საზოგადოება

როგორ მიჰყიდა რუსთაველი რუსულ კომპანიას სააკაშვილ-უგულავა-ჭიაბერაშვილის „ტროიკამ“

აქა ამბავი როგორ მიყიდეს მიხეილ სააკაშვილმა, გიგი უგულავამ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორია „ივერიამდე“ რუსულ ფირმა „RUSKIE OTELI”-ს და მთავარი კითხვა – ვისია თბილისის „არტერია“?

ცოტა ხნის წინ საზოგადოება შეაშფოტა მეტრო „რუსთაველიდან“ ბრინჯაოს ლომების „გაქრობამ“. მოგვიანებით გაირკვა, რომ ლომები გასაწმენდად წაიღეს. ვნებათაღელვა დაცხრა და აქცენტი გადავიდა ვაკის პარკზე, სადაც ირაკლი კოდუას ბიზნესპარტნიორი, გიორგი ზაქაიძე, სასტუმროს აშენებს. მიუხედავად იმისა, რომ ზაქაიძეს ხელთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკავია, რომლითაც მას სასტუმროს აშენების უფლებას ანიჭებს, თბილისის მერია და საზოგადოების დიდი ნაწილი, ამ მშენებლობის სასტიკი წინააღმდეგია. სასტუმროს მშენებლობნისათვის ნებართვის გამცემი თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა, კი აცხადებს, რომ თურმე შესცდა.

როგორ განვითარდება მოვლენები ვაკის პარკის ირგვლივ, ამას მომავალი გვიჩვენებს, დღეს კი მინდა ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხო. ეს არის მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც ერთ დროს კაფე „შუშის სახლი“ მდებარეობდა. „შუშის სახლი“ იყო ერთ-ერთი პირველი შენობა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაანგრიეს და ამ ნგრევის ინიციატორი თბილისის მერი გიგი უგულავა იყო.

„ნგრევის დიდი კამპანიის დასაწყისში, ნაცები ერთ-ერთ პირველს მე დამეცნენ, ორასი სპეცრაზმელი მოიყვანეს და მუშებს უროებით დაამტვრევინეს მეტრო „რუსთაველტან“ არსებული მინის პავილიონი. „შუშის სახლში“ ასზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული და რვა-ათი ათასი ლარი სეგვქონდა ყოველთვიურად ბიუჯეტში. ვუჩივი გიგი უგულავას. მინიმალური გამოთვლით ზარალი 1 200 000 ლარია. ძლივს დავფარეთ ბანკის ვალები. იმედია, უახლოეს მომავალში სიმართლეს ვიპოვით“, – ამ სიტყვების ავტორი, ყოფილი პარლამენტარი, „ქარტია-91“-ის თავმჯდომარე თედო პაატაშვილია. „შუშის სახლის“ მფლობელმა პროკურატურას მიმართა და გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა. პაატაშვილი, ისევე, როგორც „ნაციონალური პარტიის“ ხელისუფლების პირობებში, ბევრი დაზარალებული, 2012 წლის შემდეგ დამკვიდრებული გაურკვეველი შინაარსის (მსგავსს ტერმინს იურისპრუდენცია არ სცნობს) ტერმინის – სამართლიანობის აღდგენას – მოითხოვდა. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მრავალჯერ გამოიცვალა მთავარი პროკურორი, მაგრამ საზოგადოებამ (და შესაბამისად, არც პრესამ) არ იცის რა ბედი ეწია „შუშის სახლის“ მფლობელის განცხადებას.

ყველაფერი დაიწყო შევარდნაძის ეპოქაში. საკითხი ეხებოდა არა მხოლოდ მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიას, არამედ ეზოს, სადაც ცხოვრობდა ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა.

ამონარიდი პაატაშვილის ინტერვიუდან: „…არანაირი ურთიერთობა მერაბ კოსტავას ეზოსთან არ მაქვს, 1996 წელს შევიძინე მეტრო-სადგურ ,,რუსთაველის” სახურავი და შუშის შენობა ,,სერვიტუტი”. აქედან გამომდინარე, ორი საერთაშორისო კონკურსი ჩავატარე, პირველი კონკურსი 1997 წელს ჩატარდა და მასში 102 არქიტექტურული ჯგუფი მონაწილეობდა, მათგან ექვსი უცხოური იყო. მეორე კონკურსი 2005 წელს ჩატარდა, რომლის ჟიურის თავმჯდომარე იყო გიგი უგულავა, ამ კონკურსში 62 არქიტექტურული ჯგუფი მონაწილეობდა, მათ შორის, ექვსი უცხოური. საუბარი იყო მეტრო ,,რუსთველის” სახურავზე…  სამწუხაროდ, გიგი უგულავამ არაფერი გაგვაკეთებინა და არც შეგვხვდა. არადა, თითოეული კონკურსის ორგანიზებასა და პრემიებში 120 000-დან 160 000 ლარამდე გადავიხადეთ… ჩვენ მიერ ჩატარებულ ორივე კონკურსში, ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა ეზოში მდებარე ბიბილიოთეკის შენობაც შეიყვანა. როგორც იცით, ამ ეზოში ჯერ არის ბიბლიოთეკის შენობა, მანქანის გასაჩერებელი ადგილი, თაღითაა გამოყოფილი ვაჟა ადამიას სახლი, ამის შემდეგ არის პატარა შადრევანი, სკვერი და მის წინ მდებარეობს მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი… არც ერთ პროექტში არ შედიოდა მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი, მაგრამ ეს პროექტები მაინც არ განხორციელებულა“.

მოკლედ, თედო პაატაშვილმა იჩივლა და როგორც ჩანს, საჩივარი პროკურატურამ „მიიღო ცნობად“. აი, სწორედ ეს არის იურისპრუდენციაში არარსებული ტერმინის „სამართლიანობის აღდგენა“ შედეგი. სამართალი ან არსებობს, ან – არა. ქართულ სინამდვილეში სამართალი პურს ვერასდროს შეჭამს, რადგან ის უბრალო არ არსებობს!

ახლა რაც ეხება დეტალებს: იმ დროს, როცა თედო პაატაშვილი გიგი უგულავას უჩიოდა, დამიკავშირდა პაატაშვილის ერთ-ერთი მეწილე, ბატონი ირაკლი სეფაშვილი, რომელმაც გაცილებით სკანდალური ინფორმაცია მომაწოდა, ვიდრე ეს მეტრო „რუსთაველიდან“ ლომების „გაქრობა“, ან თუნდაც ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაა. გთავაზობთ, ჩემს პირად არქივში დაცულ, „ქარტია-91“-ის წევრთან (სხვათაშორის, მიხეილ სააკაშვილიც ქარტიის წევრი იყო ოდესღაც) ირაკლი სეფაშვილის ინტერვიუდან ამონარიდებს:

„ეს ტერიტორია თბილისის მერიასთან ერთად არის შპს „მეცხრე ტალღის“ და შპს „აბრეშუმის კოშკის“. „აბრეშუმის კოშკს“ ჰქონდა 4 ათასი კვადრატული მეტრი ფართი, საიდანაც 2460 გაიყიდა, დღეს „აბრეშუმის კოშკს“ 1540 კვ. მ. ფართი აქვს. ეს არის მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორია, რომლის წილის 10%-ი მერიისაა. 1995 წელს „კოკა-კოლასთან“ ერთად დროებით ავიღეთ მეტროს გვერდით ტერიტორია და გავაკეთეთ კაფე. მუშაობის პროცესში ჩემი ყურადღება მიიქცია მეტროს სახურავმა, დაუმთავრებელის შთბაბეჭდილებას ტოვებდა. მოვიძიე დოკუმენტები და გაირკვა, რომ 1963 წელს, მთავარი არქიტექტორის ნებართვა არსებობდა მეტროს თავზე  ცხრასართულიანი შენობის აშენების შესახებ, ისე, როგორც,  მარჯანიშვილის და ვაგზლის მეტროს თავზეა გაკეთებული. დავიწყე იურისტებთან მუშაობა, როგორ შეიძლებოდა მეტროს ზედა ნაწილის შეძენა და იქ მშენებლობის წარმოება. პარალელურად რამდენიმე ადამიანმა კერძო მოლაპარაკების საფუძველზე, მათ შორის მე და თედოც ვიყავით, ავაშენეთ მაღაზია.  დავდეთ ფული. ამასობაში თავი მოვუყარეთ ყველა საჭირო დოკუმენტს, რომელიც მეტროს მიმდებარე ტერიტორიას ეხებოდა, 1997 წელს შევქმენით ფირმა „მეცხრე ტალღა“. აქ ვიყავით გაერთიანებული მეგობრები. ზოგს ცოლთან ჰქონდა პრობლემები და არ უნდოდა წილი მის სახელზე გაფორმებულიყო, ზოგი სახელმწიფო სამსახურში იყო, ამიტომ გავფორმდით 5 ადამიანი. დავიწყეთ ტერიტორიის ყიდვის პროცედურა. თედოს თავის მეგობარ ელგუჯა ხუნდაძეზე ჰქონდა წილის 20%-ი გადაფორმებული, 20%-ი სიმამრის, რეზო სალუქვაძის სახელზე, მეც 20%-ი მქონდა, 20%-ი ნინო კუხიანიძეს და 20% დავით კანდელაკს.

მოკლედ, გაირკვა რომ მეტროს ფუნდამენტი მზად იყო იმისათვის რომ იქ აშენებულიყო დიდი შენობა. ჩვენ ყველა სამსახურიდან ავიღეთ შესაბამისი დოკუმენტაცია და მივიღეთ კონკურსში მონაწილეობა. კონკურსი მოვიგეთ. ჩავატარეთ არქიტექტურული კონკურსი, სადაც გაიმარჯვა პროექტმა, რომლითაც გათვალისწინებული იყო არა მხოლოდ მეტროს მიმდებარე ტერიტორიის აშენება.  პროექტმა გაიარა ივერიასთან, სასაწრაფოების მხრიდან უნდა გაკეთებულიყო შესასვლელი გვირაბი  და უნდა გაშენებულიყო მეტროს მიმდებარე ტერიტორია. ყველაფერი ინვესტორების მეშვეობით უნდა გაგვეკეთებინა.

პროექტმა რომ გაიმარჯვა, ამას მოჰყვა იტალიიდან გამოხმაურება, ვენეციის ბიენალეზე დადებითად  შეაფასეს. პროექტი დაამუშავეს  სახელმწიფო უწყებებმა და ძალიან მოეწონათ ჩვენი იდეა. სამინისტროებმა გასცეს დადებითი დასკვნა,  გამოვიდა პრეზიდენტის ბრძალებულება ტერიტორიის შესყიდვის შესახებ“.

მკითხველს მინდა შევახსენო, რომ იმ დროს, როცა სამინისტროებმა მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობის იდეა მოიწონეს, იუსტიციის მინისტრი იყო მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილმა მოიწონა პროექტი და შესაბამის დოკუმენტსაც მოაწერა ხელი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, სააკაშვილმა შევარდნაძის ეპოქის დიდ პოლიტიკაში ფეხი სწორედ „ქარტია-91“-იდან აიდგა. სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს თედო პაატაშვილი არ იყო ბიზნესში, იმ ხელისუფლების ოპოზიციას წარმოადგენდა, სადაც სააკაშვილი „ბანაობდა“. პაატაშვილი, როგორც ბატონმა ირაკლი სეფიაშვილმა ჩემთან ინტერვიუში განაცხადა ბიზნესში ოფიციალურად 2003 წელს ჩაერთო: „თედო ოფიციალურად 2003 წელს გახდა  მოწილე, მას 39%-ი გადაუფორმდა, აქედან ე.წ. ჯენლტმენური მოლაპარაკების საფუძველზე 15%-ი, რეალურად კი 24%-ი ეკუთვნოდა“.

ირაკლი სეფიაშვილის განცხადებით: „შოშიტაიშვილის მერობის დროს შევიძინეთ მერტოს ზედა ტერიტორია, შემდეგ იყო კონკურსი, გაკეთდა პროექტი, ამის შემდეგ თბილისის მერი უკვე იყო ზოდელავა. გამჭვირვალე რომ ყოფილიყო ყველაფერი მერიას ოფიციალურად დავუთმეთ 10%-ი. ძალიან ბევრი სამუშაო იყო გასაკეთებელი, მაგრამ იმისათვის რომ ჩვენ გვეპოვა ინვესტორი და თავად ვყოფილიყავით მზად,  ვთხოვეთ ქალაქის ხელმძღვანელობას, გაგვეკეთებინა დროებითი შუშის პავილიონი, მენეჯმენტშიც გავერკვეოდით და გარკვეულ თანხებსაც მოვაგროვებდით საწყისისთვის… 2003 წელს გაკეთდა შუშის სახლი, პროექტირება 2001 წელს კი დავიწყეთ, მაგრამ იყო რაღაც პრობლემები და 2003 წლამდე ვერ მოვახერხეთ „შუშის სახლის“ აშენება.  2003 წელს სასამართლომ მოგვცა დადგენილება 5 წლით გვემუშავა. შენობა დაგვანგრიეს 2006 წელს. ჩვენ რომ ვიყავით ინვესტორის მოძიების ეტაპზე, ამ დროს შეიცვალა ხელისუფლება“…

ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ არის სეფიაშვილთან ჩაწერილ ინტერვიუში ყველაზე მთავარი და სკანდალური:  „2005 წელს დაიწყო ლაპარაკი, რომ იყვნენ ადამიანები ვისაც სურვილი ჰქონდათ შეეძინათ ქვედა ტერიტორია. დროის გასვლის შემდეგ, ანალიზით, მე პირადად ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც შემდეგ მოხდა საფუძვლად სწორედ ამ ტერიტორიით დაინტერესება დაედო. მოკლედ რომ ვთქვა ეს ტერიტორია მივყიდეთ დერებასკოს, მის ერთ-ერთ ფირმას „RUSKIE OTELI”. მათ ნორმალური წინადადება ქონდათ, 11 მილიონის ჩადებას აპირებნენ, ამაზე იყო თბილისის მერ ზურაბ ჭიაბერაშვილთან საუბარი. ჭიაბერაშვილი დაეთანხმა ამ მიწის ნაკვეთის გაყიდვას“.

ხაზგასმით: რუსულმა ჯგუფმა თბილისი მერის ზურაბ ჭიაბერაშვილის თანხმობით იყიდა სანაპიროდან ზემოთ „ივერიამდე“ ტერიტორია: „ჩვენ ვფიქრობდით რომ ეს თანხები საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ დაგვეწყო მეტროს სახურავზე მშენებლობა. ამაზე ჭიაბერაშვილთან იყო მოლაპარაკება. ბატონმა ზურაბმა მოგვცა  თანხმობა… მაშინ სხვა მიდგომა იყო. ეს იყო 2005 წელი, ამ დროს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა იყო და ცდილობდნენ რუსებისთვის მიეცათ აქ ფულის ჩადების საშუალება“.

მოკლედ, სეფიაშვილის განცხადებით თბილისში ჩამოსულები იყვნენ: კაპიცა, სტანისლავ კაპინოსი  და სხვები. ტერიტორია რომ იყიდებოდა, ჩვენ „ივერიის“ ხელმძღვანელობასთანაც (რამიშვილი) გვქონდა  საუბარი – ვყიდით და ხომ არ გინდათ იყიდოთ. შევხდით რამიშვილს, თავის მხრივ რამიშვილმა შეგვახვედრა თავის ჯგუფს, მაგრამ უარი თქვეს ყიდვაზე, არ გვინდა, ყიდულობს რუსი? იყიდოსო. შეიქმნა რესპუბლიკის მოედნის კომისია ქურხულის ხელმძღვანელობით, სადაც სხვა ჯგუფებთან ერთად მოწვეული იყო „სილქ როუდ ჯგუფი“, შეთანხმებას ხელი მოეწერა.

ამის შემდეგ ჩამოვიდა ნაზარბაევი და ამ ტერიტორიით დაინტერესდა. სწორედ ამის გამო გადაიტანეს დავით აღმაშენებლის ძეგლი და დღის წესრიგში დადგა თაბუკაშვილის ქუჩის სახლის დემონტაჟი. რაღაც ცვლილებები მოხდა „ივერიის“ გუნდის ინტერესებშიც, უკვე მოინდომეს ამ ტერიტორიის შესყიდვა, მაგრამ ჩვენ უკვე გაყიდული გვქონდა. იყო შეხვედრები და ვიცი, რომ რუსულმა მხარემ უარი თქვა გაყიდვაზე“.

მოკლედ, 2013 წლამდე, იმ პერიოდამდე, როცა მე ინტერვიუ ჩავწერე ირაკლი სეფიაშვილთან თბილისის ცენტრის 2460 კვ.მ. იყო დერებაკოს კუთვნილება: „მოლაპარაკება რომ არ შედგდა უგულავა ძალიან უკმაყოფილო იყო. მინდა გითხრათ რომ ტერიტორიის გაყიდვის შემდეგ, კონკურსის პირობებზე უგულავამ მოაწერა ხელი. ვიცი რომ სააკაშვილს აჩვენეს ჩვენი პროექტი, მან დაურეკა უგულავას რატომ აჭიანურებ საკითხსო და მოაწყვეს კონკურსი. კონკურსის ჩანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერეს უგულავამ, როგორც ქალაქის მერმა, გაბაშვილმა როგორც მინისტრმა, იყო სააკაშვილის თანხმობა და ამ ბრძანებას ჩვენი პარტნიორი პაატაშვილიც აწერს ხელს. ამის შემდეგ დერებასკოს მიწით დაინტერესება მოხდა, უგულავა უკმაყოფილო დარჩა და მიუხედავად ამისა კონკურსის ჩატარებას მაინც დაეთანხმა. ქვედა მიწა რომ გავყიდეთ მიწისქვეშა ტუნელების საკითხი შეიცვალა, შესასვლელი ჩვენ პრაქტიკულად არ გვქონდა, ამიტომ მაღლივი შენობის აშენების საშუალება არ იყო. მაღლივს ვერ ააშენებ თუ მანქანების შემოსვლისა და გაჩერების პოტენცია არა გაქვს, ამიტომ 17 ათასი კვადრატული მეტრი ფართიდან 11 ათასამდე ჩამოვედით. დაპროექტდა 5 სართულიანი შენობა მეტროს თავზე, გაყოლებაზე კი 4 სართულიანი, აქ გაკეთდებოდა რუსთაველის მუზეუმი, ახალ შენობაში შემოვიდოდა მერაბ კოსტავას სახლის ეზოში მდებარე ბიბლიოთეკა… მოულოდნელად ქართულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომელიც სხვა ქვეყნის არც ერთ პრესას გაუვრცელებია, რომ დერებასკომ იყიდა რიცაზე სტალინის დაჩა… 6 ოქტომბერს იყო არჩევნები, რამდენიმე დღეში სააკაშვილმა დაიბარა ახალი საკრებულოს დეპუტატები, ორი საკითხიდან ერთი ეხებოდა გიგი უგულავას ქალაქის მერობას, მეორე საკითხად იყო გატანილი ჩვენი თემა: ხონის ბაზრობა რომ აქვს პაატაშვილს რუსთაველზე ეს დაშალეთ!“  და სააკაშვილმა დანგრევა მერაბიშვილს დაავალა. თბილისობის მეორე დღეს დაგვინგრიეს შენობა… ჩვენთან, შიგნითაც,  მეწილეებთან გაჩნდა რაღაც პრობლემა… მოკლედ, მერიამ არა მხოლოდ თავისი ქონება გაანადგურა, ჩვენი, კერძო მესაკუთრეების ქონებაც“.

„შუშის სახლის“ დანგრევის შემდეგ „არენაზე“ მხოლოდ პაატაშვილი ჩანდა. როგორც ირკვევა, მეწილეებს შორის უთანხმოება გაჩნდა, დაირღვა ე.წ. ჯენლტმენური გარიგება და გასაჩივრების უფლება „მოიპოვა“ მხოლოდ პაატაშვილმა.

ირაკლი სეფიაშვილის განცხადებით: „სამი პროექტი იყო რომელმაც გაიმარჯვა იმ კონკურსში რომელსაც ქალაქის მერი თავმჯდომარეობდა, ამ სამიდან ან ერთი უნდა განხორციელებულიყო, ან სამივეს სინთეზი უნდა მომხდარიყო.  „მეცხრე ტალღა“  მეტროს თავის მფლობელია, „აბრეშუმის კოშკი“ დანარჩენი ტერიტორიას, მაგრამ პრაქტიკულად ეს ორივე ფირმა ერთია. როდესაც ქალაქის მერი გეუბნება მოაწყვე კონკურსი, ეს იცის პრეზიდენტმა, ხოლო 6 თვის შემდეგ იგივე პრეზიდენტი და იგივე მერი ანგრევს, კითხვები ჩნდება“.

დაბოლოს, ბატონი ირაკლი სეფიაშვილი იყო ჯერ „მეცხრე ტალღის“, შემდეგ „აბრეშუმის კოშკის“ დირექტორი: „2006 წლის ნოემბერ-დეკემბერში, მაშინ რეზო სალუქვაძე იყო დირექტორი,  არ მომეწონა ისე ამოძრავებდნენ ფულს, მოგების გადასახადის არიდებას ცდილობდნენ, სახელმწიფო ვალდებულებები აიღეს, ვაგონები იყიდეს და ა.შ. მე ვთქვი, მომეცით ის წილი რაც მეკუთვნის პროცენტში, მე მექნება ეს თანხა და მშენებლობა რომ დაიწყება დავდებ ამ ფულს. ასე მოიქცა კიდევ სამი მეწილე, თავისი კუთვნილი თანხის რაოდენობა კრედიტით გაფორმდა ერთი ერთზე, აქედან  ჩვენ სახელმწიფოს გადავუხადეთ საშემოსავლო გადასახადი, რაც ფირმას ეკუთვნოდა და თანხა კრედიტად გავიტანეთ 15%-ის  მფლობელებიდან,  რომელიც ჯენლტმენური შეთანხმებით გაიფორმა თედომ. ზოგს გაუჭირდა, ზოგს პრობლემები გაუჩნდა ახალ მთავრობასტან და მოითხოვეს 4000მ.კვადრატი  მიწა თავისი წილიდან, თედომ 60 ატასი დოლარი შესთავაზა, უარი რომ უთხრეს თედომ საერთოდ არაფერს მოგცემთო. ამას მოყვა დაპირისპირება, ძალიან სერიოზული არა, მაგრამ პოლიციაში დავდიოდით და ახსნა-განმარტებებს ვწერდით“…

(გაგრძელება იქნება)

მოამზადა დარეჯან მეფარიშვილმა          

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close