Sliderსაზოგადოება

ვინ გაყიდა რიონის ხეობა?!

ერთი იცოდე, დომენიკო: ის ნიადაგი, სადაც მცენარე-მტაცებელი იზრდება, ცუდია. მცენარის ბრალი კი არაა, მწერებს რომ ხოცავს და ისე იკვებება, ნიადაგის ბრალია, კარგად დაიმახსოვრე ეს“.
სამოსელი პირველი“, დოჩანაშვილი.

ყველაფერი დაიწყო მთავრობის მეთაურის გიორგი გახარიას გადადგომით. საოცარია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ თავკაცი, ნიკა მელია უფრო პრივილიგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ვიდრე მმართველი პარტიის მთავრობის მეთაური. დაპატიმრებამდე და მითუმეტეს, დაპატიმრების შემდეგ, მელია პარტიამ დაიცვა. გახარიას გადადგომის დღეს კი, „ქართული ოცნების“ „ტროიკის“ ღიმილიანი სახეები ისტორიას სამარადისოდ შემორჩა.
„ოცნება“ საკუთარი გუნდის წევრების დაცვით არც არსდროს გამოირჩეოდა, მაგრამ გახარიას შემთხვევაში გადაამლაშეს. „ოცნების“ აქტივისტებმა სოციალურ ქსელში ერთგვარი კამპანია წამოიწყეს და „გახარია თვალთხარია“ – „ნაცების“ „სლოგანი“, უაპელაციოდ დაისაკუთრეს. სხვა საკითხია, თავადაც ვერ მიხვდნენ ისე რომ ჩაძირეს ხელისუფლებაში მოკალათებული საკუთარი ფავორიტები და ისიც სხვა საკითხია, ზონდერბრიგადად რომ ჩამოყალიბდნენ, მთავარია – სოცქსელში დაწერეს, შემდეგ ვიღაცამ დაუცაცხანათ და ნაწერი გააქრეს, ე.წ. სქრინები კი – ვერა.
„ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის 20 ივნისს აქციის დაშლის ბრძანება ვინ გასცა და ისიც იციან, გახარიამ რატომ აიღო თავზე სხვისი „საქმენი საგმირონია“. „ოცნება“ იქით იყოს და, ეს „ნაცებმაც“ იციან, თუმცა „გახარია თვალთხარია“ არ ჩაანაცვლეს, მაგალითად, ბახტაძე თვალთხარია, გომელაური თვალთხარია, ან ჩუბინიძე თვალთხარიათი. ნაცებმაც და ქოცებმაც მშვენივრად იციან, რატომ მიჰყვა ბახტაძე იმ დღეს აქციაზე გახარიას ფეხდაფეხ. ისიც იციან, 20 ივნისამდე, რამდენიმე დღით ადრე, ბახტაძეს გახარიას გადაყენება რომ უნდოდა: „თუ სამ დღეში არ გადადგება, ჩვენ გადავაყენებთ“. ეს ამბავი გახარიამ როგორ გაიგო არ ვიცი, მაგრამ გაიგო და  თავისი თამაში დაიწყო, რაც პრინციპში გუნდისგან თავის დაცვას უფრო ჰგავდა, ვიდრე წინასწარ გათვლილ პოლიტიკური ნაბიჯს.
ვინც რა უნდა თქვას, ფაქტია –  ყოფილი პრემიერ მინისტრი კრიზისების მართვის უბადლო ოსტატი აღმოჩნდა – გახარიამ თავი ისე გადაირჩინა, გუნდი იძულებული გახდა ტაში დაეკრა. გუნდი დაიბოღმა, თუმცა, გახარიას რეიტინგის დამსახურებით, საარჩევნოდ სლოგანი – გახარია მთავრობის მეთაურად – პრიორიტეტული გახადა და ივანიშვილ-გახარიას წყალობით მესამე გზის მოვიდა ხელისუფლებაში.
არჩევნებს არ იგებს „დაყენებული როჟებით“ კომენტარების გაკეთება ჟურნალისტებთან და სამართლიანობაზე „ღაღადი“, იმ ფონზე, როცა საძირკველი მომპალია და სამართლიანობის გარდა, ყველაფერი ბატონობს „დანიის სამეფოში“. ხალხს, რომელიც უკვე მრავალი წელია არჩევანს ცუდსა და უარესს შორის აკეთებს, არ დაავიწყებია პარტია, რომელმაც სისხლით გაჟღინთა საქართველოს ისედაც სისხლით გაპოხილი მიწა, სწორედ მმართველმა გუნდმა რომ გამოაცხადა „მთავარ ოპოზიციურ ძალად“ და სწორედ მათი გადაწყვეტილება რომ იყო კოჰაბიტაციაც. საზოგადოების  მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც „დანიის სამეფოში“ კარგად გრძნობს თავს ამ ყველაფერს „გაგებით მოეკიდა“. სწორედ ეს ხალხი იქცა გახარიასთვის მიქსეულ ზონდერებად, რა თქმა უნდა გახარიას გადადგომის შემდეგ – ზოგმა გუნდის მოღალატეაო, ზოგმა მოსკოვში წავიდაო, მაგრამ მთავარი მაინც რიონის ხეობის გაყიდვის ბრალდებაა.
ნამახვანჰესის მშენებლობის შესახებ დღეს და გუშინ არ დაწყებულა საუბარი. იდეა ჯერ კიდევ „შავბნელ ეპოქაში“ წამოიჭრა, ხოლო 2012 წელს საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა: „სულ რაღაც ორიოდ თვეში, ჩვენ ვიწყებთ ორჯერ და მეტჯერ დიდი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ნამახვანზე. ეს, ასევე, აძლიერებს ენგურის სიმძლავრეს და ერთად, ორივე ამ ჰესის სიმძლავრე პრაქტიკულად, გაუტოლდება იმას, რაც თავიდან იყო ენგური“. დღეს სააკაშვილი სხვაგვარად „ჭიკჭიკებს“, მაგრამ სხვა ქვეყნის მოქალაქე რას იტყვის, ეს უკვე მნიშვნელოვანი აღარაა.
2015 წლიდან იდეამ „ფრთები შეისხა“, ხოლო 2017 წლის 16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ
„წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, მდინარე რიონზე „ნამახვან ჰესების კასკადის“ ასაშენებლად ინვესტორმა კომპანიამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები დაიწყო. ჰესის მშენებლობაზე, ოპერირებასა და ფლობაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ნორვეგიული კომპანია CLEAN ENERGY GROUP დაფინანსებისა და სესხის მოზიდვის თაობაზე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკების დასრულებას ოქტომბრის ბოლომდე ელოდება“. ამ დროს სს „ნამახვანის“ დირექტორი გიორგი ჩაჩიბაია აცხადებდა, რომ მოთხოვნები უკავშირდებოდა, როგორც გარანტიებს, ასევე მოსახლეობის განსახლებისა და გარემოზე ზემოქმედების გეგმას. ნამახვანის ჰესი ერთ-ერთია, რომელის გარანტირებულ შესყიდვაზე გამონაკლისი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაუშვა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები (PPA) სახელმწიფოს ფისკალურ რისკებს შორის დაასახელა. ჩაჩიბაიას თქმით: „IMF-ის რეკომენდაციით, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების ინიცირებისგან, სანამ არ მოწესრიგდება შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო. გიორგი ჩაჩიბაია ამბობს, რომ სახელმწიფო გარანტირებულ შესყიდვას 8 თვის განმავლობაში განახორციელებს, დანარჩენ 4 თვეზე კი რისკს საკუთარ თავზე ინვესტორი კომპანია აიღებს. “გვსურს რომ ყველა მოთხოვნა ერთიან ხელშეკრულებაში იყოს გათვალისწინებული და არ მოხდეს შემდგომ ამ ხელშეკრულების განახლება, როგორც ეს ხდება ხოლმე. ინვესტორი კომპანია სრულად ვერ დააფინანსებს პროექტს, ამიტომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან სესხის მოზიდვის საკითხზე. არსებული სტანდარტით, მსგავს პრექტებში, 30-40 პროცენტი უნდა იყოს ინვესტორის კაპიტალი, დანარჩენი კი შესაძლოა იყოს სესხი.  ჩვენი პროექტი არის უნიკალური, რადგან მთლიანად არის გათვალისწინებული საერთასორისო საფინანსო კომპანების მოთხოვნები. ნამახვანის ინვესტორი წინადადებაში ითხოვს მხოლოდ 8 თვიან გარანტირებულ შესყიდვას – სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით. ამ პერიოდში სახელმწიფოს თავად სჭირდება ელექტროენერგია“.
ჩაჩიბაიას ინფორმაციით, ოთხ თვეში ინვესტორი ელექტროენერგიის ექსპორტს გეგმავდა  თურქეთის მიმართულებით. „ჰესის მთლიანი გენერაციის დაახლოებით 50% ექსპორტზე იქნება მიმართული, 50% კი ადგილობრივ ბაზარზე. ჯამში ჰესის აშენების შემდეგ, ის საქართველოს მთლიანი გენერაციის დაახლოებით 12-15%-ს დაფარავს. CLEAN ENERGY GROUP პროექტს თურქულ ENKA-სთან ერთად ახორციელებს, რომელიც თურქეთში ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა და ქვეყნის გენერაციის 12%-ს ფლობს. ჰესის მშენებლობა მომავალი წლის მაისში დაიწყება და მისი დასრულება 3-4 წელში იგეგმება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა მილიარდ დოლარამდეა“, – აცხადებდა ჩაჩიბაია 2017 წელს.
მეტიც, CLEAN ENERGY GROUP-მა  თავად უზრუნველყო ჰესის ტერიტორიაზე განსახლება, მიწების აზომვა და მოსახლეობისთვის საკუთრებაში დარეგისტრირება.
“მოსახლეობას მიწები ჩვენივე სახსრებით დავურეგისტრირეთ. გვქონდა პრობლემური სიტუაცია: რეალურად ხალხი ფლობდა მიწას, თუმცა ის არ იყო რეგისტრირებული, ამიტომ შიდა რესურებისთ მოვახდინეთ საკადასტრო აზომვები და 100-მდე ნაკვეთი დავურეგისტრირეთ კერძო მოსახლეობას, მთლიანი ფართობის დაახლოებით 40% იყო დაურეგისტრირებელი. მიწების გამოსყიდვის ვალდებულება ინვესტორს აქვს. განსახლების გეგმის საფუძველია, რომ მოსახლე განსახლების შემთხვევაში უნდა აღმოჩნდეს უკეთეს საცხოვრებელ პირობებში, ვიდრე განსახლებამდე იყო“, – ეს გიორგი ჩაჩიბაიას კომენტარია. ესე იგი, კომპანია დაეხმარა მოსახლეობას გაუფორმებელი მიწების გაფორმებაში და დიდი ალბათობით, იუსტიციის სახლმა (მინისტრი თეა წულუკიანი) პროცედურები არ გააჯანჯლა, ისე, როგორც ეს ხდება „ჩვეულებრივი მოკვდავებისათვის“ „ჩვეულებრივ ვითარებაში“ მიწის გაფორმებისას. ამიტომაა, რომ დღეს, როგორც ამბობენ, „ნამახვანჰესის“ აშენების საწინააღმდეგო აქციაზე ადგილობრივები თითქმის არ დგანან, თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს – საქართველო ყველასია და საქართველო ყველამ უნდა დაიცვას მოსალოდნელი უბედურებისგან.
ამონარიდი გავრცელებული ინფორმაციიდან: „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებული ინსტრუქციის შესაბამისად, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფორნდმა“ 2015 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობის მიზნით. ზემოთაღნიშნულ ინტერესთა გამოხატვაში ინვესტორის შერჩევის მიზნით სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიერ შექმნილმა შეფასების კომისიამ შეისწავლა თითოეული პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და 2017 წლის 16 იანვარს გამარჯვებულად „CLEAN ENERGY GRUP GEORGIA” გამოაცხადა. 2019 წლის 25 აპრილს საქართველოს მთავრობას და შპს „CLEAN ENERGY GRUP GEORGIA”  შორის ხელი მოეწერა ნამახვან ჰესების ხელშეკრულებას და ამასთან ერთად სს „ნამახვანის“ აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებას. აქტივების მიწოდების შემდეგ,  GEDF თავის შვილობილ კომპანია სს „ნამახვანთან“ ერთად ვალდებულია დაეხმაროს ინვესტორს განახლებული მშენებლობის ნებართვის მიღებაში. ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის ღირებულების ჩარიცხვა ხდება ინვესტორის მიერ განახლებული მშენებლობის ნებართვის მიღების შემდგომ. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლა და განახლებული მშენებლობის ნებართვის მიღება დაგეგმილია 2020 წლის განმავლობაში“.
ფაქტი: 2015 წლის 24 დეკემბერს, როცა ენერგეტიკის სამინისტროსთან შეთანხმებით ფონდმა გამოაცხადა, ასე ვთქვათ, კონკურსი „ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობის მიზნით“. ამ დროს ენერგეტიკის მინისტრი იყო თბილისის ამჟამინდელი მერი კახა კალაძე. პრემიერ მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც 2015 წლის 30 დეკემბერს გადადგა. ეკონომიკის სამინისტროს არანაირი შეხება არ ჰქონდა არც პროექტზე და არც განაცხადზე. ეკონომიკის სამინისტრო საქმეში ჩაერთო 2017 წლის ნოემბერში, მას შემდეგ რაც ენერგეტიკის სამინისტრო გაუქმდა და ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდა.
2017 წლის 16 იანვარს, როცა კონკურსში გამარჯვებული გამოცხადდა, გიორგი კვირიკაშვილი იყო პრემიერ მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი კი ისევ კახა კალაძე.
2019 წლის 25 აპრილს, როცა საქართველოს მთავრობასა და შპს „ენკა რინიუბლეზ“ შორის პირველადი და ძირითადი ხელშეკრულება გაფორმდა პრემიერ მინისტრი იყო მამუკა ბახტაძე. ამ დროს ენერგეტიკის სამინისტრო უკვე შეერთებულია ეკონომიკის სამინისტროსთან და უწყების ხელმძღვანელია ნათია თურნავა. თურნავას წინამორბედი გიორგი ქობულია ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე, 18 აპრილს გადადგა. თურნავა დღეს აცხადებს: „რაც შეეხება სხვადასხვა არასწორ და ცრუ ინფორმაციას, რაც ამ ბოლო დროს ვრცელდება პროექტის ირგვლივ. ერთ-ერთი ასეთი ტყუილი არის, რომ თითქოს მთელი ხეობა გადაცემული აქვთ ინვესტორებს და თითქოს ზურგზე მოიკიდებენ ისინი ამ მიწა-წყალს და წაიღებენ სადღაც“.
არ ვიცით, ახსოვს თუ არა ვინმეს, მაგრამ გადადგომიდან სამი კვირის შემდეგ თურნავას წინამორბედმა გიორგი ქობულიამ „ფორბსის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა: „ჩემი წასვლის რეალური მიზეზი ზუსტად ის არის, რომ იმ ხედვებში, იმ პრინციპებში, რომელზეც მეგონა, რომ ჩვენ დასაწყისში შევთანხმდით, თანხვედრა არ გვქონდა“.
ესე იგი, ქობულიას მუშაობა გუნდმა არ აცალა და ვინ იცის, ეგებ მისი გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ნამახვანჰესი იყო?
რაც შეეხება სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, რომელმაც „გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობის მიზნით“. ფონდი დაარსდა 2010 წლის 13 დეკემბერს საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე და მისი  აქციების 100%-ის  მფობელია სახელმწიფო. ფონდი ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის მიზნით იკვლევს ენერგეტიკული პოტენციალის მქონე ადგილებს. ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში, ფორმდება მემორანდუმი ინვესტორსა და GEDF-ს შორის (და მესამე პირს შორის, ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც განისაზღვრება ინვესტორისა და კომპანიის ურთიერთვალდებულებები.
2015 წლის 24 დეკემბერს, როცა კახა კალაძის თანხმობით „სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფორნდმა“ „გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობის მიზნით“ გიორგი გახარია საქართველოს ბიზნესომბუდსმენი იყო. 2017 წლის 16 იანვარს, როცა პროექტში  გამარჯვებული გამოცხადდა ეკონომიკის მინისტრი.
2019 წელს, იმ დროს როცა გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა,  გიორგი გახარია შს მინისტრი იყო. შინაგან საქმეთა მინისტრის ფუნქცია ინვესტორების შემოყვანა რომ არ არის, ეს არავის აინტერესებს და არც ის, როდის შემოვიდა ხეობაში ინვესტორი. წარმოუდგენელია, მაგრამ ხალხს არც ის აინტერესებს, მოსახლეობის ნაწილმა თუნდაც სოლიდური თანხის გამო, რატომ და როგორ გაყიდა მშობლიური მიწები.
ახლა ვინმემ რომ დასვას კითხვა, ამ დოკუმენტსაც კი, რატომ მოაწერა ხელი გახარიამო, ძალიან სასაცილო იქნება, მაგრამ სწორედ ასეთი კითხვებია დღეს „მოდაში“. ან ღარიბაშვილს რომ დასდონ  ბრალი, განაცხადი ჩანასახშივე რატომ არ მოკალიო, დიდი შეცდომა და არაობიექტურობა არ იქნება? იქნება!
2020 წლის 5 თებერვალს, გახარიას გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე „მთის ამბები“ აქვეყნებს ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელის დავით ჭიპაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას. ჭიპაშვილი აცხადებს: საქართველოს მთავრობამ შპს „ენკა რინიუებლზს“, რომელსაც ნამახვანჰესის აშენება სურს, რიონის ხეობაში 576.3 ჰექტარი ფართობი, 99 წლით, იქამდე გადასცა, ვიდრე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვები გაიცემოდა. მეტიც, რიონის ხეობის დიდი ნაწილი, პრემიერ-მინისტრმა გახარიამ, თურქულ კომპანიას, პირდაპირი ფორმით, მხოლოდ 16 ლარად ისე მიჰყიდა, რომ ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე, დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2020 წლის 28 თებერვალს გასცა. ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ ქვემო ნამოხვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა 2020 წლის 22 აპრილს დაამტკიცა. ამ დროს, საქართველოს მთავრობას, წინსწრებით, 2019 წლის 21 ნოემბერს N2405 განკარგულებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება შპს „ენკა რინიუებლზისთვის“ აღნაგობის უფლებით და პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაუცია. აღნიშნული განკარგულება არ არის განთავსებული საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე, არადა, 21 ნოემბერს მიღებული სხვა განკარგულებები gov.ge-ზე ხელმისაწვდომია. „ენკა რინიუებლზისთვის“ 576 ჰექტარი ფართობის გადაცემის შესახებ მთავრობის განკარგულება არც საკანონმდებლო მაცნეში იძებნება. წესით, განკარგულება საჯაროდ უნდა იყოს გამოქვეყნებული“.
გახარიამ, ხელი ინვესტორისთვის წაყენებულ პირობებს მოაწერა და ვერც ერთი „პატრიოტი“, პრემიერ მინისტრის რანგში მყოფი, სხვა ნაბიჯს ვერ გადადგამდა. დიდ დროს წაიღებს, „ჩაღეჭვა“ და „ჩაზუსტება“ – რატომ, ან რა მიზეზით, მაგრამ ფაქტია – გახარიას გუნდის ღალატში სდებენ ბრალს, იმიტომ რომ გადადგა. რეალურად გახარია, სწორედ გუნდის გადაწყვეტილებების წინააღმდეგ ვერ წავიდა და საერთაშორისო სკანდალს აარიდა ქვეყანა. და, თუნდაც გაერისკა, წინააღმდეგი წასულიყო და არ მოეწერა ხელი პირობების დამდგენ დოკუმენტაციაზე, როგორ ფიქრობთ ამით რა შეიცვლებოდა? არაფერი! უბრალოდ დრო გაიწელებოდა, ინვესტორი იჩივლებდა და საქმესაც მოიგებდა, თან დიდ კომპესაციასაც „დაითრევდა“.
ასევე გასათვალისწინებელია ინფორმაცია, რომელსაც რომან კუსიანი აქვეყნებს: “ნამოხვანჰესის პროექტი დამტკიცდა 2009 წ. 23 ივლისს, ნებართვა გაიცა 2009წ.16 სექტემბერს. საქართველომ 2014 წ. შეიტანა სარჩელი ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში. ლონდონის სასამართლომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა”.
და, აქვე, ცნობისთვის: გახარიას გადადგომამდე ამერიკაში წასული ბახტაძე, გახარიას გადადგომის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში, ალბათ იმედით, გუნდი სადმე „დაასკუპებდა“, მაგრამ…
გახარიას დანაშაული სწორედ ისაა, ამ გუნდის გუნდაობას რომ ხედავდა და არაფერს ამბობდა. მელიას პარტიის ოფისში დაკავების და პატრიის ოფისის მოსალოდნელი დარბევის, ასევე, მოსალოდნელი საერთაშორისო სკანდალის გამო კი არ უნდა გადამდგარიყო მთავრობის მეთაური, ცოტა უფრო ადრე, გუნდის სიმახინჯეები რომ დაიანახა, აი, მაშინ უნდა გამოსულიყო და ეთქვა სათქმელი, დაეტოვებინა ის გუნდი, რომლის წევრადაც ხალხი მასაც მოიაზრებდა და წასულიყო. მელიას დაკავებაზე ნაკლებ საერთაშორისო სკანდალს არც ეს გამოიწვევდა, მაგრამ ხალხს ეცოდინებოდა რომ ამ გუნდიდან ერთი კაცი მაინც იყო საკუთარი ხალხის და სინდისის წინაშე მართალი, რომელიც არ გუნდაობდა და გუნდში გუნდი არ ჩამოაყალიბა, სხვების მსგავსად.

პ.ს. “პროგრესნიუსი” ცდილობს გაარკვიოს  CLEAN ENERGY GROUP – ის როლი და დანიშნულება ამ სენსიტიურ თემაში. შესაბამისი დოკუმენტაციის მოპოვების შემთხვევაში, “პროგრესნიუსი” ამ დოკუმენტაციას გამოაქვეყნებს. და აქვე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ: პროექტს ახორციელებს სს «ნენსკრა ჰიდრო», რომელიც კორეის წყლის რესურსების კორპორაციის – K-Water-ისა (ინვესტორი) და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close