პოლიტიკა

„დავით ჭაკუას არ ვიცნობ, ციხის ტერიტორიაზე არასდროს ვყოფილვარ და ბუნტის დროს იქ არ ვიყავი“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით გერმანიიდან ექსტრადირებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარე დავით ჭაკუას პირადად არ იცნობს.

„მე არ ვიცნობ, მაგრამ ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვქონდა, წინა ხელისუფლებას პენიტენციურ სისტემაში, დაკავშირებული იყო არა ერთ ბიუროკრატთან, არამედ ჩვენს პოლიტიკურ ჩავარდნასთან მთლიანად, მთელი გუნდის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ბოკერიას თქმით, ჭაკუა არ წარმოადგენდა პოლიტიკურ ფიგურას.

„ჩვენი, ჩემი და ყველა პოლიტიკური ლიდერის პასუხისმგებლობა იყო, რომ ამ სისტემაში შესაძლებელი იყო ადამიანის უფლებების ასეთი დარღვევები“, – აღნიშნა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ ელენე თევდორაძის მიერ მედიით გაკეთებულ ერთ-ერთ განცხადებაზე ბოკერიას კომენტარით, რომლის თანახმადაც, ე.წ. 2006 წლის „ციხის ბუნტის“ დროს ის საპატიმროში იყო, ბაჩო ახალაიასთან ერთად კაბინეტში იმყოფებოდა და იქიდან მათი გამოსვლის შემდეგ, სროლა დაიწყო.

„მოსმენილი მაქვს ქალბატონი ელენეს განცხადება და არის მტკნარი სიცრუე, როგორც ყოველთვის, იმ ხალხის მხრიდან, რომელიც მერე პოლიტიკურად აყვა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამ ტალღას, სამწუხაროდ.

ციხეში შიგნით არასოდეს ვყოფილვარ, მათ შორის, არც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ციხის ტერიტორიაზე არ ვყოფილვარ არასდროს. ბუნტის დროს, რა თქმა უნდა, არ ვყოფილვარ იქ“, – აცხადებს ბოკერია.

ბოკერია კატეგორიულად უარყოფს, რომ ციხეში გასროლაზე გადაწყვეტილების მიღებაში იღებდა მონაწილეობას.

„არა, მტკნარი სიცრუეა, რომ რაიმე გადაწყვეტილებაში მე ან ნებისმიერმა სხვა ფიგურამ, რომელსაც პოლიტიკური წონა ჰქონდა, მაგრამ არაფორმალური ძალაუფლება, მიიღო გადაწყვეტილება. თავისთავად, ნებისმიერ ციხეში ბუნტი პრობლემატური ვითარებაა და ორგანიზებული დანაშაულის მიერ კონტროლის დაშვება ციხეში არის კატეგორიულად მიუღებელი. ოღონდ, როდესაც ამას ებრძვი, არ უნდა მიიღო ის ვითარება, რაც ჩვენ მერე მივიღეთ, როდესაც თვითონ ადმინისტრაცია იყო უკონტროლო, ეს არის ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – აცხადებს ბოკერია.

ბოკერიას თქმით, საფრთხე რეალური იყო, „იყო საჯარო ბუნტი, დაუმორჩილებლობა და საკითხავია, გადაჭარბებული ძალა იქნა თუ არა გამოყენებული“.

„შესაძლოა, იყო, რადგან მსხვერპლი მოყვა, მაგრამ ასეთ რაღაცებზე თუ ვინმეს ბრალს უყენებ, უნდა სამართლიანი სასამართლო გქონდეს, რომ რაიმე პიარისთვის კი არ გააკეთო, რეალურად შეიძლებოდეს გარკვევა. ამიტომ არის საჭირო სამართლიანი სასამართლო ყველა ადამიანის მიმართ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მძიმე ბრალდებას უყენებ და ჩვენს პირობებში ივანიშვილი და მისი პროპაგანდისტული ორგანოები ამ ყველაფერს იყენებენ მხოლოდ პოლიტიკური პიარისთვის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

1tv.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close