პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილი ნებისმიერი აქცია გააქრობს არსებულ საპროტესტო მუხტს, რომელსაც ობიექტურად იმსახურებს „ქართული ოცნება“ – ხვიჩია

არ ვიცი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეგნებულად ეხმარებიან თუ არა ერთმანეთს, მაგრამ ის, რომ აქციებს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით და მხარდასაჭერად იწყებს „ნაციონალური მოძრაობა“, თავად ამ იდეას აზიანებს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩიამ კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებაზე და 20 ივნისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ნებისმიერი ასეთი აქცია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა დაგეგმავს, არსებული საპროტესტო მუხტს გააქრობს.

„არ ვიცი, „ნაციონალური მოძრაობა“ რას აპირებს, მაგრამ ჩემგან ეს განხილული იქნება როგორც „ქართული ოცნების“ დახმარება. ნებისმიერი ასეთი აქცია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა დაგეგმავს, საბოლოო ჯამში, მიდრეკილი იქნება იმისკენ, რომ არსებული საპროტესტო მუხტი, რომელიც ობიექტურად არის სამართლიანი და ობიექტურად იმსახურებს „ქართული ოცნება“, გააქროს და ისევ ჩვეულებრივ რუტინას დაუბრუნდეს პოლიტიკური პროცესი. არ ვიცი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეგნებულად ეხმარებიან თუ არა ერთმანეთს, მაგრამ ის, რომ აქციებს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით და მხარდასაჭერად იწყებს „ნაციონალური მოძრაობა“, ამ იდეას აზიანებს თავად. ამიტომ, ამდენი ხნის განმავლობაში ვითხოვ, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს, რომ ქართველ ხალხს მიეცეს საშუალება, რომ ახალი თავი გადაფურცლოს, მათ შორის იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ნებისმიერ იდეაზე  აქციის დაგეგმვა სახელის გატეხვაა, მათ შორის, ამ აქციაზე და დასავლურ ღირებულებებზე სახელის გატეხვაა. ამიტომ, თუ მათ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ, რაღაცას თავი უნდა დაანებონ და ქართველ ხალხს მისცენ უფლება, მათი ხელმძღვანელობის გარეშე დააორგანიზონ რამე პროტესტი, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება და არა ზემოდან პოლიტიკოსების მითითებით და ორგანიზებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება კითხვას, საპროტესტო მუხტი ხალხში როდის უნდა გამოიხატოს, ხვიჩიას თქმით, ეს უნდა მოხდეს „პირველივე კვირას, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ საფრთხე მოიხსნება“.

„პირველივე კვირას გამოიხატება, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ საფრთხე მოიხსნება. ასეთი რწმენით „ვმოძრაობ“, მაგრამ ხალხს საშუალებას არ აძლევენ, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი პროტესტი. ასწრებენ, სცენას სხვას არავის არ უთმობ, სცენა გამაგრებული გაქვს, რომ სხვამ არავინ არ დაგასწროს და შენ, რომ იქ ადიხარ, შენი მოსმენა არავის არ უნდა, ჩვენს პოლიტიკოსებს სამწუხაროდ, ეს არ ესმით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close