საზოგადოება

რეზო სტურუა – 80 – პოეტს, გარდაცვალების შემდეგ, აკაკი წერეთლის პრემია მიენიჭა

რეზო სტურუა გალაკტიონის პრემიის ლაურეატი და არაერთი კრებულის ავტორია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, პოეტს, გალაკტიონის პრემიის ლაურიატს, რეზო სტურუას გარდაცვალების შემდეგ აკაკი წერეთლის სახელობის პრემია მიენიჭა.
რეზო სტურუას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო საქართველოს მწერალთა კავშირისა და აჭარის მწერალთა კავშირის ინიციატივით გაიმართა, სადაც რეზო სტურუას შემოქმედებიდან უკანასკნელი ლექსების კრებულის “გაღმა სოფელში ასკილი ყვავის” – პრეზენტაცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ საღამოზე ასევე შედგა პრემიერა რეზო სტურუას ლექსის “ჩვენებურების” მიხედვით შექმნილი სიმღერისა, რომელიც ავტორმა ბაიერ შაჰინმა შეასრულა. როგორც ბაიერ შაჰინმა განაცხადა, ეს სიმღერა იქნება თურქეთში მცხოვრები ეთნიურად ქართველების, ჩვენებურების ჰიმნი.

რეზო სტურუა 18 ივნისს 80 წლის გახდებოდა.
პოეტი კოვიდ-19-ის შედეგად წარმოქნილი გართულებების ფონზე, 2020 წელს, დეკემბერში გარდაიცვალა.
„პოეტი – სიყვარულის დესპანი“, – ასე აფასებდა რეზო სტურუას და მისი შემოქმედებას კრიტიკოსი და ლიტერატურის მკვლევარი თემურ ქორიძე და მართლაც, რეზო სტურუამ ბევრი სიყვარული დატოვა ამსოფლად – ადამიანი სიკეთის განსახიერება. ადამიანი, რომელიც თბილისს და მის საყვარელ ბათუმს არასდროს დაავიწყდება.
„მე დავიბადე, როცა მიწა
ვნებით ქშინავდა,
როცა პირველი ბასრი ხმალი
აწრთო ხალიბმა,
როცა შავლეგოს შავი ჩოხა
სისხლით გახამდა
და სამსხვერპლოზე შენთვის თავი
დადო ტარიგმა.
მე დავიბადე, როცა მიწას
სცემდა ფლოქვები
და გორგასალი ფერდში შუბით
ხმალს ალომებდა,
უკიდეგანოდ გადაჭიმულ
სპარსთა სამეფოს
ქართული მიწის თითო მტკაველს
დააზომებდა.
მე დავიბადე, რუსთაველის
როცა გენია
ღვთიურ მეფე-ქალს მიეახლა
ცოდვის ბოცვერად,
როცა ფარდაგად გამოქნილი
დაუგო ფეხქვეშ
და დასვა ველურ ვეფხის ტყავზე
ხელის მოწერა.
მე დავიბადე , როცა ბებერ
თბილისის თავზე,
ნახევარმთვარით მოფარფაშე
დროშა დაეცა,
როცა პაატას მოკვეთილ თავს,
მსხვერპლად შეწირულს,
სასოწარკვეთილ, ბედკრულ მამის
ცრემლი დაეცა.
მე დავიბადე, როცა იშვა
სვეტიცხოველი,
როცა ცას მიწვდა უფლისციხე
და ბახტრიონი,
როცა მყინვარწვერს ფეხი შედგა
ვაჟამ, ფშაველმა
და უკვდავებას ტყედ ჩაბარდა
გალაკტიონი“.
„პროგრესნიუსი“ გთავაზობთ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებულ შეფასებებს, რომელიც პოეტ რეზო სტურუას მოღვაწეობას, მის პოეზიას ეხება:
„რეზო სტურუას ლექსების კრებული უწყვეტი შემოქმედებითი პროცესის სიცოცხლისუნარიანობით არის აღბეჭდილი. ლექსები პოეტის შინაგანი სიმშვიდისა და აუმღვრეველი ბუნების ანარეკლია. ეპატაჟი და პერფორმანსული ბიძგები ამ ბუნებისთვის სრულიად უცხო მოვლენაა. ამიტომ არის, რომ ლირიკული მეტყველების ავტორისეული მანერა მკითხველში სრულ ნდობას და თანალმობას აღძრავს. ეს ერთგვარი „ერთსულოვნება“ თანაბარი ინტესივობით მოიცავს როგორც ბუნებრივ, ისე ადამიანურ წყაროებს“, – წერს თემურ ქორიძე, რეზო სტურუას ერთ-ერთი კრებულის – „ლექსები“ – შესავალ ნაწილში.
„მხოლოდ ღვთიური სისადავე“, – ასე აფასებს სტურუას ლექსებს პოეტი ცისანა ანთაძე და აღნიშნავს: „ფერისცვალების ასაკში მობრძანდა რეზო სტურუა ქართული ლექსის ტაძარში. დიდი ცისკრის ლოცვაზე, პოეზიის ენით საგალობელი სიტყვები მას იმთავითვე სულში ელაგა. მობრძანდა და გაზაფხულგამოვლილი, საამო სურნელშერეული ლექსები შესთავაზა მკითხველს. ამგვარი დაგვიანების გამო, სინანულიც გაეპარა ერთდგან: „ნეტავი ადრე მცოდნოდა,/ზამთრის მოსვლას თუ ელოდი,/ზედმეტი ვნებით დამთვრალი/მაისში არ მოვკვდებოდი“. რასაკვირველია, ეს სინანული ქრისტიანის, მით უფრო პოეტის აღსარებას უთუოდ უნდა მოჰყოლოდა“.
„ათი წელია რაც რეზო სტურუამ შემოაღო კარი, შემოაბიჯა ქართული პოეზიის სარბიელზე და მიმაჩნია, რომ ეს არის ბედნიერი შემთხვევა ქართული ლექსისთვის. მან გამოაქვეყნა ლექსების სამი კრებული და აი, ახლა ჩვენს წინ დევს ლექსების რჩეული, რომელიც ძალიან კარგი გამოცემაა. მიმაჩნია, რომ თავისი დრამატიზმით, მაღალი პოეტური რეგისტრით შინაგანი თავისუფლებით, მხატვრული სახეებით, გამორჩეული წიგნია ქართულ პოეზიაში. როგორც სულგანათლებულმა თემურ ქორიძემ ბრძანა, ის არის პოეტი – სიყვარულის დესპანი“,  – ასე შეაფასა რეზო სტურუას პოეზია მწერალმა, ნოველისტმა, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ რეზო მიშველაძემ.
რეზო სტურუა რამდენიმე კრებულის ავტორია, კრებულმა „ლექსები“ გალაკტიონის პრემია დაიმსახურა. კრებულში თავმოყრილია ყველა ის ლექსი, რომელიც ავტორის აზრით, საუკეთესო და საეტაპოა მის შემოქმედებაში. 

მარინა დოლენჯაშვილი, პედაგოგი: „გავეცანი ბატონი რეზო სტურუას ლექსებს, გამაოცა ესთეთიკურმა სამყარომ, რომელიც მშვიდი, გაწონასწორებული, ეთიკურია. ყველაფერი ისეა დაწმენდილი, დაწყობილი, ზნეობრივად ამაღლებული, რომ თითქოს არ იგრძნობა ლირიკული გმირის, პოეტის მღელვარება, რომელიც სულის სიღრმეშია „დამალული“. მის თითოეულ სტრიქონში ჩანს ზღვარდაუდებელი სიყვარული ერისა და ქვეყნისა, ოჯახისა.  ბატონი რეზო გრძნობს ერის გულისცემის, ადგილის დედასავით ეთაყვანება მშობლიურ ქალაქ ბათუმს, საქართველოს მხარეებს, განსაკუთრებით, კახეთს“.
ამონარიდი რეზო სტურუას პოეზიის ერთერთი საღამოსადმი მიძღვნილი სტატიიდან: „რამდენიმე წლის წინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ მშობლიური უნივერსიტეტის კედლებში, ხალხმრავალ აუდიტორიაში ჩემს შემოქმედებას წარვუდგენდი საზოგადოებას”, – განაცხადა რეზო სტურუამ. „ყველა პოეტის ლექსებს ვერ ვკითხულობ, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ვიპოვო ჩემი. რეზო სტურუას ლექსები ჩემია, ეს ის ლექსებია, რომელიც დიდი სიამოვნებით წავიკითხე“, – ეს მურმან ჯინორიას შეფასებაა.”

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასარგებლო წიაღისეულთა გამდიდრების მიმართულების სრული პროფესორი, ცნობილი ქართველი მეცნიერი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი  რეზო სტურუა დაიბადა 1941 წელს, ლანჩხუთში. 1958 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა ბათუმის მეექვსე საშუალო სკოლა. 1958 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დასრულებისთანავე განაწილებით მუშაობდა უზბეკეთში, ალმალიკის სამთო კომბინატში. 1965-67 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კათედრაზე ჯერ ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად. 1967-70 წლებში სწავლობდა მოსკოვის სკოჩინსკის სახელობის სამთო საქმისა და მყარი საწვავი წიაღისეულის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1970-78 წლებში მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასარგებლო წიაღისეულის კათედრაზე თადაპირველად ასისტენტდ, შემდეგ დოცენტად. 1971-73 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის  ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკთა და სტუდენტთა სამეცნიერო  საზოგადოების საბჭოს თავმჯდომარე. 1973-74 წლებში სწავლობდა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სპეცფაკულტეტზე. 1970 წელს მოსკოვის მყარი საწვავის ინსტიტუტის  სამეცნიერო საბჭოზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1983 წელს ირკუტსკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე სადოქტორო დისერტაცია. 1978 წლიდან 1992 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების კათედრას. 1988 წლიდან 1991 წლამდე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი საღამოსა და დაუსწრებელი სწავლების დარგში, ხოლო 1991 წლიდან 2004 წლამდე ამავე უნივერსიტეტის პირველი პრორექტორი. სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასარგებლო წიაღისეულის გამდიდრების მიმართულების სრული პროფესორი, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე.
რევაზ სტურუას სამეცნიერო-საინჟინრო მოღვაწეობის სფერო იყო სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება – მინერალური პროცესები. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა შავი და ფერადი ლითონების მადნების გამდიდრების ტექნოლოგიებთან ინტენსიური ენერგეტიკული პროცესების კომბინირების მეცნიერული საფუძვლები, რაც პრაქტიკულად გამოიხატა ახალი მაღალეფექტური ტექნოლოგიების შექმნაში.
რეზო სტურუას ხელმძღვანელობით ჩატარებული კომპლექსური კვლევის საფუძველზე განხორციელებულია სასარგებლო წიაღისეულის ფლოტაციის პროცესის ინტენსიფიკაციის სამეცნიერო პრობლემის თეორიული დებულებების განზოგადება, დამყარებული ინტენსიური ელექტრონული ზემოქმედების გამოყენებაზე და შემუშავებულია პრაქტიკული რეკომენდაციები, რომელთაც აქვთ სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა.
რეზო სტურუას მიერ ჩატარებულია მრავალმხრივი კომპლექსური კვლევები ჭიათურის აუზის ღარიბი მანგანუმის მადნების გამდიდრების ტექნოლოგიური სქემების  ოპტიმიზაციის მიმართულებით. მიღწეულია მთელი რიგი ტექნოლოგიური და საინჟინრო პრობლემების გადაწყვეტა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ეკონომიკური ეფექტით.
პროფესორი რეზო სტურუა არის 145 ნაბეჭდი ნაშრომის, მათ შორის, 28 საავტორო მოწმობის, ერთი მონოგრაფიის და 4 სახელმძღვანელოს ავტორი.
1997 წელს გერმანიაში, ქალაქ აახენში გამართულ მინერსლური პროცესების მსოფლიო მეცხრამეტე კონგრესზე პროფესორი რეზო სტურუა არჩეულ იქნა მინერალური პროცესების მსოფლიო  კონგრესების სამეცნიერო საორგანიზაციო მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრად. 1996 წელს რეზო სტურუა აირჩიეს საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრად. იგი არის რუსეთის სამთო აკადემიის ნამდვილი წევრი, რუსეთის საინჟინრო აკადემიის და ინფორმატიკის საერთაშორისო აკადემიის წევრი, აშშ-ის  სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოების „სიგმა – X“ წევრი  2000 წლიდან სამთო საზოგადოების პრეზიდენტი.
რეზო სტურუა 1988 წელს დაჯილდოვდა „საპატიო ნიშნის“ ორდენით, ხოლო 1998 წელს „ღირსების ორდენით“. 2011 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რეზო სტურუა უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო გ. ნიკოლაძის მედალი გადასცა.

 

 

 

 

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close