სხვადასხვა

Top Models Of The World 2023-ზე საქართველოს სახელით სტუ-ის სტუდენტი, Georgian Sky Angels-ის მოდელი თაკო კალანდაძე მიიღებს მონაწილეობას

ეგვიპტეში, 20 თებერვალს Top Models Of The World 2023 დაიწყება.

კონკურსი, რომელშიც 70 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას,  საქართველოს სახელით თამარ კალანდაძე გამოვა.

თამარ (თაკო) კალანდაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. Georgian Sky Angels-ის მოდელი.

გასულ წელს, სამოდელო სააგენტომ – Georgian Sky Angels, საქართველოში პირველად ჩაატარა კოპნკურსი Miss angel 2022. კონკურსის მონაწილე, თამარ კალანდაძე პირველი ვიცე Miss angel 2022 გახდა.

„ჩემთვის ეს იყო უდიდესი გამარჯვება. ბავშვობის ოცნება ამიხდა“, – ასე აფასებს თაკო შედეგს, საიდანაც მისთვის მორიგი წარმატებებისა და წინსვლის ათვლა იწყება.

„ვერ აღვწერ ემოციას, რომელიც ამ გამარჯვებამ მომიტანა. ის, რომ გავიცანი უამრავი ადამიანი და მივიღე უდიდესი გამოცდილება, არაფერია, მთავართან შედარებით – შევიძინე, მეორე ოჯახი იმ გუნდის სახით, რომელსაც ნინო ქორთოშიძე ხელმძღვანელობს. Georgian Sky Angels („საქართველოს ცის ანგელოზები“), ყოველთვის ჩემს გვერდითაა. მთელი გუნდი ცდილობს გამამხნევოს, რაც მოტივაციას მიმაღლებს. დიდი მადლობა მათ ამისთვის. ნინო ქორთოშიძე თავისი დაუღალავი შრომით, ცდილობს რაც შეიძლება მაღალხარისხიანი შედეგი დაიდოს, რაც თითოეული ჩვენთაგანისთვის, ამ სააგენტოს ანგელოზებისთვის, არის სტიმული და იმედი იმისა, რომ ჩვენ შევძლებთ საქართველოს სახელი რაც შეიძლება ხშირად ისმოდეს, რაც შეიძლება მაღლა ფრიალებდეს ჩვენი სამშობლოს დროშა“, – ამბობს „პროგრესნიუსთან“ საუბრისას თაკო.

„ძალიან სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს, ჩვენი წარმატებული სტუდენტი თაკო კალანდაძე საერთაშორისო კონკურს Top Models Of The World 2023-ზე, ეგვიპტეში, საქართველოს სახელით მიიღებს მონაწილეობას. წარმატებები თაკოს“ – რამდენიმე დღის წინ დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.

თაკო კალანდაძე: „საოცარი ადამიანია ჩვენი დეკანი, ყურადღებიანი, ენერგიული, მხნე. არ არსებობს დაბრკოლება, რომლის გადალახვაშიც არ გვეხმარება სტუდენტებს. როცა გაიგო, რომ ეგვიპტეში კონკურსში მივიღებ მონაწილეობას, ძალიან გაუხარდა. მთელი ფაკულტეტი მიჭერს მხარს! მადლობა მათ ყურადღებისთვის“.

გარდა იმისა, რომ თაკო სტუ-ის სტუდენტია და Georgian Sky Angels-ის მოდელი, ის აქტიურადაა ჩართული კიდევ ერთი მიმართულებით.

„2017 წლიდან, მედიცინაში, პლასტიკური ქირურგიის მიმართულებით, დავიწყე აქტიური კვლევები,. დაინტერესებულ პირებს ვაცნობ ინფორმაციას სხვადასხვა ოპერაციის შესახებ. ვარ ბლოგერი, მაქვს ჯგუფები სოცქსელებში. მიმაჩნია, რომ ყველას აქვს იმ სიხარულის უფლება, რომელიც პლასტიკასთანაა დაკავშირებული. ბევრი ადამიანია ვისაც არა აქვს ოპერაციის  ან პროცედურების გაკეთების საშუალება, ვცდილობ მაქსიმალურად დავეხმარო მათ. უკვე მოვახერხე ორი ადამიანისთვის ორი ოპერაცია გამეკეთებინა სრულიად უსასყიდლოდ. ბედნიერი ვარ, რომ  გავახარე ორი ადამიანი. ჩემს ჯგუფში „პლასტიკური ქირურგია და ქირურგები“ არა მხოლოდ ექიმები არიან ჩართულნი, არამედ პაციენტები და ზოგადად, ადამიანები ვისაც ეს სფერო აინტერესებს. როგორც ბლოგერი გავცემ რეკომენდაციებს და ვცდილობ, ადამიანებმა მაქსიმალური ფასდაკლებით ისარგებლონ. მადლობა იმ ექიმებს, ვინც ამ საქმიანობაში მხარში მიდგანან“, – აცხადებს თამარ კალანდაძე.

ინფორმაციისთვის: ეგვიპტე 20 თებერვალიდან უმასპინძლებს კონკურსის მონაწილეებს, ფინალი 3 მარტს გაიმართება.  

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close