საზოგადოება

ვიზიტორთა უკონტროლო გადაადგილება სამშვილდის ციტადელს აზიანებს – „საყდრისის კომიტეტი“

ფეისბუქ-გვერდი „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად შემოგთავაზებთ:

ვიზიტორთა უკონტროლო გადაადგილება სამშვილდის ციტადელს აზიანებს.

30 ივნისს „საყდრისის კომიტეტის“ წევრები არქეოლოგიური სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით, მონიტორინგის მიზნით, სამშვილდის მუზეუმ-ნაკრძალში იმყოფებოდნენ.

არქეოლოგებთან საუბრის დროს შემჩნეული იქნა, რომ სამშვილდის ციტადელის ძველი კიბე კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე უწინ. ფაქტობრივად უკვე წაშლილია საფეხურები და გახშირებულია ქვების ცვენა. სამწუხაროდ, უძველესს თავდაცვის კედელს საფრთხეს არამარტო ასაკი და ბუნებრივი პროცესები უქმნის, არამედ ტურისტების უკონტროლო გადაადგილებაც, რომლებისთვისაც სამშვილდის ციტადელზე ასვლა და ფოტოს გადაღება ერთგვარ რიტუალადაც იქცა.

ასევე ზიანდება გალავნის ის ნაწილიც, რომელსაც ტურისტები მთავარ კედელზე ასასვლელად – კიბის შემდეგ, მეორე „ბილიკად“ იყენებენ. ციტადელზე გადაადგილება აღარც თავად დამთვალიერებლებისთვის არის უსაფრთხო (ქვების ცვენის გამო იზრდება მათი ჩამოვარდნის რისკიც).
მართალია, სამშვილდეში მომუშავე არქეოლოგიური ექსპედიციების წევრები მუზეუმ-ნაკრძალის სტუმრებს ყოველ ჯერზე მოუწოდებენ – თავი შეიკავონ ციტადელის კედლებზე სიარულისგან, თუმცა როგორც შექმნილი მდგომარეობიდან ჩანს, ეს საკმარისი არ არის.

3 ივნისს ამ საკითხთან დაკავშირებით „საყდრისის კომიტეტის“ აქტივისტები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს შეხვდნენ. გადაწყდა, რომ ციტადელის ცალკეულ ნაწილებთან დაიდგმება ე.წ. ჩამკეტები, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს გახდის კედლებზე ასვლას (ჩვენი ინფორმაციით დავალება უკვე მიცემული აქვთ შესაბამისს სამსახურებს).

ტურისტული საზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით „საყდრისის კომიტეტი“ მოუწოდებს გიდებს და ვიზიტორებს მუზეუმ- ნაკრძალში სტუმრობისას თავი შეიკავონ ციტადელის კედლებზე გადაადგილებისგან და ამით სპეციალისტებს, აქტივისტებს, ძეგლის გადარჩენაში დაეხმარონ.

სამშვილდის მუზუემ-ნაკრძალი, სათხის და ფიტარეთის შემდეგ მესამე ძეგლია, სადაც „საყდრისის კომიტეტის“ ინიციატივითა და აქტიურობით 2018 წლიდან არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს.

„საყდრისის კომიტეტი“ მომავალშიც გააგრძელებს მუზუემ- ნაკრძალის მონიტორინგს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close