Slider

„ოცნებას“ განათლების სფეროში ჩანერგილი ნაციონალები „გადაჩეხავენ“

„გამოცდების ვადებში ჩატარება „ოცნების“ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების შემოგდებული იდეა, რომ ამას მასობრივი ჩაჭრები და უკმაყოფილება მოჰყვეს“

„გამოცდების ვადებში ჩატარება არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების შემოგდებული იდეა, რომ ამას მასობრივი ჩაჭრები და უკმაყოფილება მოჰყვეს“ – განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი „პროგრესნიუსთან“ 2020 წლის გამოცდების თემაზე საუბარს აგრძელებს.

_ ჩემს წინა ინტერვიუში გესაუბრეთ რატომ უნდა გაუქმდეს 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები, თუმცა იმ დაძაბულ ფონზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, როგორც ფსიქოლოგიური, ისე უსაფრთხოების კუთხით, არც სხვა სახის გამოცდების ჩატარებაა სასურველი. მესმის, რომ ლექციები და კონსულტაციები დისტანციურად ტარდება, მაგრამ არ მესმის განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსი, რომელი ამბობს, რომ ყველა გამოცდა დადგენილ ვადაში უნდა ჩატარდეს. სამინისტროს შევახსენებ, რომ დისტანციურად ვერ სრულდება ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოები, სამაგისტრო და სადოქტორო კვლევები, რომლებიც ექსპერიმენტებს მოითხოვს და ყველაზე მთავარი და მასობრივი – ბაკალავრიატში კურსიდან კურსზე გადასაყვანი გამოცდები რომ ჩატარდეს, საჭიროა მეორე სემესტრის აღდგენა.
შეგახსენებთ, რომ ზოგიერთ უნივერსიტეტში სწავლა არც ჰქონდათ დაწყებული, ზოგან ერთი კვირა მეცადინეობა მოასწრეს და იძულებითი არდადეგები გამოცხადდა. მოგეხსენებათ, რომ თითოეულ სემესტრში არის 15 სასწავლო კვირა ანუ ექსპერიმენტული საგნების 99%-ში 15 ლაბორატორიული კეთდება. მე ვესაუბრე სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებს, დეკანებს, კათედრების გამგეებს და ყველა ერთსა და იმავე აზრზეა, რომ ყველაფერი უნდა აღდგეს. კურსის შემოკლება, ამოღება და „მიფუჩეჩება“ არ შეიძლება, იმიტომ, რომ ბაკალავრიატში ყალიბდება სპეციალისტი და არ შეიძლება სპეციალისტს ერთი სემესტრი გამოატოვებინო და სხვა სემესტრზე გადახვიდე.
_ ასეთ შემთხვევაში, აკადემიური წლის გამოცხადება ხომ არ აჯობებდა?
_  არავითარ შემთხვევაში, იმიტომ, რომ სკოლებს ზოგიერთ საგანში პროგრამის 80% და მეტი გავლილი ჰქონდათ, ხოლო უმაღლეს  სასწავლებლებს, პირველი სემესტრი დახურული ჰქონდათ და მეორე სემესტრში დისტანციურ სწავლებაზე იყვნენ გადასული. თუმცა, ისეთი ექსპერიმენტული საგნები და მიმართულებები, როგორიცაა სამედიცინო, აგრარული, საინჟინრო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ა.შ. ასე ადვილად ვადაში ვერ ჩაეტევა და ვერ დაიხურება. როგორც უნივერსიტეტების ხელმძღვანელებმა მითხრეს, ცხრილები პრაქტიკულად შედგენილი აქვთ და ემზადებიან ინტენსიური სწავლების დაწყებისთვის. თუ მთავრობა უფლებას მისცემს, მაისის ბოლოდან ან ივნისიდან, როდესაც საგანგებო ვითარება მოიხსნება, კათედრები და კაბინეტ-ლაბორატორიები მუშაობას განაახლებენ, ოღონდ უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების გათვალისწინებით. კერძოდ, თითოეულ ჯგუფში 3-4 სტუდენტზე მეტი არ იქნება და სტუდენტები სწავლებაზე გარკვეულ დროს მივლენ. ეს სწავლება როგორი ინტენსიურიც არ უნდა იყოს, თვენახევარი-ორი თვე მაინც გაგრძელდება. აქედან გამომდინარე, ერთიანი სამაგისტრო გამოცდების ვადები გადაიწევს, თუმცა სამინისტროს  ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჯიუტად აცხადებს რომ გამოცდა არ გადავადდება. ასეთ შემთხვევაში, ივლისის პირველი კვირიდან დაიწყება როგორც ერთიანი ეროვნული გამოცდები, ასევე სამაგისტრო გამოცდები. პრაქტიკულად ეს გამოცდები ერთდროულად იქნება.
_ პრობლებას რაში ხედავთ?
_ სამაგისტრო გამოცდებზე ძირითადად ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები გადიან. როგორ შეიძლება ივლისის პირველი ნახევრიდან სამაგისტრო გამოცდების დაწყება, როცა სემესტრული სწავლება ორი თვით მაინც გადაიწევს? ცხადია, ბაკალავრების უფლებები დაირღვევა – ისინი უბრალოდ ვერ მოხვდებიან სამაგისტრო გამოცდაზე იმ მიზეზის გამო, რომ არ ექნებათ დასრულებული საბაკალავრო კურსი და არ ექნებათ გამოცდები ჩაბარებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც არც სამინისტრო და არც გამოცდების ეროვნული ცენტრი ფიქრობს. არ ვიცი ასეთი გლობალური საკითხი როგორ შეიძლება „გაგეპაროს“თუ „მიფუჩეჩების პოლიტიკაზე“ არ ხარ გადასული.  უნივერსიტეტები ასე არ არიან განწყობილი. ისინი ამბობენ, რომ სილაბუსისა და საგნობრივი პროგრამის მოთხოვნებს და მიზნებს შევასრულებინებთო, მაგრამ  მიზნების შესრულება მოხდება მხოლოდ ინტენსიური სწავლების დასრულების შემდეგ. იცით, საზღვარგარეთ საუნივერსიტეტო პრობლემები როგორ გადაწყდა? ისეთივე ინტენსიური სწავლებით, როგორსაც ჩვენი სახელმწიფო უნივერსიტეტები გეგმავენ.  შეიძლება მთელი ზაფხული და შემოდგომის ნაწილიც დაჭირდეთ სტუდენტებს ყველაფრის აღსადგენად და შემოდგომაზე, შეიძლება კურსიდან კურსზე გადასაყვანი გამოცდები ჩატარდეს. ეს არ შეუშლის ხელს ახალი სემესტრის დაწყებას, ვინაიდან უნივერსიტეტებში სწავლა სექტემბრის ბოლოს იწყება.
_ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ვადებზე რა აზრის ხართ?
_ რაც შეეხება მასწავლებელთა ყბადაღებულ სასერტიფიკაციო გამოცდებს, რომლებზეც 13 000-მდე ადამიანია დარეგისტრირებული. მოგეხსენებათ, როგორ ეჩქარება ხელისუფლებას პრაქტიკოსი მასწავლებლების ქუჩაში გაყრა, ამიტომ პარლამენტის მუშაობის დასრულებამდე ცდილობენ მიიღონ ახალი რეგულირების წესი, რასაც მარტო მთავრობის დადგნილება კი არა, კანონში ცვლილებაც დასჭირდება. ამ წესის შემოტანის მთავარი მიზანია, რომ მასწავლებელთა ოთხი კატეგორიიდან (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებელი) პრაქტიკოსი მასწავლებელი ამოიღონ და სამსახურიდან გაუშვან.  ასეთი კი 10 000-ზე მეტი მასწავლებელია. ასე, რომ ვინც ვერ ჩააბარებს გამოცდას, ავტომატურად მოუწევს სამსახურის დატოვება.
_ თქვენი აზრით, მასწავლებელი, რომელიც საკუთარ სპეციალობაში გამოცდას ვერ აბარებს, სკოლაში უნდა დარჩეს?
_ დავიწყოთ იმით, რომ ათასობით ადამიანის გაშვებას სასწავლო პროცესის დროს,  საარჩევნო პერიოდში აპირებენ, როცა მასობრივი საკადრო გადაადგილებები არ შეიძლება. თანაც, აქმდე ვინც გაუშვეს, ძირითადად, საპენსიო ასაკის მაგისტრები იყვნენ და მათ ნაცვლად არასპეციალისტები და არაპროფესიონალი ბაკალავრები შემოიყვანეს. ამჟამად მათი უმეტესობა საერთოდ გაქცეულია და სკოლებში მასწავლებელთა დეფიციტია. ყველაზე საინტერესო იცით, რა არის? ასაკოვანი სპეციალისტები, რომლებსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი წლების განმავლობაში, გამოცდებზე დამკვირვებლებად და კოორდინატორებად ამუშავებდა, წელს უსაფრთხოებისა და კრიტიკული ასაკის გამო აღარ აიყვანეს. ამ დროს, მასწავლებლების უმეტესობა, რომელიც გამოცდებზე უნდა გაიყვანონ, კრიტიკული ასაკისაა. ამ ხალხს  საფრთხე არ ემუქრება თუ როგორაა? ამ გაგანია პანდემიის ფონზე, სად ეჩქარებათ, რა ეჩქარებათ, როდესაც სპეცვიალისტების შემცვლელი არ ჰყავთ? ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, წელს მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარება არასასურველია და თავისუფლად შეიძლება გადაიტანონ მომავალ წელს, როცა ახალი პარლამენტი შეიკრიბება. არ მესმის, როგორ შეიძლება ისეთ გონიერ პრემიერ მინისტრს, როგორიც გახარიაა, ეს არაფრის მომცემი ერთიანი ეროვნული გამოცდები დაეტოვებინა? მაგრამ უბედურება ისაა, რომ ყველა, ვინც ამჟამად საგანმანათლებო პოლიტიკაზე მუშაობს, ნაციონალებთან დაკავშირებული და მათი ყოფილი თანამებრძოლია. ეს ხალხი ყველაფერს გააკეთებს, რომ ნაცმოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ხოლო ოცნებას იმდენი ჭკუა არ ჰყოფნის, რომ ნაციონალების დროინდელ ექსპერტებს ჩამოეხსნას. დიახ, „ოცნებას“ განათლების სფეროში ჩანერგილი ნაციონალები „გადაჩეხავენ“. რომელ ქვეყანას გაჰყავს პირდაპირ გამოცდაზე გინდ სტუდენტი, გინდ მოსწავლე, გინდ მასწავლებელი და გინდ მაგისტრანტი? ასეთი რამ არსად ხდება! ჯერ იწყება პირდაპირი გზით სწავლების კურსები, რომელიც არის ყველაზე ეფექტური.
გამოცდების ვადებში ჩატარება არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების შემოგდებული იდეა, რომ ამას მასობრივი ჩაჭრები და უკმაყოფილება მოჰყვეს. ჩაიჭრება ძალიან დიდი პროცენტი და უნივერსიტეტები შევსებას ვერ მიიღებენ. თუ ბოლო წლებში 11 000 -დან 13 000-მდე სტუდენტი აკლდებათ, წელს ორი იმდენი დააკლდებათ.
და ბოლოს, რაც გამოცდებზე, კონკურსანტების ეკიპირებაზე უაზროდ ფული უნდა დახარჯონ, აჯობებდა, რომ ბავშვებისთვის პირველი სემესტრის საფასური დაეფარათ.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close