სამართალი

რა საქმეებშია ბრალდებული დავით ჭაკუა საქართველოში

გერმანიამ წამებისთვის ძებნილი, სად-ის ყოფილი უფროსის ქართული მართლმსაჯულებისთვის გადმოცემის გადაწყვეტილება მიიღო. მისი საქართველოში ექსტრადირება, სავარაუდოდ, დღეს მოხდება.

44 წლის დავით ჭაკუა არაერთ მძიმე დანაშაულშია ბრალდებული. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელ უფროსს ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირება, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.

ამ საქმეზე დავით ჭაკუას მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და წამების ბრალი დაუმტკიცდა, საბოლოო სასჯელად კი, სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

იუსტიციის ყოფილ მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ჭაკუას ბრალად ედება პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება; სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია და მოწმეზე ძალადობა.

პროკურატურის განცხადებით, 2012 წლის 17 სექტემბერს ზურაბ ადეიშვილმა ციხის სკანდალური კადრების გავრცელებამდე, სწორედ ჭაკუას დაავალა გლდანის ციხეში წინასწარ შერჩეული პატიმრების მიმართ დამცირების, წამების, ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ორგანიზება და ამ ფაქტის ვიდეოგადაღება, რათა სკანდალური კადრების მოსალოდნელ გავრცელებამდე საზოგადოებას შექმნოდა აზრი, რომ ისინი დაკვეთით იყო გადაღებული.

დავით ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან ერთად,რომელსაც მაშინ თავდაცვის მინისტრის პოსტი ეკავა, ბრალი ასევე ედება 2011 წლის 13 სექტემბერს, ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ცემაში.

მას ცემაში ადანაშაულებს ასევე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი მდივანი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი ქიტოშვილიც. მისი თქმით, 2007 წლის ოქტომბერში ჭაკუამ და კუდ-ის მაშინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ იგი ჯერ სცემეს, შემდეგ კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მიაცემინეს. დავით ჭაკუა ძებნილად 2013 წელს გამოცხადდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close