საზოგადოება

ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ზეწოლა, რომ საქართველოს კონსტიტუცია აღასრულოს – თურნავა

“არანაირ ზეწოლას არ ჰქონია ადგილი, ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ზეწოლა, რომ საქართველოს კონსტიტუცია აღასრულოს, რა თქმა უნდა, მსჯელობა იყო, ანალიზი იყო, როგორი გზით მომხდარიყო ამის გაკეთება,” – ამის შესახებ საქართველოს ოროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა და აშშ-ს მიერ სანქცირებული ქართველი-რუსლი ოლიგარქის, ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშებზე წვდომის აღდგენასთან დაკავშირებით ისაუბრა.

“ვინაიდან შეიქმნა პირველი პრეცედენტი, რასაკვირველია, ჩვენ ვალდებულები ვიყავით, გაგვეანალიზებინა, მომავალში ეს პრეცდენტი როგორ იმოქმედებს, არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნებოდა ეს პირველი ქეისი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ზოგადად, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით თუ მომავალშიც ეს პრეცედენტი განმეორდება და შეიძლება, განმეორდეს, რადგან ვასრულებთ სანქციებს და მიერთებულები ვართ, როგორ მოხდეს აღსრულება იმდაგვარად, რომ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან არ გავიდეთ. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება,” – ამბობს თურნავა.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა და რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა. ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება შეეხოს საქართველოს მოქალაქეს თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. შედეგად, ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

18 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული აქვს. ამის პასუხად “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სებ-ის გადაწყვეტილება “პირდაპირ ეწინააღმდეგება“ საქართველოს კონსტიტუციას.

14 სექტემბერს აშშ-მ ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში “ქართველი-რუსი ოლიგარქი” ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. მათივე ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) აღნიშნულ ოლიგარქთან მუშაობდა, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა, ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close