Sliderსაზოგადოება

როგორ აფასებენ სტუდენტები თბილისის მერის სიტყვას და საქმეს – „უფრო მეტი განათლება, მეტი პროექტი, მეტი ინოვაცია, მეტი სიახლე“

"არ შემეშინდება თქმა, ეს იყო სტუდენტის, პროფესორ-მასწავლებლის და სასწავლო პროცესის გადარჩენა“

დავიწყოთ ასე: „პირველად იყო სიტყვა“, კაცი კი შესრულებული სიტყვით – საქმით ფასდება. სამწუხაროდ, ისეთი დრო დადგა, საქმეს და მითუმეტეს, სიტყვას ფასი დაეკარგა –  ყველა ღირებულება, რაც კაცობრიობას დღიდან „დაბადებისა“ უხვად დაებერტყა, თითქოს დავიწყებას მიეცა, ჩაირეცხა და თქმა იმისა, რომ „გარეთ 21-ე საუკუნეა“, სულაც არაა „პირგასამტეხლო“.
გავაგრძელოთ ასე: ორი წელია, რაც „სხვა ვითარებაში, სხვა გარემოში“ გვიწევს ცხოვრება. დავდივართ ქუჩაში და ლანდივით თან გვდევს ვირუსი, რომელიც არ არის „ერთუცნობიანი განტოლება“. ჩავიკეტეთ, გავთითოკაცდით, შემოვსაზღვრეთ ჩვენი სამყარო, გამარჯობასაც სხვანაირად ვამბობთ – აი, ამას ჰქვია გამოცდა და ასეთ დროს აქვს სიტყვას და საქმეს ოქროს ფასი.
ფაქტი: პანდემიის პირველ ეტაპზე თვალშისაცემი იყო ადამიანის უსუსურობა – „ბუნება მბრძანებელია“, შემდეგ თითქოს შევეჩვიეთ მოცემულობას. ცოტა ხნის წინ „გარეთ გამოვედით“.
დღეს ჩვენ სხვაგვარი სიტყვა და საქმე გვჭირდება.
დღეს თბილი სიტყვაც ფასობს, თბილი გამოხედვაც, თითქოს მოვა დრო და წარსულში ჩაკარგულ ურთიერთიობებსაც აღვადგენთ.
დღეს უფრო მეტად გვჭირდება თანადგომა და თუ დღეს გავუძლებთ, ხვალ წინსვლას განვაგრძობთ უკეთესობისაკენ.
გემოვნების ამბავია, ზოგს აღდგენილი სკვერი მოსწონს, ზოგს – საბავშვო ბაღი, ზოგს – სტადიონი, მაგრამ ყველა თანხმდება ერთ საკითხზე – სიკეთე და წარმატება განათლებიდან იწყება!
ეს ასეა დღეს, იყო გუშინ და იქნება ხვალ – ეს რეალობაა, ეს კი ჩვენი სამშობლოს დედაქალაქის მერი:
„გვაქვს საკმაოდ საინტერესო პროექტი, რომლის განხორციელებას მომდევნო წელს ვაპირებთ. არა მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით, არამედ ქვეყნის მასშტაბით გვინდა განვახორციელოთ – შეიქმნას სხვადასხვა პლატფორმები, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთი ნიჭი, საინტერესო შეხედულებები რეალობად აქციონ სხვადასხვა პროექტების სახით. მინდა ამ ახალგაზრდებს წარმატებები ვუსურვო“.  სამწუხაროდ, მალევე პანდემია დაიწყო, გეგმები შეიცვალა, რეალობამ სხვა პრიორიტეტები წამოსწია წინ.

თბილისის მერის სიტყვა და საქმე

მიზანი: „ჩვენთვის განათლებაში მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა. გვინდა, რომ ახალგაზრდებმა ფინანსური მდგომარეობის გამო, განათლების მიღებაზე უარი არ თქვან. დღეს დედაქალაქის მუნიციპალიტეტი 5 000-მდე სტუდენტს უმაღლეს განათლებას უფინანსებს. ჩვენ გავაფართოვებთ აღნიშნულ პროგრამას და ჩავრთავთ მრავალშვილიანი ოჯახების წევრებს, შშმ პირებს. შედეგად, ჯამში, მინიმუმ 6 000 სტუდენტი მიიღებს დაფინანსებას. გარდა ამისა, როგორც იცით, ათივე რაიონში გვაქვს მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრები და ჩვენ თითოეული მათგანის რეაბილიტაციას ვგეგმავთ. ეს იქნება ერთგვარი მოდერნიზაცია. აქ აქცენტი ციფრულ ტექნოლოგიებზე გაკეთდება. მოეწყობა ციფრული ჰაბები. ერთ-ერთი მათგანი დენდროლოგიურ პარკში განთავსდება – არქიტექტურის, დიზაინისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. ასევე, მინდა შევეხო ევროპის ახალგაზრდული ბარათის დანერგვას, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო და ადგილობრივ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“.

„ყოველთვის წარმატებული მოსწავლე ვიყავი და მიუხედავად სტერეოტიპისა, გოგო ტექნიკური საგნებისთვის სუსტია, საგნებს შორის ყველაზე კარგად სწორედ ტექნიკურ საგნებს ვსწავლობდი. აბიტურიენტმა 100%-იანი გრანტი ავიღე და სწავლა ჩემთვის უფასო იყო, ბუნებრივია. სტუდენტობის დროს ოჯახი შევქმენი. გათხოვილი ქალი და სწავლა შეუძლებელი ნამდვილად არაა, მითუმეტეს, როცა ქმარი მუშაობს და ოჯახს შემოსავალი აქვს, ამიტომ ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მაგისტრატურაში ჩავაბარე. ამ დროს უკვე ორი შვილის დედა ვიყავი. ჩვენს ოჯახში ფინანსური პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯერ მამამთილი, შემდეგ დედამთილი დაიღუპა, თუმცა მიუხედავად ამისა,  სწავლისთვის თავი არ დამინებებია. სამწუხაროდ, მაგისტრატურის გრანტი ვერ მოვიპოვე, ჩემი ქმრის ხელფასი კი სრულად ოჯახს ხმარდებოდა. ავიღე სესხი და ასე გავაგრძელე სწავლა. სწორედ ამ დროს დაიწყო პანდემია. უკვე ძალიან გაგვიჭირდა. გადავწყვიტე აკადემიური ამეღო. უმეტესობა ახერხებს გარკვეული შესვენების შემდეგ სწავლის გაგრძელებას, მე კი მქონდა შიში – ვაითუ ვერ შევძლო. სწორედ ამ დროს გამოაცხადა თბილისის მერიამ წარმატებული მაგისტრანტების დაფინანსების შესახებ. ეს როგორი სიხარული იყო ვერ აღვწერ. „ტუზი დამეცა“, „ტუზი დამეცა“, – ვტიროდი“ – თამარმა გასულ სასწავლო წელს დაასრულა მაგისტრატურა.
პანდემიის დაწყების პირველ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაცია: თბილისის მერის განცხადებით, ფართოვდება წარმატებული მაგისტრანტებისთვის დაფინანსების პროგრამაც, კერძოდ, უქმდება კვოტირება უნივერსიტეტებს შორის, შესაბამისად, კალაძის თქმით, დაფინანსებული მაგისტრანტების რაოდენობა გაორმაგება და 600-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდება.
თეა ორი შვილის დედაა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ბიზნესადმინისტრირების მიმართულებას ეუფლება:
“ეს არის ჩემთვის მეორე პროფესია. წლების განმავლობაში ვმუშაობდი ექთნად, წითელ დიპლომზე დავასრულე სასწავლებელი, თუმცა სამსახურზე თავის დანებება მომიწია. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება როცა გადავწყვიტე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ბიზნესადმინისტრირების მიმართულება ავირჩიე. მე და ჩემი ქმარი წლების განმავლობაში ვცხოვრობდით მის მშობლებთან, შემდეგ ცალკე გადავედით ნაქირავებ ბინაში. სოციალური აგენტი იყო ჩვენთან მოსული, შეამოწმეს პირობები და სოცდაუცველთა სიაში ჩაგვსვეს. ამ დროს გავაჩინე მეორე შვილი. დღეს ბავშვებს ვზრდი და ონლაინ ლექციებს ვესწრები და სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ კარგი სტუდენტი ვარ. პანდემიამ მხოლოდ ჩემი ოჯახი არ დააყენა პრობლემების წინაშე. ძალიან ბევრი ვიწვალე სწავლისთვის თავი რომ არ დამენებებინა, ძალიან მომწონს არჩეული პროფესია, ჩემი ფაკულტეტი. ავიღეთ სესხი და გავაგრძელე სწავლა. არაა საინტერესო როგორ დავფარეთ ეს სესხი, მეორე სემესტრი კი სახელმწიფომ სრულად დამიფინანსა. ვსწავლობ, რომ არა ეს დაფინანსება სხვაგვარად სწავლას ვერ გავაგრძელებდი. მერიამ დაგვაფინანსა, უნივერსიტეტმა თანხა გადაგვინაწილა, დღეს ვსწავლობ და მიხარია“.

ჩვენი ინიციატივით ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება და დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ქულა, ან 150 000-ზე ნაკლები ქულა აქვთ. ამ ინიციატივის შედეგად დამატებით 1000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა თბილისის მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება” – კახა კალაძე.

 „ოხ, ეს გამოცდები, როგორ აგბურდავს და როგორ „აგაწიოკებს“. ბევრი ვეცადე და გრანტი ვერ მოვიპოვე. სტუდენტობა რომ გიხარია და ამ დროს პანდემია იწყება, მაგრად „ტეხავს“. დაიწყო და დაიწყოოო. ჯერ სახლში გამოვიკეტეთ, შემდეგ ათასი პრობლემა წამოვიდა, თითქოს კოკიდან წყალი გადმოღვარეს და ქოლგაც არა გაქვს. სხვა გეგმები მქონდა და რეალობამ ყველაფერი „დაატორმუზა“. ჰოდა, ოჯახმა გადაწყვიტა სწავლა შემეჩერებინა. ბიჭებს კი არა გოგოებს უჭირთ სწავლის აღდგენა, მე რომ თავი დამენებებინა სწავლისთვის 5 წლის მერე (აღადგენების მაქსიმალური ვადა) კი არა, ერთ წელშიც ვეღარ გავაგრძელებდი. ფაქტიურად, ყველა ცვლილება ცხოვრების ახალ ეტაპს ნიშნავს. ხომ მიგიტოვებიათ რაღაც საქმე და როცა მიუბრუნდით ხომ არ გამოვიდა ისე, როგორც ადრე გეგმავდით. არ გამოვიდოდა, შანსი არაა. დავიდარაბაში ვართ ოჯახში, თითქმის შევეგუე სწავლას თავს რომ ვანებებ და სამსახური უნდა ვიპოვო.  ამ დროს აცხადებენ სტუდენტების სწავლის საფასურს მერია დაფარავსო“, – ეს გიორგია, მომავალი იურისტი.

უფრო მეტი განათლება, მეტი პროექტი, მეტი ინოვაცია, მეტი სიახლე, მეტი ახალი რეკრეაციული სივრცეები, მეტი ახალი საბავშვო ბაღები. მეტი შრომა“ – კახა კალაძე.

მარიამი იმ წარმატებულ სტუდენტებს შორისაა, რომელიც სასწავლო წლის განმავლობაში, სემესტრში ერთხელ, მერიის დაწესებულ სტიპენდიას საერთო ჯამში 1125 ლარს იღებს. დავითიც სტიპენდიანტია და კიდევ ბევრი…
„სადავო არაა, სწავლა ვისაც სურს, შესძლებს. პრობლემები? პრობლემებს რა გამოლევს, მაგრამ განა არსებობს სამყაროში ადამიანი, რომელსაც პრობლემები არა აქვს? ხელისუფლებას აქვს თავისი ფუნქცია, ის ვერ გადაგიჭრის ყველა პრობლემას. ძალიან კარგად მახსოვს ჩემი უფროსი დის სტუდენტობა, არ მახსენდება მისი სწავლის საფასური სხვას დაეფაროს. აქ არ არის „ყვავს კაკალი გააგდებინე“ ვითარება. არ ვიცი ვინ როგორ გაიგებს, მითუმეტეს, ვერავინ დამწამებს რომ ვინმეს გუნდრუკს ვუკმევ, მას შემდეგ რაც შევთანხმდით, რომ ჩემს ვინაობას არ გამოაქვეყნებთ. გულწრფელად გეტყვით, დიახ, ჩემი ოჯახისთვის დიდი შეღავათი იყო ჩემი სწავლის საფასურის დაფარვა. დიახ, კარგად ვსწავლობ და დიახ, სტიპენდია მაქვს. ალბათ გამომივა და უკეთესი ცხოვრებისათვის მეც შევიტან წვლილს“, – ეს ლევანია, მომავალი იურისტი.

იმ სტუდენტებს ვისაც ასი პროცენტით დაფინანსებული აქვს სწავლა, ჩაერიცხება თანხა პირად ანგარიშზე. აგრეთვე, პროგრამაში შემავალი უნივერსიტეტების ჩამონათვალს დაემატება კიდევ ერთი უნივერსიტეტი – ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და მისი მაგისტრატურის საფეხური. ასევე, სიახლე გვაქვს ისიც, რომ სტუდენტისთვის წახალისების პირად ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში, თუ ადრე იბეგრებოდა, მომავალში არჩევანი ექნებათ მათ და სტიპენდია უნივერსიტეტის ანგარიშზე სწავლის საფასურის დაფარვის მიზნით ჩარიცხვის შემთხვევაში არ დაიბეგრება. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სტუდენტებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, მაქსიმალურად გვექნება თანადგომა იმ ადამიანების, ოჯახების მიმართ ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს ჩვენი მხარდაჭერა, მუნიციპალიტეტის გვერდში დგომა და არავის პრობლემების პირისპირ არ დავტოვებთ, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ და მაქსიმალური თანადგომა იქნება”– კახა კალაძე.

შედეგი: „პანდემიის პერიოდში სტუდენტების სწავლის საფასურის დაფარვა, მხოლოდ მათთვის არ იყო დიდი შეღავათი. ჩვენს ფაკულტეტზე ძალიან ბევრი სტუდენტი დააფინანსა თბილისის მერიამ, თუ მთავრობამ სხვადასხვა პროექტით, ეს არის მაღალმთიანი სტატუსის მქონე ადგილობრივების, სოციალურად დაუცველების, წარმატებული სტუდენტების თუ სხვა მიმართულებები. პანდემიის პერიოდში, თბილისის მერიის და ზოგადად, ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, გადაარჩინა არა მხოლოდ საქართველოს მომავალი თაობა, არამედ ჩვენც, მათი პედაგოგები. ფაქტია, ფაკულტეტი არსებობს გადახდილი სწავლის საფასურით. როდესაც პანდემია დაიწყო უნივერსიტეტმა, რექტორმა დავით გურგენიძემ, მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თანადგომით, ყველა პირობა შექმნა იმისათვის, რომ სტუდენტს ნაკლები პრობლემები შექმნოდა. რამდენიმე თვე გადავწიეთ გადასახადის გადახდის ვადა, შემდეგ გადავანაწილეთ სტუდენტზე მორგებული გრაფიკით და ამ დროს თბილისის მერიის და ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები, სტუდენტთა დაფინანსება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. არ შემეშინდება თქმა, ეს იყო სტუდენტის, პროფესორ-მასწავლებლის და სასწავლო პროცესის გადარჩენა“ – სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი რუსუდან ქუთათელაძე.

ის, ვინს იცის სიტყვის და საქმის ფასი: „პროგრამა, რომელიც აამოქმედა თბილისი მერიამ, პანდემიის პირობებში, მაშინ, როცა ყველას ძალიან გაგვიჭრირდა, ჩემთვის, როგორც სტუდენტისთვის და ჩემი ოჯახისთვის იყო არა მხოლოდ დიდი შეღავათი, პირდაპირ ვიტყვი – ეს იყო ჩემი გადარჩენა. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტებს დიდი მხარდაჭერა გამოგვიცხადა და სწავლის საფასური ჩვენთვის მორგებული გრაფიკით გადაგვინაწილა, თუმცა გართულებულმა პანდემიურმა მდგომარეობამ დამატებით გაუთვალისწინებელი პრობლემა წარმოშვა. აი, ასეთ დროს თბილისის მერიის ინიციატივა და უნივერსიტეტის მხარდაჭერა იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერს და უნივერსიტეტის რექტორატს. იმედი მაქვს, თითოეული სტუდენტი მათ მხარდაჭერას ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენი სამშობლოს აღმშენებლობის საქმეში გამოვიყენებთ და ნდობას გავამართლებთ“ – გიორგი, სტუდენტი.

 

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close