საზოგადოება

“თავად ჩაიხედე სარკეში” – ოხანაშვილი ნაცვლიშვილს

მათთვის კარგი იქნება, თვითონ ჩაიხედონ სარკეში, რომ მიხვდნენ, სად არიან. კარგად დაინახავენ, ვის არ აქვს ლეგიტიმაცია. მშვიდობიან გზას ვუსურვებ ქალბატონ ანას, „ლელო ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ანა ნაცვლიშვილმა სხდომიდან გასვლამდე კოლეგებს სარკე მიუტანა.

როგორც ანრი ოხანაშვილი ამბობს, ეს საკითხისადმი არაჯანსაღი დამოკიდებულებაა.

„ეს არის არაჯანსაღი დამოკიდებულება საკითხისადმი და ესენი არიან პოლიტიკოსებად წოდებული ადამიანები, რომლებიც დაცლილი არიან ჯანსაღი მიდგომისგან, ეთიკურობისგან, ელემენტარული კულტურისგან, რომ პატივი სცენ ადამიანს, თუნდაც არ მოგწონდეს კონკრეტული აზრი. დემოკრატიულობას ქადაგებენ და განსხვავებულ აზრს როდესაც აფიქსირებ, შენ მიუღებელი ხარ. როგორც კი განსხვავებულ აზრს აფიქსირებ, ხარ მათი მტერი, ეს არის მიდგომა და დამოკიდებულება. ეს გახლავთ ადამიანი, რომელსაც მოსწონდა თავის დროზე და ხმა არ ამოუღია პრეზიდენტის მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლის ერთპიროვნულად დანიშვნის წესზე. თუ გახსოვთ ამ ადამიანის ერთი კრიტიკული დამოკიდებულება, პრეზიდენტი რა ფორმით იღებდა გადაწყვეტილებას, ვისგან გადიოდა კონსულტაციას, გამჭვირვალედ რომ არ წარიმართებოდა და ხდებოდა განწესება. ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს ყველაფერი შეიცვალა და რადგან თვითონ არ შეცვალეს, რადგან თავად არ არიან უმრავლესობაში, თურმე ფარსი ყოფილა. საზოგადოებამ დაინახა, ვინ მოაწყო სპექტაკლი. შესაბამისი პარტიული ტელევიზიების ეთერებში, ალბათ 3-4-საათიან ჩართვებში იხილავთ ამ ყალბ პათოსს, როგორი ცეცხლი დაანთო ქალბატონმა ანამ. ეს არის ადამიანი, რომელთა მშობლებიც ასაჩივრებდნენ სტრასბურგის სასამართლოში, ნაცვლიშვილი- ტოგონიძის „ქეისი“ ყველას კარგად გახსოვთ, სადაც სააკაშვილს ეუბნებოდნენ, რომ დაატერორა მათი ოჯახი და დღეს მათ გვერდით არიან. ეს არის ღირებულებითი კონტექსტი, ასე რომ, ყველაფერი ცხადია.

კოლეგებო, მგონი, არ ღირს პოლემიკაში შესვლა, მასაც სწორედ ეს სურდა, თუმცა როგორი არასერიოზული დამოკიდებულებითაც მოვიდა, ამაზე მეტყველებს რომ დაგვიტოვა რაღაც ნივთი. მათთვის კარგი იქნება, თვითონ ჩაიხედონ სარკეში, რომ მიხვდნენ, სად არიან და კარგად დაინახავენ, ვის არ აქვს ლეგიტიმაცია. მშვიდობიან გზას ვუსურვებ ქალბატონ ანას, „ლელო ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, რომლებსაც, რა თქმა უნდა, არ ექნებათ არასდროს ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა, ვინაიდან საზოგადოება მათ ამის უფლებას არ მისცემს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button