საზოგადოება

„იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკის დროს იყო“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ეპიდვითარება გაუარესდა და ახლა იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკის დროს იყო.

“საქართველოში ეპიდვითარება გაუარესდა. ჩვენ ახლა იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკის დროს იყო, მაისში. ვართ დაახლოებით 50-დან 60%-მდე, როგორც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე. განსხვავება გახლავთ ის, რომ დღეს წინა პერიოდებისგან განსხვავებით, გვაქვს საშუალება, რომ მოსახლეობა ავცრათ.

გუშინ ჩვენ 24 საათში გვქონდა ყველაზე უფრო მაღალი, დაახლოებთ 13 800 აცრა. დღეს დაგეგმილია 14 300-მდე აცრა. აქედან ნახევარზე მეტი Pfizer-ზე მოდის, მეორე ადგილზეა Sinopharm-ი, შემდეგ Astrazeneca და ბოლოს Sinovac-ი,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა განმარტა, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების მიუხედავად, მთავრობა მკაცრი ლოქდაუნის დაწესებას არ გეგმავს.

საქართველოში კორონავირუსის 3666 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა.

ამავე პერიოდში კორონავირუსისგან 1335 ადამიანი გამოჯანმთელდა.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 6,71 პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

დადებითობის დღევანდელი დღიური მაჩვენებელი არის 8,68 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 6,03 პროცენტი.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 731-ს შეადგენს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close