საზოგადოება

„გაღიზიანებული და აგრესიული ვიყავი.. გამაფრთხილეს, რომ კოვიდპაციენტებს ესეც ახასიათებთ“ – ზურა ბალანჩივაძე

ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტი ზურა ბალანჩივაძე,რომელიც კორონავირუსს ძმასთან ერთად ებრძვის, სოციალურ ქსელში შემდგი შინაარსის წერილს აქვეყნებს:

„მე-9 დღეც დადგა.
მიხარია, რომ სიმპტომები გამიქრა და სიცხე არ მაქვს. არც ირაკლის აქვს. ორივეს ამოსახველებელს გვასმევენ და მუცელში სისხლის გამათხელებელს გვიკეთებენ, მაგრამ ძალიან მარტივი ნემსია და ჩხვლეტასაც ვერ გრძნობ. წინა ორ დღეს განსაკუთრებით გაღიზიანებული და აგრესიული ვიყავი და ჩემი თავისგანაც მიკვირდა, რა მჭირდა. საშინლად მინდოდა დაცლა. თუმცა თავიდანვე გამაფრთხილეს, რომ ესეც ახასიათებთ კოვიდპაციენტებს. დღესაც ამიღეს ანალიზები და მგონი, ყველაფერი წესრიგშია. ამიერიდან იწყება უკუთვლა.

ახალი პროტოკოლის მიხედვით, სიმპტომებიანი პაციენტი მე-13 დღის მერე გადამდები აღარაა და ტესტმა დადებითიც რომ აჩვენოს, იგი მაინც თავისუფალია. მსოფლიოში ამ ეტაპზე განმეორებით დაინფიცირების მხოლოდ 10-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გამონაკლისის სახითაა მიჩნეული. 10-იანზე გამახსენდა: უსიმპტომო პაციენტებს (რომლებსაც დადებითი დაუდგინდათ) 10 დღეში უშვებენ გარეთ.

მას შემდეგ, რაც ძილიც მოვიბეზრე და ჭამაც, კითხვას მივუბრუნდი. ქინდლში მაინცდამაინც სვეტლანა ალექსეივიჩის “ჩერნობილის ლოცვა” შემომეჩეხა, რომელიც ვერა და ვერ დავამთავრე. ვკითხულობ და ახლა გაცილებით უფრო სარწმუნო და ხელშესახები გახდა ყველაფერი, რასაც იგი აღწერს.

რასაკვირველია, მადლობა ღმერთს, ამჯერადაც ატომური კატასტროფა არ მომხდარა, მაგრამ მსოფლიო არც ჩერნობილის და არც კოვიდპანდემიის შემდეგ იქნება ისეთი, როგორიც იყო. არის პასაჟები უხილავ მტერთან დაკავშირებით, რომლებიც ერთი-ერთში იმეორებს ვირუსის საშიშროებას.

“ოჰ! კიდევ ერთი ჭკვიანი მეცნიერი ჩამოვიდა და კლუბში გვითხრა, შეშა უნდა გარეცხოთო! ეს რა გავიგონე! გვიბრძანეს, გარეცხეთ ლეიბისპირები, ზეწრები, ფარდებიო! ისინი ხომ ქოხშია! კარადებში და სკივრებში. რა უნდა ქოხში რადიაციას? შუშაში შემოაღწევს? კარებში შემოვა? ტყეებში და მინდვრებში ეძებეთ… ჭები ბოქლომებით დაკეტეს, ცელოფანი შემოახვიეს. წყალი „ჭუჭყიანიაო!“ რანაირადაა ჭუჭყიანი, როცა ისეთი წმინდაა! სისულელეებსლაპარაკობენ! ყველანი დაიხოცებით, უნდა წახვიდეთ, დატოვოთ აქაურობაო…” – წერს ალექსეივიჩი და ცეზიუმს გულისხმობს, რომელიც, სხვა რადიაციულ ნივთიერებასთან ერთად, დიდი რაოდენობით ამოიფრქვა ჩერნობილის იმ ავადსახსენებელი მეოთხე რეაქტორიდან.

დღესაც ასეა. მართალია, უფრო ლმობიერ დოზებში, მაგრამ გაცილებით ულმობელ მასშტაბებში. კაცობრიობა მსოფლიო ომშია ომში საკუთარ თავთან, რომელსაც, საბედნიეროდ, გაცილებით უფრო მალე ექნება დასასრული, ვიდრე ჩერნობილს.

ჯანმრთელობა ყველას“ – წერს ზურა ბალანჩივაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close