საზოგადოება

ზვიად დევდარიანის ადვოკატები “ფორმულაში” გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურნენ

ზვიად დევდარიანის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც “პროგრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ.
“გვსურს გამოვეხმაუროთ 2021 წლის 21 აპრილს ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში გადაცემა „მე-17 სართულში“ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გადაცემის სტუმრებმა ქალბატონებმა ნინია კაკაბაძემ და თათია სამხარაძემ გაავრცელეს ინფორმაცია საჯარო და ტელესივრციდან ზვიად დევდარიანის  „გაუჩინარების“ და „გაქრობის“ გამო მის ბრალეულობასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირდებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ზვიად დევდარიანი აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას ეთიკური და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტებით, რაც თავის თავში გულისხმობს მხოლოდ კანონით, კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით მოქმედებას და გამორიცხავს ცრუ, გადაუმოწმებელი და ღირსებისშემლახავი ინფორმაციის გავრცელებას, როგორც ამას ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ კამპანიის ორგანიზატორი პირები ახორციელებენ.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ყოველ პირს ანიჭებს უფლებას თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. შესაბამისად, პირის დარღვეული უფლების დაცვის საშუალებასა და მექანიზმს წარმოადგენს სასამართლო და არა სოციალური, სატელევიზიო ან მედია სივრცე. ამიტომაც, ზვიად დევდარიანი საკუთარი დარღვეული უფლებების აღდგენის და რეაბილიტაციის მიზნით იბრძვის სამართლებრივი გზით: მის მიერ აღძრულია სარჩელი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვის შესახებ, ასევე სადავოდ არის გამხდარი სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაცია. ამასთან, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუვნებელი განაჩენი მისი დამნაშავეობის დადასტურების შესახებ. შესაბამისად, მისი „მოძალადედ“ შერაცხვა ასეთ ვითარებაში, თუნდაც სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ მიკერძოებულ და არაპროფესიონალურ რეკომენდაციაზე დაყრდნობით, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულად შესასრულებლად სავალდებულო დოკუმენტს და გამხდარია სადავოდ, წარმოადგენს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას და ცილისწამებას მის მიმართ.
არაადამიანური და ღირსებისშემლახავი კამპანიის შემდგომ, ზვიად დევდარიანი, საკუთარი სიმართლის დასადგენად, უკვე სამი წელია იბრძვის არასრული კანონმდებლობის, ხარვეზიანი მართლმსაჯულებისა და პრაქტიკის პირობებში. შესაბამისად, თხოვნით მივმართავთ მედიასაშუალებებს, ეთიკური მედიის პრინციპეზე დაყრდნობით, თემის გაშუქებისას იხელმძღვანელონ საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით, არ მოხდეს ცალმხრივად, ერთი მხარის მიერ მიწოდებული, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გაშუქება ისეთ პირობებში, როდესაც მეორე მხარეს ვერ ეძლევა კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა. აღნიშნულ საკითხზე, სასამართლოში და საგამოძიებო უწყებაში საქმის განხილვის პროცესში, ვერ მოხდება ჩვენი მხრიდან დისკუსია და მტკიცებულებათა განხილვა, ვინაიდან ამას, შესაძლოა, მოჰყვეს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხელობლობის უფლების დარღვევა” – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close