საზოგადოება

“სააკაშვილს მოსკოვში დავხვდი, უკვე თოვლი იყო, პირველი შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატაში პრიმაკოვთან ჰქონდა” – ეროსი კიწმარიშვილის მემუარები

ჟურნალისტებს სააკაშვილის შესახებ ვუთხარი ჩვენიანია, ლიბერალია, თავისუფალი ადამიანი, ჰიპი! მართლაც დაინახეს ახალგაზრდა ბიჭი, ჯინსებში, იატაკზე, სადაც ხალიჩებიც არ ეფინა და მისდამი სიმპათია გაუჩნდათ

“ეს მოხდა იანვრის დასაწყისში. მიშა ახალი არჩეულია პრეზიდენტად, ინაუგურაციაც კი არ ჰქონდა ჩატარებული. ამათგან მე ნელ-ნელა დისტანცირებას ვიწყებ და თებერვლის დასაწყისში, ინაუგურაციიდან ერთი თუ ორი კვირის შემდეგ, მიშა პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით – მოსკოვში მიემგზავრებოდა”, – ასე იხსენებს თავის მემუარებში ეროსი კიწმარიშვილი პრეზიდენტის რანგში მიხეილ სააკაშვილის პირველ ვიზიტს მოსკოვში.

“სააკაშვილს ვთხოვე, რომ მის ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე მოსკოვში ჩავიდოდი და ვიზიტის მომზადებაში დავეხმარებოდი. ამას ვაპირებდი არა როგორც დიპლომატი, არამედ კერძო პირი, ვისაც რუსეთში ძალიან კარგი ჟურნალისტური სამეგობრო წრე გააჩნდა. ჩემი მეგობრები არიან კისილიოვი, საროკინა, ვენედიქტოვი, პარფიონოვი, მანანა ასლამაზიანი: მათ ჰქონდათ კლუბი, რომელსაც “კლუბი 42” ერქვა და გაერთიანებულები იყვნენ ძალიან გავლენიანი ჟურნალისტები, რომლებიც რუსეთში ჟურნალისტური ეთიკის უმაღლეს სტანდარტს ამკვიდრებდნენ. ვიცნობდი სატელევიზიო ბიზნესის წარმომადგენლებსაც.

 

ვინაიდან მოსკოვში ეს მიშას პირველი ვიზიტი გახლდათ, ვთვლიდი რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუ როგორ დაიწყებდნენ რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტები ურთიერთობას. შევარდნაძეს პუტინის უბრალოდ ეშინოდა, საბჭოთა პარტიულ ფუნქციონირებს კგბ-ს შიში ყოველთვის ჰქონდათ, მაგრამ პუტინთან შეხვედრისას, ვიზუალურადაც ჩანდა, რომ შევარდნაძე ამ როლიდან ვერ გამოვიდა. ამას დაემატა ისიც, რომ ედუარდ შევარდნაძემ პანკისში კრიმინალური ანკლავის მოსაშლელად რუსეთს სპეცოპერაციის ჩატარებაზე უარი უთხრა. კარგად მოიქცა თუ ცუდად, ამის გამო პუტინი შევარდნაძეზე განაწყენდა და მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით, უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია და საქართველოს სავიზო რეჟიმი დაუწესა. მიმაჩნია, რომ ამისგან კარგიც მივიღეთ: ჩვენ დემონსტრირება მოვახდინეთ, რომ ნამდვილად დამოუკიდებლები ვიყავით და ჩვენი სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკა დროშა, გერბი და ჰიმნი ბუტაფორია არ იყო…

… პირველი, რაც გავაკეთე რუსეთში ჩვენს ელჩს, ზურა აბაშიძეს შევხვდი. ზურა აბაშიძეს მდიდარი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. მის კარიერა საბჭოთა კავშირიდან დაიწყო. იყო ამ ქვეყნის ელჩი ინდოეთში, შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს ელჩი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში.

 

ის ირაკლი აბაშიძის შვილია, რომელიც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი უცნობილესი საზოგადო მოღვაწე გახლდათ. მას რუსეთში უამრავი მეგობარი ჰყავს, რომლის გამოყენებასაც ახლა ვაპირებდით. ამას დაუმატეთ რუსეთში მოღვაწე გავლენიანი ქართველები ზურა წერეთელი, დათო იოსელიანი, გიორგი გიგინეიშვილი, ლეო ბოკერია, გია დანელია, მელორ სტურუა – საქართველოს დიდი პატრიოტი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი საბჭოთა ჟურნალისტი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აშშ-ში `იზვესტიას~ კორესპონდენტი იყო.

2004 წელს მელორ სტურუას 80 წელი შეუსრულდა. მიშა სააკაშვილს დიდი ხვეწნით დავაწერინე მისი ღირსების ორდენით დაჯილდოების ბრძანება, რომელიც მოსკოვში მის დაბადების დღეზე უნდა გადამეცა, მაგრამ დამირეკა, დაბადების დღეს სხვა მიხდის და ასლან აბაშიძე დაუპატიჟებია და მოსვლას აპირებსო. ამის გამო მე ორდენი გავუგზავნე, დაბადების დღეზე აღარ მივსულვარ.
რუსეთში პატივსაცემი ადამიანია ვიქტორ გელოვანი, ერთადერთი ქართველი მარშლის – არჩილ გელოვანის ვაჟი.

აბაშიძეს ვთხოვე, რუსეთის სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ევგენი პრიმაკოვთან შეხვედრა მოეწყო. პრიმაკოვი გავლენიანი კაცია და მას ჩვენთვის პუტინზე ბევრი სასარგებლო რჩევის მოცემა შეეძლო. შევარდნაძე მასზე მიუთითებდა, რომ ბოლო ტერაქტი მან მოუწყო. შევარდნაძის საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობისას პრიმაკოვი ამ უწყებაში მუშაობდა. “ძალიან ცუდად მექცეოდა, სულ ეჭვიანობდა, რომ ფარულად მის წინააღმდეგ ვმოქმედებდი”, – მითხრა პრიმაკოვმა. მათ ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ დედამისი აქ არის დასაფლავებული, თბილისში შევარდნაძის დროს შეგნებულად არ ჩამოდიოდა.

პრიმაკოვის საყვარელი რესტორანი “კურა” “ჩისტიე პრუდიზე” მდებარეობს. აქ შევიკრიბეთ პრიმაკოვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, პრიმაკოვის სიძე, მძახალი, მისი ბავშვობის ქართველი მეგობარი, გია დანელია, მელორ სტურუა, დათო იოსელიანი და მე.

ამ სუფრაზე პრიმაკოვს ვეუბნები: “ევგენი მაქსიმოვიჩ, ვიცი, რომ შევარდნაძეს ვერ იტანდით. ჩვენ რევოლუცია მოვახდინეთ და შევარდნაძე მოვაშორეთ, რომელიც თქვენი და ჩვენი აზრითაც, საქართველოსთვის კარგს ვერაფერს აკეთებდა. ახლა ახალი პრეზიდენტი გვყავს, ახალგაზრდა, ტალანტის მქონე, ენერგიული. გვინდა ახალი, კარგი საქართველოს აშენება და ჩვენი მთავარი ამოცანაა რუსეთთან კარგი ურთიერთობის დამყარება. მოგვეხმარეთ. მე გამომაგზავნა პრეზიდენტმა პუტინთან შეხვედრის მოსამზადებლად და ეგებ გვითხრათ, როგორ უნდა მოიქცეს სააკაშვილი, რომ მან და პუტინმა ერთმანეთს გაუგონ. თავადაც გესმით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ორი პრეზიდენტის კარგ ურთიერთობას. კარგი იქნება თუ პუტინთან შეხვედრამდე სააკაშვილი თქვენთან კონსულტაციას გაივლის”.

“სიამოვნებითო”, – მითხრა. აუცილებლად დავეხმარებიო.

მე მართლაც სერიოზულად დავაინტერესე პრიმაკოვი. სააკაშვილის პირველი ვიზიტიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, პრიმაკოვი თბილისში ჩამოვიდა. პრივატული შეხვედრები ჰქონდა ჯერ ჟვანიასთან, მერე მე და ჟვანია ერთად შევხვდით. მისი ხელშეწყობით 2004 წლის მაისში თბილისში ბიზნეს-ფორუმი ჩატარდა, რომელშიც რუსმა ოლიგარქებმა მონაწილეობა მიიღეს.

პრიმაკოვი თბილისში გაზრდილია და ის თავისებური პატრიოტია ჩვენი ქვეყნის. მას უყვარს ეს ქალაქი, ქართველები და თავისებურად აენთო, სურვილი გაუჩნდა დაგვხმარებოდა და დამპირდა, რომ სააკაშვილს პუტინთან შეხვედრის წინ დააკვალიანებდა.
მეორეს მხრივ, ჩემს მეგობარ ჟურნალისტ მანანა ასლამაზიანს ვთხოვე სააკაშვილისთვის რუსი ტოპ-ჟურნალისტების შეხვედრაში დამხმარებოდა.

ვაპირებდი შევხვედროდი ჟურნალისტ ნატალია გევორქიანს. მან პუტინზე პირველი წიგნი დაწერა. ნატალია რუსეთის პრეზიდენტს თან დაყვებოდა და მასთან ერთად წერდა ამ წიგნს. მან ბევრი რამ იცოდა პუტინზე და იმაზეც, თუ როგორ უნდა იმუშაო მასთან.
ჩემთვის რუსეთის პოლიტიკის შიდა სამზარეულო, საინტერესო იყო იმდენად, რამდენადაც ამ ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოვიყენებდით. ნაკლებად მაინტერსებდა პუტინი ლიბერალია, დემოკრატია თუ ვინაა, ან მისი საგარეო პოლიტიკის ვექტორები საითაა მიმართული. ეს რუსების პრობლემაა, ჩემი პრობლემა გახლდათ, რომ რუსეთს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა.

სააკაშვილის ვიზიტის და ჩვენი ქვეყნების დაახლოების, რუსული ინვესტიციების საქართველოში ჩადების გეგმებზე ვსაუბრობდით, პრიმაკოვს სიყვარულს ვეფიცები და ამ დროს ზურა აბაშიძეს საგარეო საქმეთა მინისტრი, თედო ჯაფარიძე ურეკავს: ზურას ჯერ ფერი დაეკარგა, მერე გალურჯდა და ამბობს, რომ მინისტრმა შეატყობინა, რომ ის ელჩობიდან გამოწვეულია!

ზურა შემობრუნდა ჩემსკენ და გაკვირვებული მიყურებს – მე რევოლუციის ერთ-ერთ ავტორს, რომელიც მასთან ერთად გეგმებს ვაწყობდი. თედო ჯაფარიძემ ზურას უთხრა, რომ მისი ელჩობიდან გამოწვევა მას არ გადაუწყვეტია.
მე ჟვანიას დავურეკე და ვკითხე, პრეზიდენტის ვიზიტამდე სამი დღით ადრე რატომ გაიწვიეს ელჩი? – ზურა მეუბნება მე არ ვიციო და ყურმილს მიშა სააკაშვილს აჩეჩებს – აჰა, ამას ელაპარაკეო.

– შენ არ იცი, მაგან რუსეთში არჩევნები გააყალბა. მაგან ისეთი რაღაცეები ჩაატარა, როგორ შეიძლება მაგის მანდ ყოფნა, კიდევ მადლობა თქვას, რომ არ ვიჭერ, – ხავის მიშა.

2003 წლის ნოემბრის არჩევნების დროს საუბრობდნენ, რომ რუსეთში ხმები ედუარდის და მემარჯვენეების სასარგებლოდ ძალიან გაყალბდა, მაგრამ ელჩი რა შუაში იყო? – მეც ჩავატარე საპარლამენტო არჩევნები რუსეთში, მაგრამ არც გამიგია, ისე მოვიდა საარჩევნო კომისია, ჩაატარა არჩევნები და ხმების 60-65% მიშას პარტიამ აიღო.

– ჩაიაროს ამ შენმა ვიზიტმა და მერე გაიწვიე-მეთქი, ვუთხარი სააკაშვილს. მიშამ მიპასუხა, რომ ახლა ელჩად ჩემს უახლოეს თანამებრძოლს კოტე კემულარიას ვნიშნავ და რუსებისთვის ეს უფრო მაგარი მესიჯი იქნება, ვინაიდან რუსეთთან ურთიერთობის გასაძლიერებლად, მანდ ჩემს უახლოეს მეგობარს ვნიშნავო. ზურა აბაშიძე გაშრა, მე სულელურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი.

იქ იმდენად კარგად აღზრდილი ადამიანები ისხდნენ, რომ ამ ინფორმაციაზე ფურთხება-დედის გინება არ დაუწყიათ. სუფრა დაიშალა, ზურა დარჩა დაბნეული და პარალიზებული. გასათვალისწინებელია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ყოველთვის დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამას კვირეების მაძილზე ამზადებენ. აბაშიძემ უამრავი შეხვედრა დაუგეგმა სააკაშვილს და მოულოდნელად მას ასე უპატივცემულოდ მოექცა.

სააკაშვილს მოსკოვში დავხვდი, უკვე თოვლი იყო, პირველი შეხვედრა სავაჭრო-სამრეწველო პალატაში პრიმაკოვთან ჰქონდა. პრიმაკოვმა გააკეთა ყველაფერი, მას მიეხმარა. მასთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, თუ რა შთაბეჭდილებას მოახდენდა მასზე სააკაშვილი და რომელსაც ის შემდეგ პუტინს გაუზიარებდა. პრიმაკოვმა პუტინი შეხვედრისთვის პოზიტიური განწყობით მოამზადა. თუმცა შემდეგ პრიმაკოვის როლს ძალიან აუბრალოებდა, წარმატება ჩემთვისაც რომ არ გაეზიარებინა.
მეორე შეხვედრა იმავე საღამოს ჟურნალისტებთან გვქონდა. ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტის კომუნალურ სამოთახიან ბინაში სააკაშვილი ჯინსებში გამოწყობილი წავიყვანე. რუსების მიერ გამოყოფილ პრეზიდენტის დაჯავშნულ ლიმუზინში ვსხდებით მე და მიშა და ესკორტის თანხლებით მივდივართ ამ ოჯახში, სადაც გვხვდება 50-60-მდე ადამიანი.

ძალიან ბევრი ცნობილი ჟურნალისტი დაგვხვდა. იქაურობა ხალხით იყო გატენილი. ეს პრივატული შეხვედრა იყო. რა თქმა უნდა, კამერების გარეშე. ამ შეხვედრის პეწიც ეგ იყო, არაფორმალურ ვითარებაში, მიშა ჯინსებში იატაკზე იჯდა და პლასტმასის ჭიქებით ვსვამდით არაყს, ღვინოს და ათას თემაზე ვსაუბრობდით.

ეს ჟურნალისტები თავიდან სააკაშვილის მიმართ ძალიან სკეპტიკურად განწყობილნი იყვნენ, თუმცა მე ვეუბნებოდი – არა, ჩვენიანია, ლიბერალია, თავისუფალი ადამიანი, ჰიპი!
მართლაც დაინახეს ახალგაზრდა ბიჭი, ჯინსებში, იატაკზე, სადაც ხალიჩებიც არ ეფინა და მისდამი სიმპათია გაუჩნდათ. ფაქტიურად, რუსული ჟურნალისტიკის მეტრები მიშასთან დავამეგობრე. ყველაფერზე ისაუბრეს, რაც აინტერესებდათ. შეხვედრის შემდეგ, მეც კმაყოფილი ვიყავი და მიშაც ჭყლოპინებდა.

მეორე დილას სააკაშვილი პუტინს უნდა შეხვედროდა. მან ამ შეხვედრაზე 45 წუთი დააგვიანა. იმიტომ, რომ ჯერ სასტუმროს აუზში ბანაობა გადაუწყვეტია. მისი ბანაობაც თავისებური კომედიაა – უნდა ნახოთ მიშას ბანაობა, სანამ წყალში ჩახტება, ეს ორმეტრიანი არასპორტული მასა ჰაერშივე ხელების ქნევას იწყებს, რაც სასაცილო სანახაობაა. – იბანავა, აუზიდან გამოსვლა დააგვიანდა, მას დროის შეგრძნებაც საკმაოდ არეული აქვს და ამის გამო 45 წუთით დააგვიანდა. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე წავიდნენ – მიშა, კოტე კემულარია, რომელიც ელჩი არ იყო, მაგრამ სააკაშვილი მას ელჩად ასაღებდა, რაც პროტოკოლის დარღვევაა, ოქრუაშვილი და პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელი.

მეორე კომიკური ისტორია ის იყო, რომ მან სხვადასხვა შარვალი და პიჯაკი ჩაიცვა, რაც ხშირად ემართებოდა. მაშინ ვთვლიდით, რომ იმდენად იყო მაღალი მატერიებით დაკავებული, რომ ასეთ წვრილმანებს ვერც კი ამჩნევდა. საერთოდაც, დიდი ადამიანები ხომ დაბნეულები არიან?! მიშას შეიძლებოდა სხვადასხვა ფეხსაცმელი ცმოდა და ეს ითვლებოდა იმ შარმად, იმ ქარიზმად, რომლის გამოც ხალხს სააკაშვილი უყვარდა.

პუტინთან შეხვედრის შემდეგ მიშა აღარ მინახავს. მე დისტანცირებული ვიყავი და მასთან ურთიერთობისას წესს ვიცავდი, მას თავისი ახლო წრის ხალხი შემოერტყა: თედო ჯაფარიძე, გელა ბეჟუაშვილი, იქვე იყო მისი ბიძა თემურ ალასანია, დიდი შავი სათვალით ფოიეში სრულიად მოულოდნელად გაჩნდა. იქვე ვნახე უცნაური პერსონაჟები – ძმები ხიხინაშვილები, რომლებიც პატრუშევის მეგობრები არიან, მერე ჩვენთან მეტალურგიულ ქარხანაზე დიდი პრეტენზიები ჰქონდათ; მიშა სურგულაძე, ტარიელ ონიანის ძმაკაცი. მოკლედ, სასტუმრო “მერიოტში” უცნაური წარმოშობის ქართველები “გაიჩითნენ”.

 

პუტინ-სააკაშვილის შეხვედრის დეტალებს ოქრუაშვილი მომიყვა. დაგლიჯა, ძალიან მაგარი ვიზიტი იყოო, – იძახდა ოქრუაშვილი. რატომ ირაკლი-თქო, ვკითხე. – ჩვენ ვიცოდითო, რომ როცა პუტინი კარგ ხასიათზეა, რელაქსაციის დროს იგინებაო, როცა ჩვეულებრივზე 2-3-ჯერ გაგრძელებული შეხვედრის შემდეგ გამოვედით და საქმიანი ლანჩი გაიმართა, პუტინი იგინებოდაო, ანუ ძალიან კმაყოფილი დარჩაო?!

ამის შემდეგ სააკაშვილი რუს ბიზნესმენებს შეხვდა. ამ შეხვედრაზე მე, გოგი თოფაძე და სააკაშვილი ვიყავით. თოფაძე წამოიყვანა როგორც უდიდესი ქართველი ბიზნესმენი, მეინსტრიმი. მაშინ ის რატომღაც მიშასთან ახლობლობდა. შეგხვდნენ ჩუბაისი, დერიპასკა, ბენდუქიძე – მაშინ ჯერ იქაური ოლიგარქი, გენერალოვი, იტერას ხელმძღვანელი მაკაროვი, სულ 15 ტოპბიზნესმენი.

მოსკოვურმა ვიზიტმა კარგად ჩაიარა. მიშას და პუტინის ურთიერთობა ფანტასტიურად დაიწო. მათ ერთმანეთს გაუგეს და ერთმანეთს დიდი სიმპათიით დაშორდნენ. იმის ლაპარაკი, რომ პუტინი თავიდანვე გადაკიდებული იყო მიშაზე, ცოტა არასწორია.
ჩემთვის გაუგებარი იყო, საიდან გაჩნდა ის უცნაური ხალხი ჩვენს ირგვლივ და ტარიელ ონიანის ძმაკაცებს რა ესაქმებოდათ პრეზიდენტის გარემოცვაში.

მე ჩემი მისია შევასრულე. გარდა ამისა, მიშას ქალებსაც ვართობდი. ლელა კილაძეს – სააკაშვილის გრიმიორს და მარიკა ვერულაშვილს რესტორან-კაფეებში დავატარებდი. ოფიციალურად, სააკაშვილს გრიმიორი სატელევიზიო გამოსვლების წინ გრიმის წასასმელად ჭირდებოდა და ამ გრიმიორს პირისფარეშივით სულ თან დაატარებს. ახლა ლელა კილაძე გრიმიორი აღარაა, მას თბილისის მერიაში ძალიან დიდი თანამდებობა აქვს და დიდ საქმეებს აკეთებს”, – წერს ეროსი კიწმარიშვილი მემუარებში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close