საზოგადოება

კახა კალაძე: 4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ლურჯად და ნარინჯისფრად განათდება

4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ლურჯად და ნარინჯისფრად განათდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, წელს, ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი 27 160 600 ლარია და ამ თანხის თითოეული თეთრი, ცხადია, თბილისში მცხოვრები მოქალაქეების ჯანმრთელობას მოხმარდება

„4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და ამ თარიღთან დაკავშირებით, თბილისის ანძა, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების ღირსშესანიშნაობები, ლურჯად და ნარინჯისფრად განათდება.
თბილისის მერია, ამ ვერაგ სენთან ბრძოლაში თავის მოსახლეობას გვერდით უდგას და სიმსივნური დაავადებების სკრინინგისა და მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ახორციელებს.
კერძოდ, ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით, ხორციელდება – დაავადებათა სკრინინგის, ძვლის ტვინის გადანერგვის (ე.წ. ლეიკემიის), ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებისა და სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების პროგრამები.
დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, გამოკვლევები სრულად ფინანსდება. პროგრამის მიზანია, დაავადებათა ადრეული დიაგნოსტიკა, კიბოს საწყის სტადიაზე გამოვლენა და ონკოდაავადებებით გამოწვეული ლეტალობის რიცხვის შემცირება.
თბილისის მერიამ 2022 წელს დააფინანსა დაავადებათა სკრინინგის პროგრამის ფარგლებში 130 857 შემთხვევა, მათ შორის, 115 491 გამოკვლევა- ეროვნულ სკრინინგ ცენტრში; ძვლის ტვინის გადანერგვის პროგრამის ფარგლებში – 163 შემთხვევა; ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტები კი სრულად ან 50%–ით 238 მოქალაქეს დაუფინანსდა.
თბილისის მერიის აღნიშნული პროგრამების მიზანია მოქალაქეთა სიცოცხლის გადარჩენა–გახანგრძლივება და ფინანსური ტვირთის შემსუბუქება, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.
მინდა, პირველ, რიგში, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო. ოჯახებს კი, რომლებიც ამ პრობლემის წინაშე აღმოაჩენდნენ, ვეცდებით გვერდით დავუდგეთ.
წელს, ჯანდაცვის პროგრამების მიმართულებით ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტი 27 160 600 ლარია და ამ თანხის თითოეული თეთრი, ცხადია, თბილისში მცხოვრები მოქალაქეების ჯანმრთელობას მოხმარდება“,- აღნიშნა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close