პოლიტიკა

თუ არ გინდათ ორბანი, უყურეთ ივანიშვილს – რას ამბობდა მიხეილ სააკაშვილი 2019 წელს ორბანის შესახებ

ვიქტორ ორბანი ჩემი მეგობარია, ჩვენ ბევრ რამეში განვსხვავდებით, მაგრამ ორბანის დროს უნგრეთის ეკონომიკა გადაიქცა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად, რაც კეთილად აისახება თითოეული უნგრელის კეთილდღეობაზე.

2019 წლის 25 მარტი. მასალა არქივიდან.

“მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს მიმართავს და ჟურნალისტის მიერ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის კრიტიკას ეხმაურება.

“ეკა კვესიტაძის გასაგონად, რომელიც არსებული ივანიშვილის ფონზე აცხადებს, რომ თურმე არ სურს ორბანი საქართველოში და რაღაცნაირად ჩემზე მიანიშნებს – ვიქტორ ორბანი ჩემი მეგობარია, ჩვენ ბევრ რამეში განვსხვავდებით, მაგრამ ორბანის დროს უნგრეთის ეკონომიკა გადაიქცა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად, რაც კეთილად აისახება თითოეული უნგრელის კეთილდღეობაზე. ბუდაპეშტში და სხვა ქალაქებში განხორციელდა ისტორიული ცენტრის აღდგენის სამუშაოები და დაიწყო მშენებლობის ბუმი; უფრო მეტი უნგრელი ბრუნდება, ვიდრე ტოვებს თავის ქვეყანას… ხოდა, თუ არ გინდათ ორბანი, უყურეთ ივანიშვილს, ოღონდ სახლში წაიყვანეთ და ისე, საქართველოს კიდევ მიეცით განვითარების შესაძლებლობა! ორბანით და სხვა მაგალითებით დაშინება ემსახურება მხოლოდ არსებული ჭაობის შენარჩუნებას და სწორედ ესაა ივანიშვილის თამაში და ყველას ვთხოვ, ნუ შეgყვებით მას ამ თამაშში”, – წერს სააკაშვილი.

ვიქტორ ორბანის პარტია, ისევე როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ევროპის სახალხო პარტიის ოჯახის წევრია. თუმცა EPP-მა 20 მარტს ვიქტორ ორბანის პარტია “ფიდეშს” წევრობა შეუჩერა. ორბანი, რომელსაც ევროპარლამენტში არაერთგზის ადანაშაულებდნენ ევროკავშირის პრინციპების დარღვევაში, ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით დასთანხმდა. ორბანის პარტია ვეღარ დაესწრება EPP-ის სხდომებს, აღარ ექნება ხმის უფლება და ვეღარ წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურებს ევროპარლამენტის უმსხვილესი გაერთიანების შიგნით.

ვიქტორ ორბანს ოპონენტები უნგრეთის ოპოზიციიდან თუ ევროპარლამენტიდან არაერთგზის ადანაშაულებდნენ მის პარტიას სიძულვილით გაჯერებული ანტისაიმიგრაციო კამპანიის ხელშეწყობაში, უნგრეთის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შეზღუდვასა და მედიისათვის პრობლემების შექმნაში. ამავდროულად, EPP-ის მიმართ “ფიდეშის” წინააღმდეგ შესაბამისი ზომების მიღებისაკენ არაერთი მოწოდება ისმოდა.

ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა მაშინ, როცა უნგრეთში ახალი ანტისაიმიგრაციო ბანერები გამოჩნდა, რომლებზეც ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და მილიარდერი ჯორჯ სოროსი არიან გამოსახულნი. Euronews-ის თანახმად, ისინი ბილბორდებზე წარმოდგენილი არიან, როგორც “მიგრაციის ხელშემწყობნი, რაც ფუნდამენტურად ემუქრება უნგრეთის უსაფრთხოებას”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close