პოლიტიკა

სააკაშვილის „პატრონებმა“ აშშ-დან, იგივე ბატონმა მაკფოლმა, საუბარი დაიწყო მის სიკვდილთან დაკავშირებით – გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის ლიკვიდაციის გეგმა შეიძლება მის “პატრონებს” ჰქონდეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილის „პატრონები“, რომლებსაც მისი ლიკვიდაციის გეგმა შეიძლება ჰქონდეთ, ევროპარლამენტარები, აშშ-ს ყოფილი თანამდებობის პირები და „გარკვეული ძალები“ არიან.

„როცა მათ დაინახეს, რომ ნულოვანია იმის შანსი, რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს უკანონო პროცესს, რასაც ჰქვია სასჯელისგან სააკაშვილის გათავისუფლება, დადგა დღის წესრიგში ის, რომ როგორმე ეს „ოქროს მოწმე“ პატიმარი სააკაშვილი გააჩუმონ. გაჩუმების ბევრი ხერხი არსებობს, ამიტომ გვინდა ხელისუფლებას მოვუწოდოთ სიფრთხილისკენ. თუ „პატრონები“დაინახავენ საფრთხეს, რომ „ოქროს მოწმე“ შეიძლება ალაპარაკდეს, შეიძლება იქნას მიღებული გადაწყვეტილება მის მოშორებაზე, რითაც 2 კურდღელს დაიჭერენ – ერთი ის, რომ ოქროს მოწმე იქნება მოშორებული და საფრთხე თავიდან აცილებული, რომ როგორც 2008 წლის ომთან, ისე მისი შემოყვანის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით რაიმე თქვას და მეორე ის, რომ შეეცდებიან ეს ყველაფერი დააბრალონ ხელისუფლებას და საქმე მივიდეს მეორე ფრონტამდე,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება “პატრონებს”, მაჭარაშვილი ევროპარლამენტარებზე, მაიკ მაკფოლსა და აშშ-ის სხვა ყოფილი თანამდებობის პირებზე მიუთითებს.

„მე არ მეგონა თუ კიდევ დაგვჭირდებოდა იმის მტკიცება, ვინ არიან სააკაშვილის პატრონები უცხოეთში. მისი სურათები ვის აქვს გამოფენილი ევროპარლამენტში? – გადაახვიეთ რამდენიმე დღის წინანდელი სიუჟეტები და ნახავთ, ე.წ. FreeMisha ვინ გამოფინა. გარკვეული ძალები, მათ შორის ზოგიერთი ყოფილი თანამდებობის პირი განსაკუთრებით აშშ-დან, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ თუ სააკაშვილი ციხეში იქნება, ევროინტეგრაციას პრობლემა შეექმნება – იგივე ბატონი მაკფოლი, რომელმაც საუბარი დაიწყო მის სიკვდილთან დაკავშირებით,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ხალხის ძალამ“ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ „სააკაშვილის პატრონებს რჩებათ გეგმა B – მისი, როგორც ოქროს მოწმის მოშორება, სააკაშვილის სიკვდილის ხელისუფლებისთვის დაბრალება, ამ საბაბით კი ქვეყანაში მასობრივი არეულობის მოწყობა“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close