საზოგადოება

ადამიანი მაინც მარტოა – გარდაიცვალა პოეტი რეზო ამაშუკელი

85 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი რეზო ამაშუკელი.

რეზო ამაშუკელმა 1960 წელს დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ლექსები და პოემები იბეჭდება 1957 წლიდან. გამოქვეყნებული აქვს წიგნები (1964, 1967, 1970, 1974).

პოემისთვის „ძახილი“ 1968 წელს მიენიჭა საქართველოს კომკავშირის პრემია. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1986). 1988-1989 წლებში იყო შოთა რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე (1993). არის თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1996). გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა (1982) და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1968).

ქაშუეთის წინ

ლოთმა სანდრუამ

არაყის ფული

მთელ დღეს აგროვა,

მერე

დაუსხეს დიდ ჭიქაში და…

– ადამიანი მაინც მარტოა!

მიდგა კუთხეში

სიტყვის უთქმელად

და სავსე ჭიქას

ცოტა ადროვა,

მერე გადაკრა სულმოუთქმელად…

– ადამიანი

მაინც მარტოა!

ნუ მეკითხები

ასე რატოა:

ვინ – ვინ ჩაწიხლა,

ვინ – ვინ დატოვა,

როგორც კი ცოტას წაიფორხილებს

– ადამიანი,

უკვე მარტოა!

არ უნდა ამას

დიდი მიტინგი,

ჭკუათმყოფელმა,

ვინც კი სანდოა,

იცის, ყალბია ბევრის ტიკტიკი,

– ადამიანი

მაინც მარტოა!

მავანი ისევ ფეხს აბაკუნებს,

მავანი ისევ

მხოლოდ ღადოა,

დრო მაინც ყველას

კუთვნილს არგუნებს,

– ადამიანი

მაინც მარტოა!

ზოგს ნინო უყვარს,

ზოგს ქეთევანი,

ზოგისთვის გონჯიც ბრიჯიტ ბარდოა,

ვის დაფნა ერგო,

ვის სატევარი,

– ადამიანი

მაინც მარტოა!

ზოგს აიაზმა ასვეს, აპკურეს,

ზოგს დავიწყების

თოვლმა ათოვა,

სიბერე კარს რომ მოაკაკუნებს…

– ადამიანი

უკვე მარტოა!

ქვეყნად რამდენმა

ხატა, აშენა,

სიტყვა და ფერი მოაჯადოვა,

ისევ ოცნების გადასარჩენად…

– ადამიანი

მაინც მარტოა!

თუ ვინმე დიდი

კაცი გამოჩნდა,

თუ ვინმე

ერის სადიადოა,

– გახსოვთ, პოეტი როგორ გადმოხტა?

– ადამიანი მაინც მარტოა!

წუთისოფელი

თავის გზით მიდის,

თვალსაწიერიც უფრო ფართოა,

ყველამ ჩახედოს

საკუთარ სინდისს,

– ადამიანი

მაინც მარტოა!

ჭიქა-ღვინოზე

თავის შექცევით,

ფიქრებს, რომლებიც სახიფათოა,

ვაი, რომ მაინც ვერ გაექცევი,

– ადამიანი მაინც მარტოა!

მე ჩემის თავის

არც რა დარდი მაქვს,

მაგრამ არ ახსოვს

მრავალ დარდიმანდს,

დრო იყო,

ძმა-ძმას საფლავს უთხრიდა,

დრო იყო,

კლიტე ეპყრა შადიმანს!

ვის რაში უნდა ჩემი ტრაბახი

ან აყვირებით,

ან გაყუჩებით?!

– “გარჩენილი ვარ ქვებზე კალმახი

და ახეული მაქვს ლაყუჩები!”

განწმინდეს,

ნათლეს,

რა არ იღონეს,

ეშმაკმა მაინც არ მიატოვა,

(ვწერ

უკვე ბევრჯერ ნათქვამ სტრიქონებს)

– ადამიანი

მაინც მარტოა!

რაც უნდა აშრო

ბედის ხორბალი,

ბოლო არჩივი

მაინც ქატოა,

ფიცარი ფუყე და გამომპალი…

– ადამიანი მაინც მარტოა!

მე ჩემსას ვიტყვი,

გინდა მომკალი,

– სამყარო,

აი, რაც უზადოა!

ცაზე ოცნებით ვარსკვლავთ მომმკელი –

– ადამიანი

მაინც მარტოა!

… ქაშუეთის წინ

ლოთმა სანდრუამ

არაყის ფული

დიდხანს აგროვა,

– მერე,

რა მერე?

“მერეს” ლოდინში…

– ადამიანი მაინც მარტოა!

ცა მოწყენილი და საავდროა,

დგას მობუზული მთვრალი სანდრუა,

და ეკითხება

გამვლელ-გამომვლელს: –

– ახლა რა დროა?!

ახლა რა დროა?!

არც მიფიქრია

თქმა რამე ახლის,

მე რა თავს ვახლი

ასე რატოა?

მიდის ქუჩაში კაცი და ძაღლი…

– ადამიანი მაინც მარტოა!

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close