Slider

„დროა, საქართველოშიც შეიქმნას მამების უფლებების დაცვის ორგანიზაცია“ – ლევან ცალუღელაშვილი

„საზღვარგარეთ მამაკაცებმა გამოიღვიძეს, ორგანიზაციები და ქსელები შექმნეს, ჩვენთან კი – ხშირ შემთხვევაში, დაუცველები არიან“

მსახიობი ნინუცა მაყაშვილის მიერ ყოფილი მეუღლის ძალადობაზე გაკეთებულ განცხადებას ჯინის ბოთლიდან გამოშვების ეფექტი ჰქონდა – თითქმის ერთი კვირაა, ცნობილი თუ უცნობი ქალბატონები სხვადასხვა მედიასაშუალებებში ყოფილი თუ მოქმედი მეუღლეების მხრიდან განხორციელებული ძალადობაზე საუბრობენ.
საკმარისია თუ არა მედიით გაკეთებული განცხადება გამოძიების დაწყებისთვის, ირღვევა თუ არა უდანაშაულობის პრეზუმფცია განაჩენის დადგომამდე ადამიანის მოძალადედ გამოცხადებით, ეხება თუ არა ხანდაზმულობის ვადა წლების წინ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტებს, რომლებიც ახლა გამჟღავნდა? – ამ და სხვა საკითხებზე „პროგრესნიუსს“ იურისტი ლევან ცალუღელაშვილი ესაუბრა:

_ ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის, მათ შორის ფატალური შედეგით დასრულებული ფაქტების გამო, საქართველოში მკაცრი საკანონმდებლო  ცვლილებები განხორციელდა – მივიღეთ კანონი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ. ბუნებრივია, ამან მოძალადის მიმართ სასჯელის გამკაცრება გამოიწვია.
_ რამდენად შესაძლებელია, წლების წინ, სავარაუდ ჩადენილი ოჯახური ძალადობის ფაქტებზე გამოძიების დაწყება და ამ შემთხვევაში მოქმედებს თუ არა ხანდაზმულობის ვადა?
– წლების წინ ჩადენილ დანაშაულზე, სისხლის სამართლის კოდექსის 71–ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა ვრცელდება.  ხანდაზმულობის ვადის ათვლა უშუალოდ დანაშაულის ჩადენიდან იწყება. თუ წლების წინ, სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ცნობილი ახლა გახდა, შესაძლოა, საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდეს. მაგალითად, თუ მძიმე დანაშაულის ჩადენიდან გასულია 10 წელი, ეს ხანდაზმულად ცნობის საფუძველია.  თანაც 11 წლის წინ ჩადენილი დანაშაულის მტკიცებისთვის მხოლოდ სიტყვიერი განმარტება საკმარისი ვერ იქნება.
_ კიდევ რა მტკიცებულებებია საჭირო?
_ მტკიცების სტანდარტს  არა მხოლოდ დაზარალებულის ახსნა- განმარტებები და მოწმეთა ჩვენებები, არამედ, სხვა სერიოზული მტკიცებულებებიც სჭირდება. ეს შეიძლება იყოს ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღი, საპატრულო პოლიციის ოქმი, სასწრაფო დახმარების მიერ გაწეული მომსახურების ამსახველი ჩანაწერი, შემაკავებელი ორდერი,  ექსპერტიზის დასკვნა თუ დაზარალებულს დაზიანებები აღენიშნება და ამ დაზიანებების სიმძიმის ამსახველი ჩანაწერი. თუ დოკუმენტები არსებობს და მსხვერპლი ამ დრომდე მომხდარზე დუმდა, კითხვები ჩნდება, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ განაცხადა მომხდარის შესახებ.

ზოგადად, რა თქმა უნდა, ოჯახში ძალადობას და მოძალადეებს უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ ჩვენს საზოგადოებას რაღაც თემების ისტერიკული აკვიატებები და ერთიდან მეორე უკიდურესობაში გადავარდნა ახასიათებს.  არსებობენ არა მხოლოდ ძალადობის მსხვერპლი ქალები, არამედ, ძალადობის მსხვერპლი მამაკაცებიც. ხშირად ქალების მხრიდან მამაკაცების გარკვეული მანიპულაციების ობიექტად გამოყენება ხდება. დღევანდელმა კანონმა ქალს იმხელა უფლებები მიანიჭა, რომ ნებისმიერი წარბის აწევაზე შეუძლია პოლიციაში ზარი განახორციელოს და მამაკაცი გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს. შემდეგ კი მოდიან იურისტთან და ტირიან, ემოციურ ნიადაგზე მოვიმოქმედეთო და ა.შ.
_ როგორ უნდა გავარჩიოთ რეალური ოჯახური ძალადობა სიმულაციისგან?
_ პოლიციის ეკიპაჟს, რომელიც ადგილზე მიდის, ნამდვილი ძალადობის და სიმულაციის გარჩევა უნდა შეეძლოს და ამ მხრივ, გარკვეული ფსიქოლოგიური ცოდნა უნდა გააჩნდეს.  დღეს კი როგორ ხდება – ე.წ. მოძალადეს უბრძანებენ, დატოვოს ტერიტორია, სადაც მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მქონდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ქალბატონი აცხადებს, რომ ძალადობის მსხვერპლია და ქმარს სახლის დატოვებას აიძულებს. მამაკაცს უხდება ქუჩაში და ნათესავებთან თავის შეფარება იმის გამო, რომ აკრძალული აქვს საკუთარ ბინასთან მიახლოვება. თუკი ვამბობთ, რომ ევროპული სტანდარტების ერთგული ქვეყანა ვართ, უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპის არაერთ ქვეყანაში არსებობს როგორც მსხვერპლთა, ასევე  მოძალადეთა თავშესაფარი ან მომსახურების ცენტრი, სადაც მოძალადეეებს შესაბამის ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას სთავაზობენ. მომსახურება და დახმარება არა მხოლოდ მსხვერპლს, მოძალადესაც ესაჭიროება.  ხშირად მოძალადე ვერც კი აცნობიერებს, რომ ძალადობას სჩადის, რადგან  ცხოვრების წესის, აღზრდის და მენტალობის გამო, ეს ნორმად მიაჩნია. ასეთ ადამიანს ვიღაცამ უნდა ასწავლოს რა არის ოჯახური ძალადობა, რა არის ნორმა და რა – ნორმიდან გადახრა.  ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან მამაკაცის ბედი არავის ანაღვლებს.  შედეგად, ნასამართლევი, კიდევ უფრო გაბოროტებული და ნერვებდაწყვეტილი კაცი გამოდის ციხიდან და გარეთ ხვდება ისევ ის ქალი, რომელსაც შეუძლია რამდენჯერაც უნდა იმდენჯერ დააპატიმრებინოს პოლიციას. გამოდის, რომ ქალბატონებს რეალურად უფრო მეტი ბერკეტი და პრივილეგიები აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. ეს დაბალანსებული არ არის არც საკანონმდებლო და არც ფსიქოლოგიურ დონეზე, რის გამოც ვიღებთ ასეთ არაორდინალურ და ანომალურ შემთხვევებს. სერიოზული სამუშაოა, სანამ  კატასტროფამდე მივა საქმე, იმიტომ, რომ ჩვენ მცირერიცხოვანი, ერი ვართ. ჩვენი სახელმწიფო ყოველთვის ქრისტიანული ოჯახის სტანდარტებზე იყო ორიენტირებული და აქამდე მოვედით, მაგრამ დღევანდელმა ცივილიზაციამ, ტექნოლოგიებმა თუ ქალთა ემანსიპაციამ რაღაც გარკვეული ანომალიებიც კი გამოიწვია. ოჯახი სიყვარულზე და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა ყოველ წუთს პოლიციის გამოძახებაზე.
_ ამ საკითხის საკანონმდებლო დონეზე მოგვარება როგორ წარმოგიდგენიათ?
_ აღნიშნული საკითხი საკანონმდებლო დონეზე დასახვეწია იმიტომ, რომ დღევანდელ კანონმდებლობაში მთელი ყურადღება ქალზეა გადატანილი. მართალია წერია, რომ მსხვერპლი შეიძლება მამაკაციც იყოს, მაგრამ ჩვენს მენტალიტეტში მსხვერპლი მამაკაცი ნაკლებად მოიაზრება. ქალთა უფლებებზე ჯერ კიდევ ვაჟა ფშაველა საუბრობდა და ქალებს უფლებებს არავინ უზღუდავს, მაგრამ ეს მამაკაცის უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს, როგორც მამაკაცების მხრიდან არ უნდა არსებობდეს ქალთა მიმართ ისეთი დამოკიდებულება, თითქოს ის მხოლოდ მოსამსახურე და რეპროდუქციის საშუალებაა.
აშშ–ში, მაგალითად, არსებობს არაერთი ორგანიზაცია, რომელიც მამებს აერთიანებს და მამების უფლებებისთვის იბრძვის.    ესენი არიან მამები, რომლებიც მხოლოდ ალიმენტებისთვის არსებობენ და მიზეზთა გამო, შვილებთან სრულყოფილი ურთიერთობა არ აქვთ. ესეც ერთგვარი შეურაცხყოფა და ნიშანია, რომ მამაკაციც შეიძლება მსხვერპლი იყოს. საზღვარგარეთ მამაკაცებმა გამოიღვიძეს, ორგანიზაციები და ქსელები შექმნეს, ჩვენთან კი – ხშირ შემთხვევაში, დაუცველები არიან.

No description available. ცალკე პრობლემაა ალიმენტების თემა – ერთ მხრივ, არსებობენ უპასუხისმგებლო მამები და მარტოხელა დედები, რომლებიც წლების მანძილზე ალიმენტის მიღებისთვის იბრძვიან და შვილებს სრულიად მარტო ზრდიან და მეორე მხრივ, დედები, რომლებიც ბავშვებს ფულის მისაღებად, შანტაჟის იარაღად იყენებენ და დაჩაგრული მამები, რომლებიც ალიმენტსაც იხდიან და ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ შვილებთან სრულყოფილი ურთიერთობის საშუალება არ აქვთ.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში უამრავი აღუსრულებელი საქმეა. სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის ამოღება ვერ ხერხდება. ზოგ შემთხვევაში მამაკაცი იმ დონეზე უპასუხისმგებლოა, რომ  შვილების ბედი საერთოდ არ აღელვებს.
_ შეიძლება თუ არა ოჯახური ძალადობის მსხვერპლად ჩაითვალოს არასრულწლოვანი, რომელიც ყოველდღიურად ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას ხედავს?
_  ბოლო დროს ძალიან გახშირდა არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობა და მათ შორის, სექსუალური ძალადობა. ამის ერთ-ერთი მიზეზი შერეული ოჯახები შეგვიძლია თავისუფლად მოვიაზროთ. როდესაც ბიოლოგიური მამის ადგილს უცხო მამაკაცი იკავებს. ასეთ ოჯახებში სექსუალური ნიშნით ძალადობის უამრავი შემთხვევაა. შეიძლება მამინაცვალი ძალიან წესიერი ადამიანი იყოს და ბავშვზე ბიოლოგიურ მამაზე მეტს ზრუნავდეს, მაგრამ ეს ტენდენცია მთლად მისასალმებელი მაინც არ არის. რეალურად, ასეთ საკითხებზე მხოლოდ იურისტებმა კი არა, სოციალურმა სამსახურმა და ფსიქოლოგებმა უნდა იმუშაონ. ჩვენს ქვეყანაში არაერთი უფასი იურიდიული დახმარების სამსახური არსებობს, მაგრამ ერთ უფასო ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურს ვერ ნახავთ. ევროპის ქვეყნებში და აშშ–ში უამრავი ასეთი სამსახურია.  ბავშვებს ასწავლიან, როგორ ისარგებლონ ცხელი ხაზით, რომ საკუთარი პრობლემების შესახებ უშიშრად ისაუბრონ და ამგვარ ზარს თუ ინფორმაციას ბავშვის უფლებების დასაცავად მყისიერი რეაგირება მოსდევს.  მაგალითად, ბავშვმა იცის, რომ თუ სადმე ნავის ემბლემას დაინახავს, ეს ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურია, სადაც შეუძლია მივიდეს და ინფორმაცია საიდუმლოდ გაანდოს. ეს სამსახური ისე შეატყობინებს შესაბამის ორგანოებს, რომ ბავშვი არსად გამოჩნდება. ჩვენთან მსგავსი არაფერი არსებობს, ასე, რომ ამ ქვეყანაში პრობლემა მარტო ქალის უფლებები არაა.
ამ ბოლო დროს ხშირად ბილ კლინტონის წინააღმდეგ მონიკა ლევინსკის აღიარებითი ჩვენება მახსენდება. საქართველოშიც, რომელიც ამერიკულ და დასავლურ პრაქტიკას მიჰყვება, წარსულის ცოდვების გახსენება მოდაში შემოვიდა. ამაზე საუბარს ვერავის ავუკრძალავთ, მაგრამ როდესაც საქმე იქამდე მიდის, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია ირღვევა, ადამიანს სამსახურიდან ათავისუფლებენ და საზოგადოების თვალში ნეგატიურ პიროვნებად გამოჰყავთ, ეს მეორე უკიდურესობაა და ამას მეუფე იაკობიც სათანადოდ გამოეხმაურა.  ჯერ უნდა დაამტკიცო, რომ ძალადობა ნამდვილად მოხდა და მერე თამამად ისაუბრო, რომ ძალადობის მსხვერპლი ხარ. ამ შემთხვევაში, საპირისპიროდ მოხდა – ჯერ განცხადება გაკეთდა, ამბავი ატყდა და შემდეგ გამოძიება დაიწყო და არავინ იცის, დამტკიცდება თუ არა.
ამ კონკრეტულ საქმეს არ ეხება, მაგრამ საერთოდ, ქალსა და მამაკაცს შორის ნებისმიერ გაუგებრობას  ძალადობის კვალიფიკაცია არ უნდა მიეცეს, ისევე, როგორც ყველა ტყუილი არ შეიძლება თაღლითობად შევაფასოთ.

No description available.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close