო დახმარებით, 100-ზე მეტმა ქართველმა ახალგაზრდამ დაამთავრა უკრაინის სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტები (ბაკალავრი, მაგისტრატურა, რეზიდენტურა, დოქტორანტურა) მათ შორის ლუგანსკის, დონეცკის, მარიუპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტები. რამდენიმე წელია მისი ინიციატივით დაიწყო ზრუნვა ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმის აღდგენაზე, რომელიც 2014 წელს უკრაინაში საომარმა მოვლენებმა შეაფერხა და 2020 წლიდან განახლდა.
– 3 აგვისტოს, სახლ-მუზეუმის გახსნიდან საიუბილეო 70 წელი სრულდება. შარშან რესტავრაცია გაუკეთდა სურამში ლესია უკრაინკას ძეგლის კვარცხლბეკს, წელს მიმდინარეობს ძეგლის გარშემო სკვერის კეთილმოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტით, დიდი მადლობა ამისათვის ბატონ თენგიზ ჩიტიაშვილსა და ქალბატონ ნინო ლიპარტელიანს. შენდება ლესია უკრაინკას ახალი ორსართულიანი მუზეუმი, ორ ერს შორის მეგობრობის კერა, რომლის კარკასი უკვე მზადაა. საქართველოს კულტურის სამინისტრომ 400 ათასი ლარი კიდევ გამოჰყო მშენებლობისათვის, გამარჯვებული გამოვლინდა 4 მაისს, უახლოეს დღეეებში გაგრძელდება ლესიას მუზეუმის მშენებლობა, დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს და საქართველოს მთავრობას. – აღნიშნავს ტარიელ გოგოლაძე.
ტარიელ გოგოლაძე, როგორც ხიდი ორ ერს შორის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის, დღემდე მეგობრული ურთიერთობას აგრძელებს უკრაინის ყველა ელჩთან. არ წყდება სატელეფონო ზარები. დღეს უკრაინა განსაცდელშია, შეგროვდა ჰუმანიტარული ტვირთი, მედიკამენტები და ფულადი დახმარება. ვისთვის იქნებ უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ მე გმირობად მიმაჩნია, ის, რომ თვითონ ინსულინდამოკიდებულმა, უკრაინელებს გაუგზავნა ინსულინის 10 დოზა. დევნილი ადამიანები შეიფარა და ოჯახები მის გარშემო დღესაც გამოთქვამენ საამისოდ მზადყოფნას. უკრაინელ და ქართველ ხალხთა შორის გადებულ მეგობრობის ხიდს ვერანაირი პროპაგანდა, დეზინფორმაცია და მტრობა ვერ შეარყევს.
გვჯერა, უკრაინა და მასთან ერთად მთელი ცივილიზებული სამყარო გაიმარჯვებს ამ უთანასწორო ბრძოლაში.
მშვიდობა ლესიას სამშობლოს!”
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close