პოლიტიკა

“იმ მახინჯი სურათით, რომელიც უგულავამ და მელიამ შექმნეს მოკლე დროით, შედეგს ვერ მიაღწევენ” – კობახიძე

იმ მახინჯი სურათით, რომელიც უგულავამ და მელიამ შექმნეს მოკლე დროით სასამართლოს შენობის გარეთ, ბუნებრივია, ისინი შედეგს ვერ მიაღწევენ, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე, გუშინ, მიხეილ სააკაშვილის პროცესის მიმდინარეობისას საქალაქო სასამართლოს წინ განვითარებულ მოვლენებს.

მისი თქმით, დღეს საზოგადოებას სჭირდება დღის წესრიგის ცვლილება და პოზიტიურ, განვითარებაზე ორიენტირებულ დღის წესრიგზე გადასვლა, რაც პარლამენტში მყოფი პარტიებისა და დეპუტატების პასუხისმგებლობაა.

„მინდა, გამოვეხმაურო იმ მოვლენებს, რომლებიც ვითარდებოდა სასამართლო შენობის გარეთ, აბსოლუტურად მიუღებელ სურათს. განსაკუთრებით აქტიურობდნენ მელია, უგულავა – ორი ადამიანი, რომელიც თავის დროზე, შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური შეთანხმებების შემდეგ გათავისუფლდა და დღეს სწორედ ისინი ცდილობენ ჩადგნენ პოლარიზაციის სათავეში, თუმცა მათი ეს მცდელობაც, რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვის არის განწირული და იმ მახინჯი სურათით, რომელიც მათ შექმნეს მოკლე დროით სასამართლოს შენობის გარეთ, ბუნებრივია, ისინი შედეგს ვერ მიაღწევენ.

ჩვენი მთავარი ამოცანა არის დღის წესრიგის ცვლილება. ჩვენს ქვეყანას სჭირდება დღის წესრიგის შეცვლა. ჩვენ ასეთი განზრახვა გვქონდა უკვე არჩევნების მეორე დღიდან, თუმცა, სამწუხაროდ, ამ გასული ერთი თვის განმავლობაში მაინც მოახერხეს და ჩატოვეს ქვეყანა სააკაშვილის და შემდეგ პოლარიზაციის რეჟიმში, უცვლელ დღის წესრიგში, რომლის თავს მოხვევას ისინი საზოგადოებისთვის ცდილობენ, თუმცა ეს დღის წესრიგი შეიცვლება ძალიან მალე. ამაში არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა თითოეული პოლიტიკური პარტიის, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და ვთხოვ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა დეპუტატს, რომ სათანადოდ გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც აკისრიათ მათ ქვეყნის წინაშე, ხალხის წინაშე. ჩვენ გვჭირდება პოზიტიური, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი. ყველას მოგიწოდებთ კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close