პოლიტიკა

“რაც ახლა ხდება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს კატეგორიულად მიუღებელია, ამორალურია”

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ხდება ტრაგედიით სპეკულირება და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, რაც ამორალურია. საკიხის კომენტირებისას პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ   თუ გამოძიების დასრულების შემდეგ გამოიკვეთა, რომ გამოძიებაში ჩართულმა რომელიმე პირმა შესაბამისად არ შეასრულა თავისი მოვალეობა, ამაზე ცალკე გამოძიება უნდა დაიწყოს.

„როდესაც მე ვსაუბრობ, რომ პოლიტიკურ შეფერილობას, სამწუხაროდ, იძენს ჩვენს ცხოვრებაში ტრაგიკული შემთხვევები, სწორედ ამას ვგულისხმობ. მეგობრებო, მიმდინარეობს გამოძიება. თუ კითხვები მიჩნდება მე ამ კითხვებს ვუსვამ ჩემს კოლეგებს და ეს არ არის ის კითხვები, რომლებიც სანამ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ ცხელია და სანამ გამოძიების პროცესი არ დასრულებულა, საჯაროდ გამოვიტანოთ. ჩვენი ამოცანაა ახლა, ყველამ ხელი შევუწყოთ გამოძიებას. გამოძიება რომ დასრულდება და გამოძიების შედეგი რომ იქნება, შემდგომ შეიძლება უკვე ამ გამოძიების ყველა მხრიდან შეფასება, მაგრამ ის რაც ახლა ხდება, სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. არასამართლიანი კი არა, ამორალურია ეს ყველაფერი. ყველანაირ ფასეულებებს მიღმაა,“– განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close