Slider

„საქართველოს იგვლივ ვითარება საგანგაშოდ იძაბება, დროა მოქმედების სტრატეგიაზე ვიფიქროთ“ – ზურაბ გაგნიძე

„პროგრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული იდეოლოგიის პარტიის  თავმჯდომარე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გაგნიძე ესაუბრა:

_  დღეს საქართველოს ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქე შეშფოთებით ადევნებს თვალს, როგორ ნელ-ნელა იძაბება საქართველოს იგვლივ ვითარება. იმის ნაცვლად, რომ ქვეყნები ახალი კორონავირუსის სახით მოვლენილ საერთო საფრთხეს გაეერთიანებინა, დაპირისპირება იზრდება და ღრმავდება. დავიწყოთ იმით, რომ თურქეთის სახელმწიფო საბჭომ ქვეყნის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის პირდაპირი მითითებით გააუქმა მთავრობის 1934 გადაწყვეტილება, რომლის თანახმად სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა. შედეგად, უძველესი ქრისტიანული სალოცავი მეჩეთად გადაკეთდა და ფრესკებს ფარდებს ჩამოაფარებენ.
_ როგორც იცით, იუნესკომ თურქეთს მოუწოდა თავი შეეკავებინა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი  ტაძრისთვის სტატუსის შეცვლისგან, თუმცა ერდოღანმა ეს თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა და მტკიცე უარით უპასუხა.
_ ისევე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტს.. ჯერჯერობით უცნობია რა იქნება ერდოღანის დაუფიქრებელი ნაბიჯის შედეგი, თუმცა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ მომხდარი გავლენას მოახდენს არა მხოლოდ თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობებზე, არამედ თურქეთის ურთიერთობებზე ევროკავშირთანაც. ახლა სხვა მეზობლებისკენ გადავინაცვლოთ. დღეს, 16 ივლისს გავრცელდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც საქართველოს მხრიდან რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრების უკანონოდ გადაკვეთის ფაქტების გახშირების გამო წუხილს გამოთქვამენ. ცხადია, თუ ვინმე არღვევს საზღვრებს ეს რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმებია, ამიტომ ასეთი განცხადების ნამდვილი მიზანი გაუგებარია.
საქართველოს სამხრეთით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ვითარება 12 ივლისს გამწვავდა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, დაღუპულია 11 აზერბაიჯანელი სამხედრო და ოთხი სომეხი ოფიცერი. ჯერჯერობით, აქაც უცნობია, როგორ განვითარდება და როდის დასრულდება მოვლენები. აღარაფერს ვიტყვი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებზე უკრაინიდან. ვფიქრობ, ასეთ ფეთქებადსაშიშ ვითარებაში ჩვენ ისრაელთან კავშირების გაღმავებაზე უნდა ვიფიქროთ.
_ რატომ მხოლოდ ისრაელთან?
_ მხოლოდ ისრაელთან არა, განსაკუთრებით ისრაელთან. იმიტომ, რომ ისრაელთან განსაკუთრებული სულიერი, ისტორიული და კულტურული კავშირები გვაკავშირებს. რამდენიმე მაგალითს გეტყვით – მართლმადიდებელ ეკლესიაში საეკლესიო, წმინდა ჭურჭელს, რომელშიც სეფისკვერი ინახება, სიონი ქვია. მას ამზადებენ ვერცხლისგან და  ფორმით და ქრისტიანულ ეკლესიას განასახიერებს. საქართველოში სიონის სახელწოდების მრავალი ტაძარი არსებობს და ყველა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მათგან განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობისაა თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი.
ისრაელში კი სიონი იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარე გორაკია, რომელზედაც სოლომონის მიერ აშენებული ტაძარი იდგა. სახელი სიონი ებრაულად მზიანს, იმედიანს ნიშნავს. სიონის სახელით აგებული ტაძრები ყველა ღვთისმშობლის მიძინებისაა. სხვადასხვა ცნობების მიხედვით, სიონის მთაზე ეკლესია მოციქულთა აგებულია და აქ მოხდა სულიწმინდის გადმოსვლა მოციქულებზე.
სახელიდან – სიონი მომდინარეობს იერუსალიმის ერთ-ერთი იდეოლოგია „სიონიზმი“, რომლის საფუძველზე განვითარდა  მოძრაობა ებრაელი ერის განთავისუფლებისა და ებრაული სახელმწიფოს დაარსებისთვის.
ბევრისთვის სარწმუნოა, რომ  არსებობდა ორი იერუსალიმი მიწიერი და ზეციური, რის შესახებაც ბიბლია უამრავ მინიშნებებს გვაწვდის. ვფიქრობ, საკმარისად არგუმენტებია იმისთვის, რომ ისრაელთან განსაკუთრებული კავშირის დამყარებაზე ვიფიქროთ.
_  ისრაელი ისედაც საქართველოს მეგობარი ქვეყანაა. 2013 წელს საქართველოს იმდროინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ებრაულ გამოცემასთან Jerusalem Post განაცხადა, რომ მისი სურვილი და ოცნებაა, ისრაელი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად იხილოს.
_ ჩემი სურვილი და ოცნებაც ესაა, თუმცა ქმედით ნაბიჯებს ვერ ვხედავ. ამაზე ფიქრის ნაცვლად, პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან კინკლაობით და პირადი კეთილდღეობისთვის ბრძოლით არიან დაკავებულები.
სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიამ საზოგადოებაში სხვადასხვა ფენებს შორის ხიდჩატეხილობა  უფრო თვალშისაცემი გახდა, რამაც შეიძლება ცუდი შედეგები გამოიწვიოს. საზოგადოებაში კონსოლიდაცია არ არის, ადამიანებს ერთმანეთი აღარ ედარდებათ. საზოგადოებრივ ფენებს შორის ხიდჩატეხილობა, რაზეც თავის დროზე ილია წერდა, ახლა განსაკუთრებით აქტუალური გახდა და ხელისუფლებამ პანდემიაზე ნაკლები ყურადღება არც ამას უნდა მიაქციოს.
და ბოლოს, საქართველოს იგვლივ ვითარება საგანგაშოდ იძაბება, დროა მოქმედების სტრატეგიაზე ვიფიქროთ. ფიქრობ, რომ ისეთი მოწინავე ქვეყანა, როგორიც ისრაელია,  შეიძლება ამ მიმართულებით ჩვენი დამხმარე და დონორი გახდეს.

„პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close