Slider

„ბრალის კვალიფიკაცია საზოგადოების და ოჯახის დამშვიდებას და პოლიციის და პროკურატურის შეცდომებზე ხელის დაფარებას ჰგავს“

შაქარაშვილის საქმე - რის დამალვას ცდილობს პროკურატურა?

გუშინ, 10 ივლისს საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივიბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი  დაზიანებები, რომლებიც ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109- მუხლის მე-2 ნაწილისქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

როგორც ვარაუდობდნენ, ექსპერტიზის პასუხის გამოქვეყნების შემდეგ საქმის გარშემო კითხვების რაოდენობა გაიზარდა.  რამდენად ესადაგება მოცემულობას პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი ჩვენთვის ცნობილი მტკიცებულებების საფუძველზე?  – ამ და სხვა კითხვებით „პროგრესნიუსი“ ადვოკატ მარი შათირიშვილს დაუკავშირდა.

_ იმ მტკიცებულებებით, რაც ამ დროისთვის გასაჯაროებულია, პროკურატურის მიერ საქმეზე ბრალის კვალიფიკაცია სსკ 109-ე მუხლით, უფრო საზოგადოების და ოჯახის დამშვიდებას, ამასთან- პოლიციის და პროკურატურის შეცდომებზე ხელის დაფარებას ჰგავს. ვიმეორებ – იმ მტკიცებულებებით, რაც ცნობილია. მე საქმის მასალებს არ ვიცნობ, სადაც შესაძლოა, არის კიდევ სხვა გარემოებები.
_ ექსპერტიზის დასკვნით შეიძლება თუ არა დადგინდეს, 19 წლის ფეხბურთელი გადააგდეს თუ გადავარდა წყალში?
_ არა, ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია, დადგინდეს, გადავარდა გიორგი შაქარაშვილი არაგვში თუ გადააგდეს.
_ აღნიშნულ საქმესთან მიმართებაში პროკურატურის მოქმედებამ ბევრს გაუჩინა ეჭვი, რომ ეს მოქმედებები ოჯახის დამშვიდებისკენაა მიმართული და არა სიმართლის დადგენისკენ და 6 დაკავებული განტევების ვაცია..
_  პროკურატურამ და მხარეებმა ზედმეტი მოლოდინი გააჩინეს ექსპერტიზის დასკვნასთან მიმართებაში. ამ დასკვნას, რეალურად, ახალ ბრალთან კავშირი არა აქვს. რაც შეეხება ” ტოიოტა ქამრის” 6 მგზავრს, მათ უკვე აქვთ შეფარდებული წინასწარი პატიმრობა. ბრალის წარდგენა არ არის რაღაც კრებსითი ქმედება. თითოეული ფიგურანტის მიმართ ბრალი შესაბამისი მტკიცებულებებით უნდა იყოს გამყარებული.
_ როგორ დაადასტურებს ამ ბრალს პროკურატურა როცა მოწმეთა უმეტესობა ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს, ხოლო მტკიცებულებები არ მიუთითებს მკვლელობაზე?
_ალბათ, იმედი აქვთ, რომ წინასაგამოძიებო ვადაში ასეთ მტკიცებულებებს მოიპოვებენ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, ეჭვი მეპარება- დაგვიანებული მგონია.
_ თუ მტკიცებულებები ქრება, ხოლო პროკურატურა პოლიციას ვერ უპირისპირდება,  შესაძლოა, გადარჩენა სასამართლოს გზით სცადოს.. თქვენი აზრით, სასამართლოში საქმე ნაფიც მსაჯულებს გადაეცემა?
_ პროკურატურა არის შსს ორგანოების მუშაობაზე ზედამხედველი ორგანო. მათ ამ საქმეზე პასუხისმგებლობის გადანაწილება მოუწევთ, თუმცა, ცხადია, პროკურატურის პასუხისმგებლობის ტვირთი უპირატესია. რაც შეეხება ნაფიც მსაჯულებს, ამისათვის მოქმედი კანონმდებლობით, ბრალდებულთა თანხმობაა საჭირო. ეს საკითხი მათი და ჩემი კოლეგების გადასაწყვეტია.
_  იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზების დასკვნებმა ნათელი გახად პროკურატურის მიერ ფაქტისთვის მინიჭებული კვალიფიკაციის უსუსურობა, რას მოიმოქმედებს პროკურატურა?
_ არ ვიცი, რას იზამს მომავალში პროკურატურა, თუმცა რაც აქამდე გააკეთა თუ ვერ ან არ გააკეთა, ამაზე მხოლოდ მას ეკისრება პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ბრალის ახალ კვალიფიკაციასთან გუშინ გასაჯაროებულ ექსპერტიზის დასკვნას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ და ვერ მიენიჭებოდა. ეს დასკვნა არის ერთ-ერთი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოში დანარჩენ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეფასდეს.
_ და ბოლოს, შეიძლება თუ არა, რომ შაქარაშვილის საქმემ  შოთაძის კარიერა დაასრულოს?
_ გენერალურ პროკურორს ამ სტატუსით მეორედ უწევს ბეწვის ხიდზე გავლა, ე.წ. ხორავას ქუჩის საქმის შემდეგ. მინდა იმედი მქონდეს, რომ ის შეძლებს ამ ხიდზე გავლას. ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ სრულად ვიზიარებ და ვუსამძიმრებ შაქარაშვილის ოჯახს. აქ ყველა სიტყვა უფასურდება..

შეგახსენებთ, რომ 18 ივნისის ღამეს, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელსაც გიორგი შაქარაშვილი და ხუთი ახალგაზრდა, გაერიდა. თბილისისკენ ფეხით მიმავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე წამოეწია დაპირისპირებაში ჩართული რამდენიმე ახალგაზრდა თბილისიდან დასახმარებლად ჩასული ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად. რკინის ხელკეტებით შეიარაღებული პირები გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას გაუჩინარდა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება უკვე 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

„პროგრესნიუსი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close