საზოგადოება

თავისუფალი ჟურნალისტის მიმართვა ქართველ ხალხს და, განსაკუთრებით, ახალგაზრდობას! – ნანა სულავა

მშრომელო ხალხო, ახალგაზრდებო, გაიგეთ, ისინი თქვენთვის არ ჩხუბობენ! ესენი იდეოლოგიურად ერთი პოლიტიკური კლასია. ამ კლასს თქვენთვის მოაქვს მხოლოდ შიმშილი, სიღატაკე, უცხოეთში შრომითი მიგრაცია, უმუშევრობა, რეპრესიები და ექსპლუატაცია.

ჟურნალისტი ნანა სულავა სოცქსელ ფეისბუქში წერს:
დღეს რაც საქართველოს პოლიტიკურ ველზე ხდება, ეს არის იდეოლოგიურად ერთიანი პოლიტიკური კლასის შიგნით გააფთრებული კონკურენცია, თუ ვის ხელში იქნება კაპიტალისტური სახელმწიფოს მართვის ბერკეტები. ეს კონკურენცია ისე გამწვავდა ბოლო დღეების განმავლობაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ბურჟუაზიული კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელსაც ბურჟუაზიის კლასობრივი პოლიტიკური ორგანო პარლამენტი იღებს, რომ გაჩნდა საშიში პერსპექტივა – ის, რაც ხდება თბილისის ქუჩებში, გადაიზარდოს სამოქალაქო ომში, რადგან გამწვავდა კონფლიქტები იმპერიალისტური გავლენის ცენტრებს შორის. აი, ეს არის აქ დღეს ამ გააფრთრებული კონკურენციის საფუძველი. ეს კი პირდაპირ აისახება მთელ მსოფლიოზე და მათ შორის საქართველოზეც. კონკრეტულად ეს ბურჟუაზიული კანონი რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ რამდენადაც ადგილობრივი ოლიგარქია, ისევე როგორც ნებისმიერი კაპიტალისტური სახელმწიფოს მმართველი ოლიგარქია, ასეთი კანონებით საკუთარ პოლიტიკურ ბაზარს იცავს. პირველ რიგში, იცავს ტრანსნაციონალური კორპორაციების ჩარევისგან, რომ თვითონ არ დამარცხდეს ამ ბაზარზე. ეს დამარცხება კი მისთვის ნიშნავს მისი კაპიტალის უდიდესი საფრთხის ქვეშ დაყენებას. ასეთია ბურჟუაზიული დემოკრატია, გინდა პარლამენტის, გინდა საკრებულოს დეპუტატის, თუნდაც პრეზიდენტის მანდატი უნდა იყიდო. ასეთი კანონით თავს იცავს ადგილობრივი ოლიგარქია იმისგან, რომ ტრანსნაციონალურმა კორპორაციებმა არ იყიდონ მთლიანად სადეპუტატო მანდატები. ის ამას თქვენთვის, მშრომელი ხალხისთვის, არ აკეთებს. განსაკუთრებით ახალგაზრდების გასაგონად ვამბობ: თქვენთვის სასიკეთოს არაფერს აკეთებს. გამჭვირვალობაზე საუბარი მხოლოდ დემაგოგია და სატყუარაა საკუთარი ელექტორატისთვის.
რაც შეეხება ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ შექმნილი ფონდებისგან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვა აღარაფერი რჩება გარდა იმისა, გამოიგონოს სულელური ტერმინი ე.წ. „რუსული კანონი“, რომელიც არის ნებისმიერი ქვეყნის ადგილობრივი ბურჟუაზიის ინტერესებზე მორგებული კანონი. ის ისეთივე რუსულია, როგორც ამერიკული, გერმანული და სხვა ქვეყნების მიერ მიღებული ასეთივე კანონი. წაკითხული არა აქვს ბევრს და გაიძახის: „არა რუსულ კანონს!“ დაპირისპირება კი დღითი დღე იზრდება. დაპირისპირება სხვადასხვა ბურჟუაზიულ პარტიებად იყოფა, რომლებიც ექვემდებარებიან სხვადასხვა იმპერიალისტური გავლენის ცენტრებს, ამიტომ ამ ცენტრებს შორის კონფლიქტები უკიდურესად გამწვავებულია. აქაც, საქართველოში, იგივე მეორდება. თუ იმპერიალისტური გავლენის ცენტრები უკვე სხვადასხვა ქვეყნებში იარაღით ებრძვიან ერთმანეთს სხვისი ხელით, აქაც იგივე საფრთხეა, გაჩაღდეს სამოქალაქო ომი. ოღონდ ომში, ბარიკადებთან, ოლიგარქიისა და ბურჟუაზიული პარტიების ბობოლების შვილები კი არ დადგებიან, არამედ რიგითი მოქალაქეების შვილები. ხომ ყველამ დავინახეთ, როგორ ურტყამდა რამდენიმე სპეცრაზმელი „ნაცებისა და კომპანიის“ მიერ მოტყუებულ წაქეზებულ ახალგაზრდას, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს ამ კანონზე. რომ ჰქონდეთ წარმოდგენა, არც ნაცებისა და არც ქოცების მიტინგზე არ წავლენ. ერთი პოლონური ანდაზისა არ იყოს: „პანები როცა ჩხუბობენ, ყმა გლეხებს ყბები ემტვრევათო“. რამდენჯერ უნდა დაგიმტვრიონ თავ-ყბა „პანების“ გამო, რამდენჯერ უნდა იცემოთ ნაცების, ქოცებისა და მათი სატელიტების გამო. ის დრო მოვიდა, რომ ქართველ კაცს უკვე არ რცხვენია, ოთხჯერ რომ იცემა. აქ ელისაშვილი პირველი კი არ არის, რომ ტრაბახობს, მცემესო. გავიხსენოთ, დავით აქუბარდია რა სიხარულით შეხვდა პანღურებს. ან მარტო მდინარაძისა და ელისაშვილის შერკინებაზე რომ ვლაპარაკობთ, დაგავიწყდათ პაატა მანჯგალაძისა და გიორგი გუგავას ჭიდაობა პირდაპირ სატელევიზიო ეთერში?
მშრომელო ხალხო, ახალგაზრდებო, გაიგეთ, ისინი თქვენთვის არ ჩხუბობენ! ესენი იდეოლოგიურად ერთი პოლიტიკური კლასია. ამ კლასს თქვენთვის მოაქვს მხოლოდ შიმშილი, სიღატაკე, უცხოეთში შრომითი მიგრაცია, უმუშევრობა, რეპრესიები და ექსპლუატაცია. ძველ საბერძნეთში რეპრესიად ითვლებოდა, როცა საკუთარი სამშობლოდან წასვლას აიძულებდნენ. დაითვალეთ, რამდენი ათასი ადამიანი აიძულეს შევარდნაძის მმართველობიდან დღემდე, ქვეყანა დაეტოვებინათ. მილიარდელმა ივანიშვილმა არ გითხრათ, წადითო? თქვენთვის საკმარის სამუშაო ადგილებს ვერ შეგიქმნითო, არადა, ამ საპროგრამო დაპირებით მოვიდა 2012 წელს. ჰოდა, ახლა ან 28 ან 29 აპრილს რისთვის იკრიბებით? იმისთვის, ორასამდე ოლიგარქიუილ ოჯახს უზრუნველი ცხოვრება რომ ჰქონდეს? უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციების ბობოლებს ფუფუნებითი ცხოვრება რომ ჰქონდეთ? ხომ ხედავთ, ბურჟუაზიული პარტიები მშრომელი ხალხისთვის არ იბრძვიან! უფასო ტრანსპორტით რომ ჩამოყავთ ეს ადამიანები რეგიონებიდან თავიანთ აქციებზე დასასწრებად, ერთი კითხეთ, თუ წამოგიყვანენ უფასოდ 1 მაისს, მშომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს? არა და არასოდეს! ყველაფერს, რაც ხდება, ამას თავიანთი კერძო სარგებლისთვის აკეთებენ და იძახიან, ჩვენი შვილებიო, ეს ქრისტეს მიერ მხილებული ფარისევლები. ამ დროს საკუთარ შვილებს გულისხმობენ და თქვენი შვილებისთვის კი მხოლოდ სამოქალაქო ომი უნდათ.
ეს ოლიგარქიული ოჯახები 32 წელია, საქართველოს სისხლს სწოვენ. სისხლისმწოველების მიტინგზე რატომ უნდა წახვიდეთ? ორივე მხარეს თავისი კერძო პოლიტიკური ინტერესი აქვს. დაგავიწყდათ, 2004 წელს გლდანის ეკლესიაში რა გააკეთეს? ეს რეპრესიები, დარბევა, დაჭერა, თავიანთი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით მოხდა.
არ გახსოვთ, 2006 წლის მაისში, ენჯეოშნიკები რა გაგებით შეხვდნენ სააკაშვილ-ბურჯანაძე-ნოღაიდელის ძალისხმევით მიღებულ მონურ შრომის კოდექსს. ქოცებმა 2013 წელს მხოლოდ კოსმეტიკურად შეალამაზეს ეს მონური კანონი. ან იქნებ, ის არ გახსოვთ, 2001 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გია მეფარიშვილმა რომ დაიწყო ენჯეოშნიკების ფინანსური საქმიანობის გამოძიება, მიმართა ამერიკის საელჩოს, შესაბამისი დოკუმენტები გადმოეგზავნათ გენერალურ პროკურატურაში. ამერიკის საელჩომ არ გადმოუგზავნა დოკუმენტები პროკურატურას. ხოლო ცნობილმა ენჯეოშნიკმა სოზარ სუბარმა გია მეფარიშვილს „წითელი პროკურორი“ უწოდა. ახლა პარადოქსია ის, რომ ენჯეოშნიკების გამჭვირვალობაზე კანონის ერთ-ერთი თანაავტორი სოზარ სუბარი გახლავთ. მეფარიშვილს იმიტომ არ მისცეს საშუალება, ენჯეოების ფინანსური სექტორი შეესწავლა, რომ უკვე მზადდებოდა ვარდების კონტრრევოლუცია. სოზარ სუბარი კი ამ კონტრრევოლუციის ერთ-ერთი მედროშე იყო. ესენი მშომელი ხალხისთვის სასარგებლო კანონებს არ მიიღებენ და არც მიუღიათ. ჰოდა, რატომ უნდა წახვიდეთ ამათ აქციებზე?! უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ და მისმა მსგავსმა მოსამართლეებმა, მილიონად ღირებული სასახლეები რომ იშენონ? მიქაუტაძეს, როცა სჭირდება, ნაცია ახლა კი ქოცების მოსამართლეა. ხოლო „ნაცებს“, „ლელოს“, „გირჩს“ და სხვა ამგვარ პოლიტიკანებს გაუხანგრძლივდეთ საპარლამენტო ოპოზიციის სახელი? თუ იმიტომ მიდიხართ, რომ კახა ოქუაშვილი დაიცვათ, რომელიც ენჯეოებს ემსახურება და ხალხს ადვილად მოსატყუებელ ბრბოს უწოდებს. ან იქნებ, ვინმემ მითხრას, მორალური თვალსაზრისით, ეკა გიგაურსა და ნანა კაკაბაძეს შორის რა განსხვავებაა?! ორივე მათგანი კაპიტალიზმს ემსახურება, უბრალოდ, სხვადასხვა დამსაქმებლები ჰყავთ. გეკითხებით, რომელიმე მხარეს დადგომა ხომ საკუთარი თავის ღალატია?
მოდით, ისიც ვთქვათ, ენჯეოშნიკები 1994 წლიდან მოდიან. მის შექმნას მწვანეთა პარტიის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ ჩაუყარა საფუძველი. მისი ლობირებით მიიღო შევარდნაძის იმედის პარლამენტმა კანონი. მას შემდეგ 30 წელი გავიდა. არაფერი შეცვლილა, არც პარლამენტში და არც პარლამენტს გარეთ. ხალხის მხარდაჭერა არ უნდა ჰქონდეს იდეოლოგიურად ამ ერთიანი პოლიტიკური კლასის რომელიმე ფრაქციას. ამ წერილით მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს და ჟურნალისტს, არც „ნაცების“ და აღარც „ქოცების“ პოლიტიკური გადარჩენა არ მინდა. მინდა გადავარჩინო ქართველი ხალხი, რომელსაც ეს პოლიტიკური კლასი სამოქალაქო ომისკენ მიაქანებს, რომლებსაც არც ეროვნული და არც სოციალური პასუხისმგებლობა არ გააჩნია და ყველამ კარგად იცოდეს ერთი რამ. პირველად ვინც ჩახმახს გამოჰკრავს ხელს, სამოქალაქო ომის დაწყებაში, ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი. ის სამოქალაქო ომის გამჩაღებელი პრეზიდენტია, ისე როგორც 1990 წლის აპრილში ეროვნული ფორუმის სხდომაზე, იმელის შენობაში, პირველად მხედრიონმა გაისროლა პისტოლეტიდან.
ეს გასროლა 1991 წლის 22 დეკემბერს ზარბაზნის სროლით დაგგვირგვინდა რუსთაველზე. ამ ტრაგედიის ავტორები დევი ჭანკოტაძე და დავით თევზაძე არსად წასულან, აქ არიან. დავით თევზაძე პრეზიდენტის მრჩეველია. დევი ჭანკოტაძე კი ნაცების მიტინგების აქტივისტია, მუდამდღე იქ დაიარება და მუქარანარევი ტონით ლაპარაკობს, მართალი კაცივით.
მოდით, ისიც დავითვალოთ, მერამდენე სახელმწიფო გადატრიალების თანაორგანიზატორია სალომე ზურაბიშვილი. 1991 წლიდან დაწყებული, რამდენი გადატრიალების თანაორგანიზატორია სალომე ზურაბიშვილი. მე უკვე წლებია, ამ პროფესიონალი კონკტრრევოლუციონერის შესახეებ ვწერს: „სალომე ქართველის„ ფსევდონიმით დასავლურ პრესაში რომ ბეჭდავდა საქართველოს რესპუბლიკისა და მისი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ. მიაღწია კიდეც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და კრიმინალებს და ტერორისტებს მიულოცა სახელმწიფო გადატრიალება. „დემოკრატიის გამარჯვება“ უწოდა კიტოვანის, სიგუას, იოსელიანის ხუნტის გაბატონებას. დევნილობაში მყოფი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1992 წლის შემოდგომაზე ზურაბიშვილის დახმარებით საფრანგეთში არ შეუშვეს.
ამიტომ ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ ერთიან პოლიტიკურ კლასს და დავასრულოთ მაგათი პარპაში, თორემ მივიღებთ სამოქალაქო ომს. ტყუილად კი არ დაიარებიან ჩვენი პოლიტიკანები ხალხის მტრის ბანაკში. სალომე ზურაბიშვილი ახლა მორიგი სახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადება. თუკი თენგიზ კიტოვანს და თენგიზ სიგუას თბილისის ზღვაზე უკანონოდ პროფკავშირების სასწავლო ცენტრში ჰქონდათ პოლიტიკური ბანაკი, სალომე ზურაბიშვილმა ასეთი პოლიტიკური ბანაკი ათონელის ქუჩაზე მოაწყო, ზუსტად იმავე პროცესების განსავითარებლად, რაც ხდებოდა თბილისის ზღვაზე, 1991-1992 წლებში.
ქართულ პოლიტიკაში სალომე ზურაბიშვილი 1991 წელს შემოსრიალდა გველივით. დღეს მისი მიზანია სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაცია ფაშისტური რეჟიმის დამყარების მიზნით. იმიტომ იწყალებს მკვლელებს, მწამებელ ნაცებს, საშიშ დამნაშავეებს, რომ ფაშისტურ რეჟიმს სოციალური ბაზა შეუქმნას. ნუ დაგავიწყდებათ, რომ 2003 წელს ის ვარდების კონტრრევოლუციის მხარდამჭერი და მოთავე იყო. ის სწორედ ამ ამოცანის გადასაწყვეტად გამოაგზავნა ფრანგულმა იმპერიალიზმმა საქართველოში ელჩის სტატუსით. ის სააკაშვილის სისხლიან დანაშაულებრივ პოლიტიკას ახორციელებდა, მერე დაკარგა თანამდებობა და „ქაჯებზე“ ალაპარაკდა. შემდეგ, როგორც კი პოლიტიკაში ღიად გამოჩნდა მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი, ის მალევე მასთან აღმოჩნდა. რამდენიმე წელი ემლიქვნელებოდა, მანამ, სანამ პრეზიდენტობას არ გამოჰკრა ხელი, მაგრამ ვინმეს არ ეგონოს, რომ ეს მხოლოდ ბიძინას და სალომეს ურთიერთობის შედეგი იყო, არა, იმპერიალიზმმა და ოლიგარქიამ ურჩია სალომე ზურაბიშვილი გაეყვანა პრეზიდენტად, რამდენიმე წელი იყო „ოცნების“ მხარეს, მერე დაიწყო თვითნებობა, რადგან კიდევ ერთხელ მიიღო დირექტივა ოლიგარქიისგან და იმპერიალიზმისგან.
ისიც გავიხსენოთ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერული გერმანიის მხარეს რამდენიმე ათეული ათასი ფრანგი ფაშისტი იბრძოდა. ამ ფრანგებს შორის იყვნენ ისეთები, რომლებიც წარმოშობით ეთნიკურად ფრანგები არ იყვნენ. სამწუხაროდ, მათ შორის იყვნენ ემიგრანტი ქართველები…
საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი ფრანგი ფაშისტი კოლაბორანტების იდეოლოგიური შთამომავალია.
ქართველო პოლიტიკანებო, ექსპერტებო, ჟურნალისტებო, ნუ დაიარებით „ხალხის მტრის“ ბანაკში. სასწრაფოდ დატოვეთ ეს საშიში ბანაკი! ვინც იქ დადიხარტ, თვენ, ყველანი, ფაშისტური რეჟიმის დამყარების სურვილმა ერთ მუშტად შეგკრათ. ეს დანაშაულებრივი მუშტი უნდა დაიშალოს და გაცამტვერდეს, თორემ ეს მუშტი რომ შეიკრას, ყველაფერს წალეკავს. ამიტომ საკთარი პოზიცია უნდა გქონდეთ, ეროვნული, სოციალური და არ უნდა იყოთ ოლიგარქიის, ფაშიზმის, იმპერიალიზმის, ერთიანი პოლიტიკური კლასის მაჩანჩალა. როდემდე უნდა იაროთ ამათ აქციებზე?! ბოიკოტი გამოუცხადეთ და არ მიიღოთ მონაწილეობა ამ სამარცხვინო 28-29-ში დაგეგმილ აქციებში, რათა არ გახდეთ უნებლიე მონაწილე ამ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ საქართველოში სამოქალაქო ომის გაჩაღებისა!!!
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close