Sliderსაზოგადოება

აპრილის ბოლოს შესაძლოა შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსის ანა კასრაძის განცხადებით, მართალია, ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მცირე შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება.

მისივე თქმით, შემთხვევების მატება კვლავ მოსალოდნელია.

ანა კასრაძის განმარტებით, აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში შესაძლოა, შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდეს.

„ჩვენ დღეში ინფიცირების მაქსიმალური რაოდენობა  გვქონდა 34 შემთხვევა. მას შემდეგ შედარებით ნაკლებია ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ.

კვლავ ველოდებით შემთხვევების მატებას. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღესასწაული იყო, რამაც ადამიანებს შეკრების მიზეზი მისცათ. ვხედავთ, რომ თავშეყრას აგრძელებენ და დიდი მადლობა, ვინც ამას არ აკეთებს და თავს იკავებს, საკმაოდ რთულია ამ დროს არ შეიკრიბო და არ ნახო ოჯახის წევრები, თუმცა მადლობა მათ ამისთვის. ამის შედეგს ჩვენ ორი კვირის განმავლობაში ვნახავთ. ვფიქრობთ, რომ შემთხვევების მატება იქნება. შეიძლება იყოს 30 და მეტი შემთხვევაც.

ჩვენ უკვე გრაფიკზე ვხედავთ, რომ გვაქვს შემთხვევების მატება. გუშინდელ და გუშინწინდელ დღეს არ ვგულისმხობ, და მოლოდინია, რომ აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ჩვენ შესაძლოა, შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა გვქონდეს, რამაც შესაძლოა, პიკზე მიუთითოს და ამ დღეებში მცირე რიცხვი დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს“ , – განაცხადა ანა კასრაძემ.

რაც შეეხება დაწესებულ შეზღუდვებს, ანა კასრაძის თქმით, შეზღუდვების მოხსნა ქვეყანაში ეპიდემიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

„ადრე თუ გვიან შეზღუდვების მოხსნა მოგვიწევს, რა თქმა უნდა, დიდი ხნის განმავლობაში ამ მდგომარეობაში ვერ ვიქნებით. ამ შეზღუდვებმა ჩვენ მოგვცა საშუალება, რომ სისტემა მომზადებულიყო. მომზადებულიყო ჯანდაცვის სისტემა, ექიმები. ახლა, როცა უფრო მეტი მატება გვექნება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სისტემა ამას მომზადებული დახვდება. რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, რა თქმა უნდა, ეს გაკეთდება ეპიდსიტუაციის შესაბამისად. ვნახოთ, რა იქნება მომავალი ირი კვირის განმავლიბაში და ამის შესაბამისად გადაიხედება“ ,- განაცხადა ანა კასრაძემ.

მისი შეფასებით, ქვეყანაში ფიზიკური დისტანცირების რეკომენდაცია გარკვეულწილად სრულდება, თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც საჭიროა.

„შესაძლოა, იყო სოციალურად აქტიური, ეკონტაქტო მეგობრებს, ოჯახის წევრებს, მაგრამ მათგან ფიზიკურად იყო დისტანცირებული. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გარკვეულწილად ეს სრულდება და მადლობა მათ, ვინც ამას ასრულებს, თუმცა ყველანი ვხედავთ, რომ ეს ისე არ ხდება, როგორც უნდა კეთდებოდეს, რაც მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს. როდესაც ჩვენ ადამიანებს სეირნობის უფლება მივეცით, მათ დაიწყეს ჯგუფებად სეირნობა და რამდენიმე ადამიანი ერთად შეიკრიბა, ასე გაიგეს ღია სივრცეში სეირნობა. ეს არაა სწორი. ღია სივრცეში სეირნობა როდესაც ხარ მარტო ან ბავშვთან ერთად, ოჯახის ერთ წევრთან ერთად და იცავ დისტანციას სხვა მოსეირნეებთან ერთად, ეს დასაშვებია“ , – განაცხადა ანა კასრაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close