საზოგადოება

პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა

თორაძე აშშ-ში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა, სადაც 1983 წლიდან ცხოვრობდა. ის 69 წლის იყო.

პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნიკოლოზ რაჭველი ადასტურებს.

არსებული ინფორმაციით, თორაძე აშშ-ში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა, სადაც 1983 წლიდან ცხოვრობდა. ის 69 წლის იყო.

ლექსო თორაძე 1952 წლის 30 მაისს, თბილისში დაიბადა. თბილისის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1969 წელს ლექსო თორაძე ჩაირიცხა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (პროფ. ე. გურევიჩის კლასი; 1970-1975 წლებში სწავლობდა პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში (ბ. ზემლიანსკის კლასი), ხოლო 1978 წელს დაამთავრა ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა (პროფ. ლ. ნაუმოვის კლასი).

1969 წელს პიანისტი მუსიკოს-შემსრულებელთა ამიერკავკასიისა და საკავშირო კონკურსების ლაურეატი გახდა; 1975 წელს იტალიაში ა. კასაგრანდეს სახელობის საერთაშორისო კონკურსში მიიღო III პრემია, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ვან კლაიბერნის სახელობის საერთაშორისო კონკურსზე – II პრემია.

ლექსო თორაძის საშემსრულებლო რეპერტუარი მოიცავს სხვადასხვა სტილის ნაწარმოებებს; მუსიკოსმა აღიარება მოიპოვა მოცარტის, ლისტის, პროკოფიევის, რახმანინოვის, სტრავინსკის, ჩაიკოვსკის და სხვ. ნაწარმოებთა შესრულებით; პიანისტის დისკოგრაფია საკმაოდ ვრცელია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close