პოლიტიკა

დიდი პროგრესი მოხდა ქართულ მართლმსაჯულებაში – სარჯველაძე

შეფასებისთვის მხოლოდ საჯარო ინფორმაცია და ომბუდსმენის ასეთი მიკერძოებული განცხადება კმარა?

ჩავხსნათ ჩვენი ქვეყნის სასამართლო და ვისაუბროთ, შეერთებული შტატები ან რომელიმე საელჩო როგორც შეაფასებს, ის იქნება ჩვენი სამართალი – რაღაც ინფორმაციას აგროვებენ და ამაზე დაყრდნობით აკეთებენ შეფასებებს. შეფასებისთვის მხოლოდ საჯარო ინფორმაცია და ომბუდსმენის ასეთი მიკერძოებული განცხადება კმარა? – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიას საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას.

როგორც სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რელევანტურია, რომ როდესაც საქმე ოპოზიციურ ტელევიზიას ეხება, შესაძლოა, შეკითხვები გაჩნდეს.

„როდესაც რომელიმე დიპლომატიური წარმომადგენლობა ამ ქვეყანაში ვარაუდებსა და შეშფოთებას გამოთქვამს, ჩემთვის გასაკვირი არ არის, რადგან საქმე ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიას ეხება და ამ დროს შეშფოთება, შესაძლოა, რელევანტურია. პოლიტიკურად მოტივირებული არის თუ არ არის, კითხვის ნიშნები რომ ჩნდება და ამაზე ადამიანი უნდა დაფიქრდეს, არავინ კამათობს, მაგრამ შემდეგ ამტკიცო რომ ეს ასეა, მაშინ ან არასწორ ფაქტებს ეყრდნობი ან უნდა იცოდე, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალწარმოების ნაკლოვანება არსებობს. სხვაგვარად, მხოლოდ ის, რომ ვიღაცას ეჭვი აქვს ჩვენი სასამართლოს ხელისუფლების ავკარგიანობასთან დაკავშირებით, არგუმენტი არ არის. ეს ხომ ერთბაშად არ ხდება და ვიდრე კარგი სასამართლო გვექნება, მანამდე უნდა დაიკეტოს სასამართლო? თუ ვინც ოპოზიციურად განწყობილია, არასდროს პასუხისმგებლობა არ უნდა შეეხოს, რაც არ უნდა უბედურება ჰქონდეს დატრიალებული?

10 წლის განმავლობაში სასამართლო ხელისუფლების გასაუმჯობესებლად გაკეთდა იმდენი, რამდენიც შესაძლოა საქართველოს მთელ ისტორიაში არ გაკეთებულა. უკუსვლით რომ ატარებდნენ მართლმსაჯულებას, იქიდან დაწყებული, მოყოლებული 2012 წლის ბოლოდან, საქართველოში არასდროს რომ არ გაკეთებულა, იმხელა რეფორმები გატარდა თავისი 4 ტალღით. დიდი პროგრესი მოხდა ქართულ მართლმსაჯულებაში“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close