პოლიტიკა

ვამბობთ, რომ “ქართული ოცნება” რუსულ დავალებას ასრულებს, პარალელურად ვსხედვართ მათთან ერთად და ვაგრძელებთ მუშაობას – მამულაშვილი

ბუტაფორიულ პარლამენტში ყოფნით, ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციას ვუგრძელებთ. ვამბობთ, რომ ისინი რუსულ დავალებას ასრულებენ, პარალელურად ვსხედვართ მათთან ერთად ერთ შენობაში და მათთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნონა მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მან შიდაპარტიული საარჩევნო პროცესზე საუბრისას განაცხადა, საარჩევნო კამპანია ღირსეული უნდა იყოს.

„მე ვცდილობ, რომ ეს კამპანია არ გადავიდეს შეურაცხყოფაში და ურთიერთბრალდებაში. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ ვხედავთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების გზას, პარტიის მენეჯმენტის სტრუქტურის გამართვის გზას, დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციას, უკრაინასთან კომუნიკაციას, ვრჩებით თუ არა პარლამენტში მაშინ, როდესაც ჩვენი ამომრჩევლების დიდი ნაწილი ითხოვს, რომ პარლამენტი დავტოვოთ – ეს არის ღირსეული საარჩევნო კამპანია“, – განაცხადა მამულაშვილმა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერც ერთი საარჩევნო დანაპირები ვერ შეასრულა.

„როდესაც ჩვენ ამომრჩეველს შევპირდით, რომ პარლამენტში იმ პირობით შევდიოდით, რომ „აგვედუღებინა“ პარლამენტი და დისკომფორტი შეგვექმნა „ქართული ოცნებისთვის“, შარლ მიშელის შეთანხმებაზე გაგვეგრძელებინა მუშაობა, მიხეილ სააკაშვილის შესახებ კომისია შეგვექმნა, ჩვენ ამ დანაპირებიდან ვერაფერი ვერ შევასრულეთ. პარალელურად ვიძახდით, რომ ეს არის რუსული რეჟიმი, რომელიც კრემლთან თანამშრომლობს. მე, როდესაც ჩავთვალე, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი იყო, ჩავთვალე, რომ იქ ჩემი ადგილი არ იყო და წამოვედი.

ბუტაფორიულ პარლამენტში ყოფნით ჩვენ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციას ვუგრძელებთ. ვამბობთ, რომ ისინი რუსულ დავალებას ასრულებენ, პარალელურად ვსხედვართ მათთან ერთად ერთ შენობაში და მათთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას, თითქოს რაღაცის შეცვლის საშუალება გვქონდეს. როდესაც მე გავხდები პარტიის თავმჯდომარე, ჩემთვის პრიორიტეტული იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტიდან გამოვიდეს და დავიწყოთ ბრძოლა ქუჩაში“,- განაცხადა მან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close