პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა არის არასანდო პარტნიორი – ამიტომ დაკარგა დასავლეთის მხარდაჭერა მათმა ბელადმა“

ჟურნალი „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი ენმ-ის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა და ნაციონალურ მოძრაობას არასანდრო პარტნიორი უწოდა:
„1 ნოემბერს, როდესაც სიტყვა ბოიკოტი ახსენეს, ძალიან გავბრაზდი.
ძალიან გავბრაზდი, იმიტომ რომ სასოწარკვეთილ, გაუაზრებელ და ემოციურ გადაწყვეტილებად ჩავთვალე.
ვისი ემოცია გაუკვირდაო, იკითხავენ – მაგრამ ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ რამდენადაც ემოციური ვარ მშვიდობიან დროს, იმდენად ყინულივით ვარ კრიზისში.
გაბრაზების მიზეზი ის კი არ იყო, რომ არჩევნებს არ ვთვლიდი გაყალბებულად, ვთვლიდი.
უბრალოდ ბოიკოტი ისეთი ზომაა, რომელსაც მაშინ იღებ, როცა აწევა შეგიძლია.
ზოგადად, რა ზომასაც იღებ, ყველა ზომის აწევა უნდა შეგეძლოს.
როცა ბოიკოტზე მიდიხარ, უნდა იაზრებდე:
1) რომ უზარმაზარი წნეხი გექნება საერთაშორისო თანამეგობრობიდან.
2) უზარმაზარია მარგინალიზების რისკი და კარგად უნდა გქონდეს გათვლილი, როგორ რჩები მეინსტრიმად – რა გიმაგრებს ამისთვის ზურგს (გაყალბების მტკიცებულებები, სახალხო ბრაზი)
3) ბოიკოტი რომ ეფექტიანი იყოს, ერთსულოვანი უნდა იყოს და ამის იმედი არ მქონდა.
ამის მიუხედავად, ოპოზიცია შეთანხმდა და ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო ბოიკოტზე.
როცა ეს ამბავი უკვე მოხდა, ჩემს მოვალეობად ჩავთვალე, რომ ახლა, ეს ზომა უნდა ავწიოთ – ახლა მთავარი თანმიმდევრულობაა.
ზიგზაგებს პროცესზე ძალიან, ძალიან უარყოფითი გავლენა ექნება.
ამასობაში რა ხდება?
როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე ტლანქი და ყველაზე უსაქციელო ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ლიდერები გატეხეს და აკეთებინებენ განცხადებებს, რაც მთელ პროცესს აზიანებს.
ნაციონალური მოძრაობა არის არასანდო პარტნიორი – ამიტომ დაკარგა დასავლეთის მხარდაჭერა მათმა ბელადმა.
როცა ოპოზიციური პარტიები ამას გაიაზრებთ და ზომის გამო ყველაფერს არ გაუტარებთ, მაშინ შეიძლება რაღაც მომავალი გქონდეთ.
მანამდე სულ ამ ტოქსიკური ძალის ჩრდილში იქნებით და ქვეყანაში ბიძინა იმეფებს“ – წერს თამარ ჩეროლეიშვილი
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ მისი განცხადება იმ დიალოგის ჩაშლამ განაპირობა, რომელიც დიპლომატების ჩართულობით მიმდინარეობდა.10 ნოემბერს გრიგოლ ვაშაძემ გავრცელებულ განცხადებაში პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. მოგვიანებით მან დამატებით განმარტა, რომ თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას და არც პარლამენტში შევლენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close