Sliderსაზოგადოება

არ დაუთმოთ მედიასივრცე ძალადობისკენ მოწოდებებსა და სიძულვილის ენას – ეთიქის ქარტიის რეკომენდაციები პრაიდ ფესტივალის გაშუქებისას

ქარტია მოუწოდებს მედიას, გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას, ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების ტირაჟირებას.

მედიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, რომ დაეხმაროს საზოგადოებას ირაციონალური შიშებისა და სიძულვილის დაძლევაში და არ გაამძაფროს დისკრიმინაცია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

  • არ დაუთმოთ მედიასივრცე ძალადობისკენ მოწოდებებსა და სიძულვილის ენას;
  • ნუ დააანონსებთ ძალადობრივი ჯგუფების იმგვარ გეგმას, რომელიც მათ მომხრეების მობილიზებაში დაეხმარება;
  • ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას აუცილებლად მიაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია ამ ჯგუფების მიზნებსა და მოტივაციაზე;
  • ხელი არ შეუწყოთ არატოლერანტული, დისკრიმინაციული გარემოს ჩამოყალიბებას, სიძულვილის წახალისებას;
  • სიძულვილის ენის შემცველი მასალა შეიძლება გამოქვეყნდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს ამის გარდაუვალი აუცილებლობა და მაღალი საჯარო ინტერესი; ამ შემთხვევაშიც, საზოგადოებას განუმარტეთ, რომ ესა თუ ის განცხადება შეიცავს სიძულვილის ენას;
  • ცხადად გაემიჯნეთ ამგვარ გამონათქვამებსა და პოზიციას. გამიჯვნა არ ნიშნავს მაინცდამაინც სიტყვიერად მითითებას „ვემიჯნებით რესპონდენტის მოსაზრებებს”, შესაძლებელია, სხვა ფორმით და სხვა ტექსტით. არ გაიზიაროთ რესპონდენტის პოზიცია; თუ ამგვარი პოზიცია ისმის პირდაპირ ეთერში, იქვე მიუთითეთ რესპონდენტს და არ დაუთმოთ ტრიბუნა ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და არ დაუშვას 5 ივლისის განმეორება. მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება ხელისუფლების მოვალეობა და პასუხისმგებლობაა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close