საზოგადოება

„ბაბუაჩემმა დაგვიბარა, რომ გვყვარებოდა საქართველო და არ დაგვვიწყებოდა, თუ როგორი ხელგაშლილობით მიიღო გენოციდს გადარჩენილი ათასობით სომეხი“

23 აპრილს სომხური დიასპორა თურქების მიერ 1915 წელს მოწყობილი სომეხთა გენოციდიდან 106 წლისთავს ყველა ქვეყანაში, მათ შორის თბილისშიც აღნიშნავს.
აღსანიშნავია რომ სწორედ ამ გენოციდის დროს შემოვიდა საქართველოში ათასობით სომეხი ლტოლვილი. თბილისში მოღვაწე ცნობილი მთარგმნელი, გამომცემელი და პოეტი ანაიდა ბოსტანჯიანი(გარდ. 2017 წ. დაკრძალულია თბილისში, სომეხ მოღვაწეთა პანთეონში) გენოციდის დროს დევნილთა შთამომავალი იყო და თავის ნაწერებში ამ ფაქტს ხშირად აღნიშნავდა. ერთ-ერთ მოგონებაში, „ბაბუაჩემის მონაყოლი და ჩვენი უწყვეტი გაზაფხული“ – იგი წერდა:
„…1917 წლის დეკემბერს, ყარსის სოფელ ტიგორიდან ალექსანდროპოლში, ხოლო შემდეგ თბილისში გადასახლებული, ანდრანიკის ჯარში ნამსახურევი ბაბუა ეღიში გვიყვებოდა. …გვიყვებოდა სომეხთა გენოციდზე, საბედისწერო გადასახლებაზე. ჩვენ პატარები ვიყავით… მაგრამ მაინც შევძრწუნდებოდით ხოლმე: ადამიანიც ასეთი უმოწყალო უნდა იყოს? ცოცხლად დაწვა, შუბით განგმირვა, დახოცვა, მკვლელობა… ადამიანი ადამიანის მიმართ? რატომ? რისთვის? ბაბუა, თქვენ, რას შვრებოდით? ბაბუა მძიმედ ოხრავდა. თვალები ცრემლით ივსებოდა. ის თავიანთ ყვავილოვან სოფელს – ტიგორს იხსენებდა (რომელიც წლების შემდგომ საკუთარი თვალებით უნდა მენახა, მუხლებზე უნდა დამეჩოქა გაყინულ მიწაზე, უნდა მეტირა და ერთი მუჭა მიწა წამომეღო მის საფლავზე – თბილისში…). ისე ნათლად და ლამაზად გვიყვებოდა, რომ 2012-ში ყარსში ჩასულ თბილისელ სომეხს, რომლისთვისაც უკვე უცხო იყო იქაურობა (და უდაბური ჩვენთვის) უნდა შემეძლო ტიგორის ადვილად მიგნება… უნდა მენახა საკუთარი თვალებით და მწუხარებით გამეხსენა ბაბუაჩემის სულთმობრძაობის წუთები განსაკუთრებით… როდესაც მას ჰქონდა თავიანთი სოფლის, გაქცევის ხილვა… და უცბად მისი სახე შიშით შეძრწუნდა: მოდით, იჩქარეთ… დახოცეს, წაიყვანეს, მოიტაცეს… (ჩვენ ვიცოდით, რომ ეს მოტაცება მის პირველ ცოლს ეხებოდა, რომელიც თურქებმა ძალით მიტაცეს და ბაბუაჩემის იმედად დატოვეს ჩემი სამი წლის დეიდა…). მერე უეცრად ბრწყინავდა მისი სახე: ანდრანიკის ჯარები მოვიდნენ, ნახეთ… მაღლობზე („დარი გლუხ“) არიან უკვე. და ესაუბრებოდა ანდრანიკს: ფაშა, მიბრძანე… ცდილობდა, წამოხტომოდა – სარდლის დასახვედრად… მყისიერად ახალგაზრდავდებოდა სიცოცხლის დასასრულს მიახლოებული ბაბუაჩემი… ამ დასასრულში წარუშლელი და წარსულისკენ მიმართული მზერა იყო… სვანეთის უბნის „დარი გლუხი“ მაღლობია, ჩვენი სახლის ზემოთ, აქედან სახელწოდება „დარი გლუხ“. რატომ ეჩვენებოდა მას ანდრანიკი ზუსტად ამ მაღლობზე, მე მოგვიანებით უნდა მიმხვდარიყავი, კვლავ ყარშში ჩასვლის დროს: მაღლობი („დარი გლუხ“) ძალიან მაგონებს ყარსის ციხე-სიმაგრეს. ბაბუაჩემი ყვებოდა, ხოლო დედაჩემი, მანიკი (პედაგოგი) იწერდა მის მონაყოლს. და იწერებოდა დედაჩმის დღიური… „მამაჩემი, 1888 წელს დაბადებული ეღიშე დანიელიანი ყარსიდან იყო, დანიელიანთა იმ დიდი საგვარეულოდან ერთ-ერთი, რომელიც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა ყარსის სოფელ ტიგორში… ბაბუაჩემი, მისი დებიც, მისი ძმა ჰოვჰანნესიც, ბიძაშვილებიც და ქალიშვილებიც – ნიკოღოსი, სარგისი, ტიგრანი, ეგორი, ფილიპოსი, არტაშესი, არამი, ხნკანოსი, ანთარამი, ჰამასფიური, ნვარდი (რომლებიც შემდგომ უნდა გაქცეულ იყვნენ და გაფანტულ იევნენ ერევანში, გიუმრიში, თალინში, თბილისში) მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. მაგრამ ერთხელ შუაღამით სროლის ხმა და ქალების გულდასაწყვეტი ყვირილი გაისმა: დახოცეს, წაიყვანეს… შვილი მომიკლეს… კვლავ ყვირილი, ღაღადი: ჩემი ქალიშვილი… ჩემი ქალიშვილი… შემდეგ – კვამლი და გამონაბოლქვი – ერდოებიდან. სახლები იწვებოდა. სასაკლაოს ტალღამ მათ სოფლამდეც მოაღწია… 1915 წლის გენოციდიდან რამდენიმე წლის შემდეგაც… გაქცევა, გათავისუფლება! ერთადერთი გზა იყო. ემიგრანტებთან ერთად ისინი გიუმრიში უნდა ჩასულიყვნენ. მაგრამ სახლიდან ახლახანს იყვნენ გამოსულები, როდესაც ბანდიტები მათ თავს დაესხნენ მახვილებითა და შუბებით ხელში. მათ ფული და ოქრო მოსთხოვეს… მაგრამ მოულოდნელი რამ მოხდა – ერთ-ერთი ბანდიტი, ეროვნებით ქურთი, მკერდით აღუდგა წინ მეხანჯლეს: არ გაგიშვებო, მე, ეღიში და ჰოვჰანნესი ერთმა დედამ აღგვზარდაო… გადარჩნენ… კეთილი ადამიანებიც არსებობენ… ღმერთი იყოს მისი მფარველი. ცოტა ხნის შემდეგ ახალი და უფრო საზარელი შემთხვევა – ერთმა თურქმა ბაბუაჩემს ხმალი მიუშვირა: უნდა წავიყვანოო, ბრძანებაა ასეთიო. საუბარი იყო ჩემი დის უსაზღვროდ ლამაზ დედაზე. გაიტაცეს – ბაბუაჩემის თვალწინ. კვლავ განსაცდელი… კვლავ გზაზე. თურქი ბაშიბოზუკები ბავშვს – ჩემს დას დაესხნენ თავს. ამჯერად ღონიერმა და მხრებგაშლილმა ბიძაჩემმა შეძლო ბანდიტის ჩამოხრჩობა და არფაჩაიში გადაგდება. და როგორღაც, მშიერ-მწყურვალი ჩააღწიეს გიუმრიში და ერთ მყუდრო ქოხში დაბინავდნენ. მამაჩემი ამბობდა, რომ იმ დროს ქალაქში მალულად თურქები ცხოვრობდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ბიძაჩემის მეუღლე, ვარსენიკი მოიტაცა. შემდეგ მამაჩემის ცხოვრებაში დედაჩემი გამოჩნდა – შუშიდან ლენინაკანში ჩამოსული და ობოლთა თავშესაფარში გაზრდილი დედა ზინავარდი… 1922 წელს მე დავიბადე. შემდეგ თბილისი… მამაჩემის ხელით აშენებული ჩვენი სახლი – მახათას ფერდობზე… „მამაჩემის სიყვარული თბილისის მიმართ, მისი აღფრთოვანება ქართული, თბილისელი სომხების დიდსულოვნებით, სტუმართმოყვარეობით…“. ალბათ, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ბაბუაჩემმა სიკვდილის წინ დაგვიბარა, რომ უნდა გვყვარებოდა საქართველო და არ უნდა დაგვვიწყებოდა, თუ როგორი ხელგაშლილობით მიიღეს მათ გენოციდს თმის ბეწვზე გადარჩენილი ათასობით სომეხი. ბაბუაჩემის გარდაცვალების შემდეგ, დეიდაჩემი იხსენებდა და ყვებოდა… დღეს დედაჩამი იხსენებს და ყვება… დღეს მეც ვყვები, ვეხმაურები ჩემს ისტორიულ მეხსიერებას. და პასუხს მოვითხოვ. ჩვენგან წართმეული მიწებისა და ჩვენიანების ბედისწერის გამო. დღეს ჩემი ქალიშვილები – მარინა და გაიანე ბოსტანჯიანებიც იხსენებენ, რომელთა ბაბუა – ხაჩატურ ბოსტანჯიანი, არდაჰანიდან თბილისში ჩამოსული საგვარეულოს ერთ-ერთი შტო იყო, რომელმაც თავისი ოჯახითურთ – ჩემს დედამთილთან, ჩემს მეუღლესთან და თავის დასთან ერთად გადაიტანა გადასახლების მთელი სიმწარე… დღეს ჩემი შვილიშვილებიც იხსენებენ – ლიზა, ანი, რუბენ თადევოსიანები, მარიამი და რაფი ბადალიანები. ჩვენც ერთი საგვარეულო ვართ, და ჩვენი წინაპრების შეწყვეტილი გაზაფხული ჩვენ უნდა გავაგრძელოთ. ეს ჩვენი ისტორიის, ჩვენი სისხლის, უდანაშაულოდ და მოწამეობრივად დაღუპული ჩვენი ხალხის ძახილია. სომეხი მარად ცოცხალია.“
P. S. ხვალ, თბილისის ქუჩებში ტრადიციული საპროტესტო მსვლელობა გაიმართება, რაც სომხეთის საელჩოს წინ ასევე საპროტესტო აქციით გაგრძელდება.
Aa
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close