Slider

„ჯაშუშობა ისჯება, ოღონდ ღალატად აღარ ითვლება! სახელმწიფოს ღალატის” შესახებ სსსკ-დან მუხლის ამოღება სამშობლოს ღალატია!“ – ამირან სალუქვაძე

„ვინც სისხლის სამართლის კოდექციდან 307-ე მუხლის ამოღებას ხმა მისცა, ჩემი აზრით ღალატი ჩაიდინა“ – ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე “სახელმწიფოს ღალატის” შესახებ მუხლის მნიშვნელობაზე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს:

„ყველამ უნდა წაიკითხოს‼️

“სახელმწიფოს ღალატის” შესახებ სსსკ-დან მუხლის ამოღება სამშობლოს ღალატია.

ავხსნი რატომ.

ამ დღეებში, როცა დავწერე ამ მუხლის ამოღების შესახებ, ბევრ იურისტთან მომიწია კამათი, თუ რატომ არ შეიძლებოდა ამ მუხლის ამოღება.

რა არგუმენტები აქვთ:
– 307-ე მუხლში მეორდებოდა ქვემოთ, 308-დან 321-ე მუხლების ჩამონათვალი;
– 307-ე მუხლი უშვებდა საშიშროებას, რომ ეს მუხლი მიეყენებინათ ნებისმიერი ადამიანისთვის.

ორთავე არგუმენტი მცდარია/სიცრუეა.

პირველი არგუმენტის პასუხი. დიახ, 307-ე მუხლში იყო ქვემოთ ჩამოთვლილი, 308-321-ე მუხლების მხოლოდ სათაურები, ანუ მითითებული იყო დანაშაულები, რომელთა ჩადენაც ითვლებოდა სახელმწიფოს ღალატად. დღევანდელი კოდექსით, ანუ 2007 წლის შესწორებების შემდეგ ჯაშუშობა, საიდუმლოების გაცემა,
ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურში შესვლა და სხვა დანაშაულები, სახელმწიფოს ღალატად აღარ ითვლება.

მეორე არგუმენტის პასუხი. სიცრუეა, თითქოს ამ ცვლილებით, თუ მოისურვებენ, ან საქმეს ვერ შეუკერავენ ვინმეს, ან მუხლს ვერ მიუყენებენ. ქვემოთ ტექსტში ნახავთ, რომ ყველა დანაშაულზე, ჯაშუშობა, საიდუმლოების გაცემა,
ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურში შესვლა და სხვა, შესაბამისი მუხლები და სასჯელები არსებობს, უბრალოდ, როგორც ზემოთ დავწერე, სახელმწიფოს ღალატად აღარ ითვლება.

თუ სურდათ გამეორებების ამოღება, შეეძლოთ სათითაო მუხლში ჩაეწერათ. მაგალითად: “ჯაშუშობა არის სახელმწიფოს ღალატი და ისჯება თავისუფლების აღკვეთით…”

ერთთან მქონდა ასეთი კამათი. იმის გამო რომ ჩვენ საგარეო კურსი კონსტიტუციით გვაქვს გამყარებული, პრორუსულ პარტიებს ძველი რედაქციით სახელმწიფოს ღალატს მიუსადაგებდნენო. მცდარი მტკიცებაა. პოლიტიკურ პარტიას საგარეო კურსის გამო სტატიას ვერ მიუყენებ. თუ ეს პარტია ხელისუფლებაში მოვა და კონსტიტუციის ცვლილების გარეშე, ანტიკონსტიტუციურ ხელშეკრულებას წინასწარ გააფორმებს, ან ანტიკონსტიტუციურ საგარეო კურსს გამოაცხადებს, ან მოლაპარაკებებს გამიაცხადებს, ის დაარღვევს კონსტიტუციას და სსსკ-ს 309-ე მუხლს. ხელისუფლებაში მოსვლის გარეშეც, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია მსგავსს მოლაპარაკებებს გამართავს, შესაძლოა როგორც ძველი, ისე ახალი რედაქციით, ისედაც მიუყენონ 309-ე მუხლი. უბრალოდ ადრე ჩაითვლებოდა ღალატად, დღეს აღარ ჩაითვლება, თორემ 10-დან 15 წლამდე სასჯელს მაინც მიიღებს.

სასჯელს გარდა, არსებობს სამშობლო, აღზრდა, მორალი, პატრიოტიზმი და ა.შ. მოკლედ, როგორც ძველი, ასევე ახალი რედაქციით:
– ჯაშუშობა ისჯება, ოღონდ ღალატად აღარ ითვლება;
– საიდუმლოების გაცემა ისჯება, ღალატად აღარ ითვლება;
– უცხო ქვეყნის სპეცსამსახურში შესვლა ისჯება, ღალატად აღარ ითვლება;
– საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა ისჯება, სახელმწიფოს ღალატად აღარ ითვლება და ა.შ.

კიდევ ერთი. იურისტებს ნუ გაქვთ პრეტენზია, რადგან კანონების წერა იცით, სხვის დაუკითხვად უნდა წეროთ. თქვენი საქმეა სწორად, იურიდიულად გამართულად დაწეროთ. რა მიზნით და რა შედეგის მისაღებად უნდა დაიწეროს, თქვენც გაქვთ ხმის უფლება და სხვა სპეციალისტებსაც. როგორც პროგრამისტი, პროგრამირება იცის, მაგრამ ამოცანას სხვა უსახავს. პარლამენტის დაკომპლექტებაზეც მცდარი წარმოდგენებია, თითქოს ძირითადად იურისტები უნდა იყვნენ. ხალხმა ხომ არ იცის, ვინ აკეთებს შავ სამუშაოს და ვინ წერს?!

სხვათაშორის, პარლამენტს ეხება და დეპუტატის როლს, 307-ე მუხლის ამოღება რომ დანაშაულია, ამას იურისტობა არ სჭირდება. სამშობლო უნდა გიყვარდეს, საკუთარ ფუძეს უნდა გრძნობდე, ღალატის მნიშვნელობა უნდა გესმოდეს, არა იურიდიულად, არამედ მორალურად. მწვანე თუ წითელი ღილაკის დაჭერას დიდი ტვინი არ სჭირდება, არც უნარების ტესტები. აი, პასუხისმგებლობა კი დიდია. მაგალითად, მოგიწევთ საზღვრის დელიმიტაციის რატიფიკაცია, ან სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე ხმის მიცემა. აქ მარტივი უნარები არ იქნება საკმარისი. ეს ისე… ამ მუხლის ამოღებას ხომ უმეტესობამ ხმა მისცა?! ვინც ხმა მისცა, ჩემი აზრით ღალატი ჩაიდინა.

იმედია ავხსენი. ქვემოთ მოყვანილია ამონარიდები სსსკ-დან

★★★

სსსკ სახელმწიფოს ღალატის შესახებ რედაქტირება

2007 წლამდე მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით სახელმწიფოს ღალატად ითვლებოდა სასაქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ჩადენილი საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული შემდეგი დანაშაულები: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა; ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკებების წარმოება; საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა; უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა; საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა; სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა; ჯაშუშობა; შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად; საბოტაჟი; უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩამდენი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ ამის თაობაზე ნებაყოფლობით და დროულად განუცხადა ხელისუფლების ორგანოს და თუ თავიდან იქნა აცილებული საქართველოს ინტერესებისათვის მოსალოდნელი ზიანი.

“სსსკ მუხლი 307. სახელმწიფოს ღალატი” (1999 წლის რედაქციით. ამჟამად ამოღებული)

„სახელმწიფოს ღალატად ითვლება საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა (მუხ. 308-ე), ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება (მუხ. 309-ე), საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა (მუხ. 310-ე), უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა (მუხ. 311-ე), საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა (მუხ. 312-ე), სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა (მუხ. 313-ე), ჯაშუშობა (მუხ. 314-ე), შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად (მუხ. 315-ე), საბოტაჟი (მუხ. 318-ე), უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება (მუხ. 319-ე), თუ ეს ქმედება ჩაიდინა საქართველოს მოქალაქემ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა მოქალაქეობის არმქონე პირმა.“

საქართველოს პარლამენტის მიერ 2007 წლის 27 აპრილს მიღებული შესწორებით (დოკუმენტის ნომერი: №4698–Iს) სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე მუხლი სახელმწიფო ღალატის შესახებ ამოღებულ იქნა. 2015 წლის მდგომარეობით მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლთლის კოდექსი ითვალისწინებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებებისთვის გასამართლებას შემდეგი მუხლებით:

მუხლი 309. ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება

მუხლი 310. საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა

მუხლი 311. უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა

მუხლი 312. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა

მუხლი 313. სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა

მუხლი 314. ჯაშუშობა

მუხლი 315. შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად

მუხლი 316. სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა

მუხლი 317. მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ

მუხლი 318. საბოტაჟი

მუხლი 319. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება

მუხლი 320. სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება

მუხლი 321. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა

? ეს მუხლები მანამდეც არსებობდა, თუმცა 2007 წლის შესწორებების შემდეგ ამ უმძიმესი დანაშაულების ჩადენა კანონით ისჯება, ოღონდ აღარ ითვლება სახელმწიფოს ღალატად.

?უფრო მარტივად: მაგალითად, ჯაშუში თუ გაიშიფრება, კანონით დაისჯება, ოღონდ სამშობლოს/სახელმწიფოს მოღალატე არ იქნება.

შენიშვნა: ტექსტის ნახევარი (ქვედა ნაწილი, მუხლების ჩამონათვალი) ინტერნეტში მოვიძიე. წყარო არ მახსოვს. პლაგიატში ნუ ჩამითვლით. ესეც კოდექსიდანაა დაკოპირებული“ – წერს ამირან სალუქვაძე.

Amiran Salukvadze-ს ფოტო.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close