პოლიტიკა

ბათუმის, ზუგდიდისა და ჭიათურის შემდეგ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ნაწილმა

ბათუმის, ზუგდიდისა და ჭიათურის შემდეგ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ნაწილმაც. ხობში ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ენმ-ის 11-დან 10-მა დეპუტატმა.

როგორც ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ია ჯიშკარიანმა განაცხადა, დეპუტატებთან ერთად პარტია დატოვა ენმ-ის ხობის ორგანიზაციის უმრავლესობამაც, ჯამში 30-მდე წევრმა.

ია ჯიშკარიანის განმარტებით, საკრებულოში ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას და ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობასაც” მალე სახელს გადაარქმევენ.

ენმ-ის ხობის ორგანიზაციის უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ, რომ პარტიის დატოვების “რთული და მტკივნეული” გადაწყვეტილება ენმ-ის ახლანდელ მმართველებთან უთანხმოების გამო მიიღეს. ისინი “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ერთად აპირებენ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას, თუ ის ახალ პლატფორმას ჩამოაყალიბებს.

“პარტიაში განვითარებულმა არაჯანსაღმა მოვლენებმა გამოიწვია “ნაციონალური მოძრაობის” ე.წ მენეჯმენტსა და ხალხს შორის დაშორება. მოსყიდვებით და ინტრიგებით შექმნეს ხელოვნური კრიზისი, რასაც მოჰყვა ანგარებიანი პერსონების, ფსევდომიშისტების ფსევდოჰუმანიზმზე დაფუძნებული კამპანია. ამან გამოიწვია ღირსეული და მრავალ ბრძოლაგამოვლილი ხალხის გვერდზე გაწევა… ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, წერტილი დავუსვათ ამ პროცესს და ვტოვებთ “ნაციონალურ მოძრაობას”, – განაცხადა დღეს, 6 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე ია ჯიშკარიანმა.

პარტიასთან ერთად საკრებულოს მანდატების დატოვებაზე ენმ-ის ლიდერების განცხადების პასუხად, ჯიშკარიანმა თქვა, რომ მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებენ: “რა მანდატები? არ მივიღებ ამას… ჯერ დავალიანებაზე ისაუბრონ, რომელიც აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” ხობის ორგანიზაციაში. ჯერ მოაგვარონ ეს დავალიანება და შემდეგ მივიღებთ პრეტენზიებს”, – თქვა ია ჯიშკარიანმა.

რადიო თავისუფლება

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close