პოლიტიკა

ანალიზის უნარი აქვს კარგი, ის მუშაობს 24 საათი – ნაყოფია

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საგანგაშოა, საჭიროებს დამატებით კვლევებს და მკურნალობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს აშკარად, გამოხატულად აღენიშნება ნევროლოგიური პრობლემები.

„როცა შიმშილობდა, სერიოზული ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას. გახსოვთ მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ამას უკვალოდ არ ჩაუვლია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და დღემდე არ გვაქვს პასუხი ექიმის მასთან ვიზიტის თაობაზე. უცხოეთში არის კომუნიკაცია რამდენიმე ექიმთან, რომლებიც უნდა შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ პასუხი არ არსებობს, ამ ადამიანებს დაუშვებენ მიხეილ სააკაშვილთან თუ არა. მე კიდევ ერთხელ მინდა, გავაფრთხილო ივანიშვილის ხელისუფლება რომ ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მათ ყველაზე მეტად უნდა აინტერესებდეთ. აშკარად ეტყობა იგივე გადაადგილებაში, ადგილობრივი ექიმები რომ შედიან და ამოწმებენ, როგორი რეფლექსები აქვს. მომაწოდა ეს ინფორმაცია და მდგომარეობა საგანგაშოა. ის საჭიროებს დამატებით კვლევებს და დამატებით მკურნალობას“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

მისივე თქმით, ზემოაღნიშნულის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი გონივრულად არაჩვეულებრივ ფორმაშია.

„ანალიზის უნარი აქვს კარგი. ის მუშაობს 24 საათი. მიხეილ სააკაშვილი ისედაც უჩიოდა ძილის პრობლემებს და ახლა იძახის, რომ დროც არ მაქვსო, რადგან ძალიან ბევრს მუშაობს. ის ახლა მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელსაც ძალიან მალე წარუდგენს საზოგადოებას. თუმცა, მან თქვა, რომ თუ მასთან არ იქნებიან დაშვებული ექიმები, იძულებული გახდება, მიმართოს პროტესტის უკიდურეს ფორმას და დაიწყოს შიმშილობა“, – აღნიშნა კობა ნაყოფიამ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close