Slider

დაგვიბრუნეთ მამა! – რატომ დაიჭირეს მარტოხელა, მრავალშვილიანი მამა, რომელიც ქუჩაში კონფლიქტს შეესწრო?

„როცა მილიონების მომპარავი და ქვეყნის დამაქცევარი პოლიტიკოსები გარეთ არიან და მარტოხელა, მრავალშვილიან მამას არაფრის გამო იჭერ, სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ააშენებ!“

როგორ აღმოჩნდა საპატიმროში ოთხი შვილის მარტოხელა მამა, რომელიც შემთხვევით, ქუჩაში კონფლიქტს შეესწრო? აჭარაში მომხდარი ერთი შეხედვით, დაუჯერებელი შემთხვევის შესახებ „პროგრესნიუსს“ „ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირის“ ლიდერი თამარ დადიანი ესაუბრა:

– საქართველოში უკვე ათეული წლებია, ერთი მანკიერი ტენდენცია შეინიშნება –  ის, რაც პოლიტიკოსს, მაღალჩინოსანს და მდიდარ ადამიანს ეპატიება, რიგითი ადამიანისთვის შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. შემთხვევა, რომელზეც გიამბობთ, ამის ნათელი მაგალითია. რამდენიმე თვის წინ, აჭარაში მოხდა ახალგაზრდების ჩხუბი, რომელსაც შემთხვევითი გამვლელი, მარტოხელა, მრავალშვილიანი მამა შეესწრო. ამ ადამიანს სეირის ყურება არ დაუწყია.. უბედურება რომ არ მომხდარიყო, იყვირა და ახალგაზრდებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. საბედნიეროდ, კონფლიქტი მშვიდობიანად დამთავრდა და არავინ დაზარალებულა. ადგილზე მოსულმა პოლიციამ ეს მრავალშვილიანი მამა მოწმის სახით, დაკითხვაზე გამოიძახა.  სავარაუდოდ, დაბნეულობის და ძლიერი ემოციური ფონის გამო, ამ კაცმა პოლიციაში არასწორი ჩვენება მისცა, რომელიც მოგვიანებით, შეცვალა და მის წინააღმდეგ სისიხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გარკვეული მოსაზრების გამო, ამ ადამიანის ვინაობას საჯაროდ არ გავამხელ და პირობითად, გიორგის ვუწოდებ. საქმე ის გახლავთ, რომ გიორგის ოჯახი ძალიან მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. ეს ადამიანი ოთხ მცირეწლოვან შვილს  მარტო ზრდის. გიორგის მოხუცი დედა ფაქტობრივად, ლოგინიდან ვერ დგება და ახალგაზრდა კაცი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. ბუნებრივია, ასეთი მძიმე კატეგორიის ოჯახმა გიორგისთვის ადვოკატის დაქირავება ვერ შეძლო. არ ვიცი, როგორ იმუშავა სახაზინო წესით დაქირავებულმა ადვოკატმა, მაგრამ ფაქტია, რომ მარტოხელა, მრავალშვილიან მამას წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
_ კონფლიქტში მონაწილე პირებს რა სასჯელი ერგოთ?
_ არანაირი, რადგან არავინ დაზარალებულა.. არავინ, გიორგის გარდა..
ამ საქმემ ყველა ინსტანცია გაიარა, მაგრამ კაცი პატიმრობაში რჩება. გამოდის, რომ მოჩხუბრებს პატრონი გამოუჩნდათ და თავისუფლად არიან და კონფლიქტის შემთხვევითი მოწმე დაჭერილია. არც ის გაითვალისწინეს, რომ ახალგაზრდა კაცი უდედოდ დარჩენილ ოთხ ბავშვს ზრდის და არც ის, რომ ჰყავს ლოგინად ჩავარდნილი მოხუცი დედა, რომელსაც გადაადგილება არ შეუძლია.
_ ბავშვების დედა სად არის?
_ როგორც ვიცი, მას დედობის უფლება სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუჩერდა და შვილებთან ურთიერთობა არ აქვს. შესაბამისად, მამა 4  მცირეწლოვანის ერთადერთი აღმზრდელი და  მარჩენალია. ბავშვები იბრძვიან, რომ მამა დაიბრუნონ. გიორგის უფროსი შვილი 16 წლისაა, ყველაზე პატარა კი 10 წლის. ამ ასაკის ბავშვებს რა შეუძლიათ, მაგრამ მაინც ცდილობენ, რომ მამა დაიბრუნონ და ჩვენ ამაში ყველანაირად დავეხმარებით.
_ ამის გაკეთებას როგორ აპირებთ?
_ გიორგის ოჯახი რეგიონში ცხოვრობს და მუნიციპალიტეტს გადავუგზავნეთ საქმე, რომ ოჯახს სოციალური დახმარება დაენიშნოს და მარტო დარჩენილ ბავშვებს პურის ფული მაინც ჰქონდეთ. ამის გარდა, სახელმწიფოს შეუძლია ოჯახს პროდუქტებით დაეხმაროს. ჩვენ ხაზგასმით მოვითხოვთ, რომ ოჯახში მისულმა სოცაგენტმა ბავშვებს თავშესაფარში გადაყვანა არ შესთავაზოს. ამაზე განსაკუთრებულად მტკივნეულად რეაგირებენ. „პროგრესნიუსმა“ ცოტა ხნის წინ  გააშუქა ოთხშვილიანი დედის ამბავი, რომელიც ქმრის ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ ღია ცის ქვეშ დარჩა და მიტოვებულ შენობას შეაფარა თავი. წარმოიდგინეთ, დედას, რომელსაც შვილების  კეთილდღეობისთვის თავი აქვს გადადებული, გამომძიებელმა უთხრა – ამ გომურში რომ გადაგყავთ ბავშვები, საერთოდ ჩამოგართმევთო. ხედავთ,  რა დამოკიდებულებაა?  ეს მშობლები ხელმოკლეობის გამო, შვილებს არ ტოვებენ, მათი უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან და დახმარების მაგივრად, სახელმწიფოს რა უფლება აქვს, რომ ტერორის ქვეშ მოაქციოს?
რაც შეეხება გიორგის საქმეს, ჩვენი ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს, რომ მარტოხელა მამა ხელმოკლეობის გამო არ დაიჩაგროს. მოსამართლე საქმეში უფრო კარგად უნდა გარკვეულიყო და მეტი ჰუმანიზმი უნდა გამოეჩინა.  მით უმეტეს, მსხვერპლი და დაზარალებული არ არსებობს. კონფლიქტის მომსწრე ადამიანმა გულგრილად არ ჩაიარა, იყვირა, რომ უბედურება არ მომხდარიყო და კონფლიქტის მონაწილეები გაუშვეს და ის დაიჭირეს. ამის შემდეგ ვინმეს ასეთ კონფლიქტებში ჩარევის სურვილი ექნება? რას ვეუბნებით ადამიანებს, ახალგაზრდების ჩხუბს რომ ნახავთ, არ ჩაერიოთ და ჩუმად გაიარეთო?
როცა მილიონების მომპარავი და ქვეყნის დამაქცევარი პოლიტიკოსები გარეთ არიან და მარტოხელა, მრავალშვილიან მამას არაფრის გამო იჭერ, სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ ააშენებ. ადამიანების ასე დაყოფა და დახარისხება არ შეიძლება! ქვეყნის ასე ცხოვრება დაუშვებელია!

„პროგრესნიუსი“

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close