საზოგადოება

გამოსაცდელებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, ცალკე საკარანტინო სივრცეები მოეწყობა – სოფიო გორგოძე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით:

„მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია; მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას; დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ასევე შემუშავდა: საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავების, საგამოცდო ცენტრების დალაგების, სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექციის, ცენტრის პერსონალის მუშაობის პირობები. რეკომენდაციები იხილეთ ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე“, – აღნიშნა გორგოძემ.

სოფიო გორგოძის თქმით, ცენტრი წელსაც მოაწყობს საკარანტინო სივრცეებს იმ გამოსაცდელებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ტემპერატურა 37°С და მეტი, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული COVID-19.

სამინისტროში გამართულ ბრიფინგს ესწრებოდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. მან განმარტა, რომ გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება მოხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე.

„თითოეული სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის დაშორება იქნება სულ მცირე ორი მეტრი, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი, ერთი მეტრი. კონდიციონერები ირთვება 30° გრადუსზე მაღალი ტემპერატურის პირობებში“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

გარდა ამისა, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში დაწესებული ზოგადი რეგულაციის შესაბამისად, პირბადის ტარების წესი გავრცელდება საგამოცდო პროცესში მონაწილე ყველა პირისთვის.

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

იმედინიუსი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close