Slider

„აია-სოფიას ტაძრისთვის სტატუსის შეცვლა თავად თურქეთისთვის იქნება დამაზიანებელი“

რას ამბობს ერდოღანის ინიციატივაზე ქართველი მეცნიერი, რომელიც აია-სოფიას ტაძარში ლოცვა აუკრძალეს

სტამბოლში მდებარე წმ. სოფიას ტაძარი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში 29 მაისს მოექცა, როცა სტამბოლის აღებიდან 567 წლის საიუბილეო ღონისიებაზე ტაძარში ყურანის ერთი თავი წაიკითხეს. ამას  საბერძნეთის მყისიერი პროტესტი მოჰყვა. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აიასოფია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და აქ ყურანის წაკითხვა იუნესკოს კონვენციას ეწინააღმდეგება.

მოგვიანებით, თურქეთის პრეზიდენტი აია სოფიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და  ტაძრის მეჩეთად გადაკეთების იდეა გაახმოვანა. სახელისუფლებო პარტიის სხდომაზე გამოსვლისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ტურისტები შეძლებენ აია სოფია ისე დაათვალიერონ, როგორც მეჩეთი, როგორც ეს ცისფერი მეჩეთის შემთხვევაში ხდება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდების საპასუხოდ, რომ თავი შეიკავონ  აია სოფიას მეჩეთად გადაკეთებისგან, თურქეთმა განაცხადა, რომ აია-სოფია მათ  მიწაზე დგას და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი თურქეთის შიდა საქმეა.

რას ფიქრობს წმ. სოფიას ტაძრის გარშემო განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე ქართველი მეცნიერი, რომელსაც 2018 წელს აია სოფიას ტაძარში ლოცვა აუკრძალეს? ამის გასარკვევად „პროგრესნიუსი“ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ და პუბლიცისტ ვაჟა კაკაბაძეს დაუკავშირდა:

_ ბატონო ვაჟა, როგორც მახსოვს, 2018 წელს თურქეთის საელჩოს და თურქეთის მთავრობას ღია წერილით მიმართეთ, სადაც გულისტკივილით აღნიშნავდით, რომ აია სოფიას ტაძარში პირჯვარის გადაწერისა და ლოცვის გამო, მომსახურე პერსონალმა ტერიტორიის დატოვება მიგთხოვათ. საინტერესოა, რას ფიქრობთ ამჟამად ტაძრის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე?
_ მედიიდან გავიგე, რომ თურქეთის მთავრობა აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებას აპირებს. ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თურქეთს ხელისუფლებას სპეციალური განცხადებით მიმართა. „თურქეთის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, აია-სოფია მუზეუმად დატოვონ, რაც მისაბაძი მაგალითი იქნება ვალდებულების შესრულების, რწმენის ტრადიციებისა და მრავალფეროვანი ისტორიის პატივისცემის,“- განაცხადა მაიკ პომპეომ.
ჩემი აზრით, ის, რასაც თურქეთის ხელისუფლება აკეთებს, მათივე რელიგიის უპატივცემულობაა, რამეთუ ყურანში ქრისტე და ღვთისშობილი მარიამი წმინდანებად არიან მოხსენიებული. ეს ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის საგანძურს წარმოადგენს და თუ ასე უპატივცემულოდ მოექცევიან, ვშიშობ, რომ მათ მეჩეთებსაც იგივე ბედი ეწევა. მინდა აღვნიშნო, რომ აია–სოფიას სახელწოდება  კოლხური კულტურის მემკვიდრეობის საფუძველია, რამეთუ „აია“ კოლხეთს  ერქვა და კოლხეთი პირველად ქსენოფოტმა მოიხსენია.
ვფიქრობ, ყველა მუსულმანისათვის სამაგალითო უნდა იყოს ეგვიპტის სულთანი სალადინი (სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბი, ევროპაში ცნობილი როგორც სალადინი), რომელსაც იერუსალიმის აღების დროს არცერთი ქრისტიანული სალოცავი არ დაუნგრევია და სწორედ იმიტომ იყო დიდი მეფე, რომ სხვის კულტურას და ფასეულობას პატივს სცემდა. თურქებს შევახსენებ, რომ თურქული კულტურა შექმნილია ხათების, შემდგომში ხეთების, ანუ ქართველური ტომების და, შემდგომში, ბერძნების, ბიზანტიელების კულტურის საფუძველზე. რაც შეეხება აია-სოფიას, ის მუზეუმად 1934 წელს, თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მმართველობის დროს გადაკეთდა. გამოდის, რომ თანამედროვე თურქები აია-სოფიას ტაძრის სტატუსის შეცვლით საკუთარი ქვეყნის დამფუძნებელს პატივს არ სცემენ, რაც ისევ თურქეთისთვის იქნება დამაზიანებელი.
ღმერთი სიკეთეა და ის ყველა ჩვენთაგანშია – ამ ფუძემდებლურ პრინციპზეა აგებული იმ ადამიანების საქმიანობა, რომლებიც რეალურ ღირებულებას ქმნიან. სწორედ ასეთი ადამიანების წყალობით ინარჩუნებს კაცობრიობა ადამიანურ სახეს.
2018 წელს, როცა თურქეთში ვიმყოფებოდი, უამრავ ასეთ ადამიანს შევხვდი, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო ის მანკიერი დამოკიდებულება, რაც ქრისტიანული კულტურული ძეგლებისა და სალოცავების მიმართ დავინახე. კერძოდ, ქრისტიანული ძეგლები მოუვლელია, ან გადაკეთებულია მეჩეთებად, ხოლო მოქმედ ქრისტიანულ სალოცავებზე აღმართულია მუსლიმანური სიმბოლოები.
როცა აია-სოფიას ტაძარში ღვთისმშობლის წინაშე მუხლი მოვიდრიკე და პირჯვარი გადავიწერე, ამ ტაძრის მომსახურე პერსონალის წარმომადგენელმა უხეშად მომართა და ფეხზე წამოდგომა მომთხოვა. ეს ყოვლად დაუშვებელია ცივილიზებულ სახელმწიფოსათვის და მეამაყება, რომ მსგავს სურათს საქართველოში ვერ შეხვდებით. ჩვენს პატარა ქვეყანაში ყველა სარწმუნეობას და მათ სალოცავებს უაღრესად დიდ პატივს მიაგებენ და ყოველნაირად ცდილობენ მისი პირველსახის შენარჩუნებას, რამეთუ ყველა სარწმუნეობის სალოცავი ჩვენს სულიერ სიმდიდრედ მიგვაჩნია. უფრო მეტიც, ხელს არ ვუშლით არცერთ ეროვნების ადამიანს ილოცოს თავისი მრწამსისა და რელიგიის მიხედვით, რამეთუ: ღმერთი სიკეთეა და ის ყველა ჩვენთაგანშია.

შეგახსენებთ, რომ აია სოფია 916 წლის განმავლობაში ქრისტიანული ეკლესია იყო. 1453 წელს ოსმალთა იმპერიის მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, ის მეჩეთად გადაკეთდა. თურქეთის რესპუბლიკის დროს, აია სოფიას მუზეუმის სტატუსი მიენიჭა.
აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააჟღერა. თურქული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ, სახელმწიფო საბჭომ საქმის მოსმენა დაასრულა და წერილობით განაჩენს 15 დღეში გაასაჯაროებს. აია სოფიას სტატუსზე თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილება 17 ივლისს გამოქვეყნდება.

„პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close