საზოგადოება

კახა კალაძე ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზე: მინდა, მივმართო სამშენებლო კომპანიებს და მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდო, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი დაინტერესება, რომ პროგრამა წარმატებით განხორციელდეს

მინდა, მივმართო სამშენებლო კომპანიებს და მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდო, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი დაინტერესება, რომ პროგრამა წარმატებით განხორციელდეს, – ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„როგორც მოგეხსენებათ, გასულ წელს დავიწყეთ და წარმატებით ხორციელდება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც ჩემი საარჩევნო დაპირება იყო. ყველამ კარგად იცის ამ პროგრამის შესახებ, თითქმის ყველა მთავრობის სხდომაზე ვსაუბრობ მასზე. პროგრამის ფარგლებში ბევრი საქმე გაკეთებულია, კიდევ ბევრი – გასაკეთებელია, რადგან ბევრი ავარიული შენობაა ჩასანაცვლებელი. ამჯერად მინდა მივმართო სამშენებლო კომპანიებს და პროგრამაში მეტი ჩართულობისკენ მოვუწოდო.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ავარიული სახლების ჩანაცვლებას, რა პროცესშიც პრინციპულად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა სამშენებლო კომპანიებთან.

ამ ეტაპზე, დაწყებული გვაქვს ერთი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები სამგორის რაიონში, განხორციელების სხვადასხვა ეტაპზეა კიდევ 40 პროექტი, რომელიც უნდა გამოვიდეს სამშენებლო ტენდერზე და მონაწილეობა მიიღონ და დაინტერესდნენ სამშენებლო კომპანიები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი დაინტერესება, რომ პროგრამა წარმატებით განხორციელდეს.
მინდა, მივმართო სამშენებლო კომპანიებს და მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდო. ჩვენ ყოველთვის ხელმისაწვდომები ვართ. თუ რამე კითხვა აქვთ, შეგვიძლია ნებისმიერ კითხვაზე გავცეთ პასუხი, ეს ინფორმაცია ყოველთვის ხელმისაწვდომია. ვიმედოვნებ, მათი მხრიდან დაინტერესება და აქტიურობა უფრო თვალსაჩინო იქნება და ერთად შევძლებთ თბილისის განახლებას, უამრავი თბილისელისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის აღმოფხვრას“,- განაცხადა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close